ენიო მორიკონე 1928-2020

80-ების შუაში მეზობლებმა ვიდეომაგნიტოფონი ელექტრონიკა საზიაროდ იყიდეს და „ერთხელ ამერიკაში“ პირველად მაშინ ვნახე. ფილმის სიუჟეტზე უფრო მუსიკა დამამახსოვრდა.

ასე გავიცანი ენიო მორიკონე, რომლის შემოქმედება 90-იან წლებში, უცნაურია, მაგრამ ბევრი თბილისური პანაშვიდის და გასვენების საუნდტრეკად იქცა. ერთმა აწ გარდაცვლილმა უბნელმა, მახსოვს, დაიბარა კიდეც: რო მოვკვდები, პანაშვიდზე მორიკონე ჩართეთო…

ადნაჟდი ვამერიკეს მერე სერჯიო ლეონეს ახლა უკვე კლასიკად აღიარებული სპაგეტი ვესტერნები ვნახე და იქ მორიკონეს არანაკლები შედევრები აღმოვაჩინე.

გენიოსი იტალიელის მართლა ზღაპრული ნაწარმოებებით 90-ებში ისეთი გადარეული ვიყავი, ძმაკაცებმა მარჯანიშვილის მეტროსთან, კასეტების ჩამწერ სტუდიაში ეგრეთ წოდებული სბორნიკი გააკეთებინეს და დაბადების დღეზე მაჩუქეს.

„მორიკონე – ზი ბესთ“, ასე აწერია კასეტას, რომელსაც დღემდე ვინახავ.

ჩემი ბავშვობის სუპერპოპულარული ტელესერიალი ლა პიოვრა- რვაფეხა…

სიცილიური კლანი…

ორნი ქალაქში…

პროფესიონალი…

მალენა…

არაერთი ფილმის ჩამოთვლა შეიძლება, რომელიც მაესტრომ დაამშვენა, მაგრამ ჩემთვის მისი შემოქმედების მწვერვალი „ახალი კინოთეატრი პარადიზო“ და მისი ბოლო საუნდტრეკია, რომელსაც მშვიდად ვერასდროს ვუყურებ.

დღეს ენიო მორიკონე გარდაიცვალა.

გული მწყდება, რომ ეს ბუმბერაზი იტალიელი საქართველოს მხოლოდ ერთხელ, 2018 წლის მაისში ეწვია.

ეს ფოტო მე და ნინომ სწორედ მაშინ გადავიღეთ, შეკვეთილში, იმ დაუვიწყარი კონცერტის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე.

ლაშა გოდუაძე
2020 წლის 6 ივლისი

ka_GEGeorgian