სეზონის მატჩი ჩიკაგოში

168:161 – ასეთი საოცარი შედეგით დასრულდა წუხანდელი თამაში, რომელშიც ჩიკაგო ბულსმა ატლანტა ჰოქსს სძლია. გამარჯვებულის გამოსავლენად 4-ჯერ დაინიშნა დამატებითი დრო!

4 პერიოდის შემდეგ ანგარიში 124:124 იყო. I ოვერტაიმში მეტოქეებმა 16:16 ითამაშეს, შემდეგ 7:7, რასაც 8:8 მოჰყვა, ბოლოს კი ხარებმა იძალეს – 13:8!

NBA-ის ისტორიაში ეს მე-3 ყველაზე შედეგიანი მატჩია (ცხადია, ყველა ვარსკვლავის შედეგები არ იგულისხმება): 1983 წელს დეტროიტ პისტონსმა და დენვერ ნაგეთსმა 186:184 ითამაშეს, 1982 წელს კი სან ანტონიო სფერზმა 171:166 სძლია მილუოკი ბაქსს.

ჩიკაგოელთა ახალგაზრდა ვარსკვლავმა ზაკ ლევინმა 47 ქულა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, მოხსნებში კი საუკეთესო იყო ლაური მარკანენი – 17. ლევინის დარად, 49 ქულა დააგროვა ატლანტელთა მთავარმა მექულე ტრეი იანგმა, რომლის აქტივში 16 შედეგიანი გადაცემას ჩაიწერა. მანვე 8 მოხსნა მიითვალა.

იანგმა, ვინც ლიგის დებიუტანტი გახლავთ, ზედიზედ მე-3 შეხვედრაში მოაგროვა 30 და მეტი ქულა, ასეთი რამ კი ლიგის ისტორიაში მხოლოდ 3-მა დებიუტანტმა შეძლო: მაიკლ ჯორდანმა, დევიდ რობინსონმა და ალენ აივერსონმა!

42 წლის ვინს კარტერმა 44:53 წუთი დაჰყო პარკეტზე. 13 ქულა, 7 მოხსნა, თითო შედეგიანი გადაცემა, ჩაჭრა და ბლოკი – ასეთია ვეტერანის სტატისტიკა.

საოცარი გამარჯვების მიუხედავად, ჩიკაგო კვლავ ფლეი-ოფის ზონის მიღმაა – 63 შეხვედრაში მხოლოდ 18 მოგებით გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში XIII ადგილზეა. ატლანტა 21 გამარჯვებითა და 42 მარცხით ჩიკაგოელთა წინაა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 2 მარტი)

ka_GEGeorgian