ევროპის I თამაშები: ბაქო 2015 დღეს საზეიმოდ გაიხსნება

2015 წლის 12 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში განსაკუთრებულია – ევროპის I თამაშები სწორედ დღეს დაიწყება! ბაქო 2015-ის გახსნის საზეიმო ცერემონიალს სპეციალურად ამ შეჯიბრისთვის აგებული ოლიმპიური სტადიონი უმასპინძლებს.

აზერბაიჯანის დედაქალაქის გარეუბანში წამოჭიმულ ამ შესანიშნავ სპორტულ არენაზე, ასევე თამაშების გახსნის ცერემონიალზე ქვემოთ გეტყვით, ბაქოში გატარებულ პირველ დღეზე თხრობას კი ათლეტთა და მედიასოფლით დავიწყებ, სადაც ჩვენი გუნდი და ჟურნალისტთა ნაკრები გუშინ, 11 ივნისს, შუადღისას დაბინავდა.

„თითოეულ თქვენგანს წარმატებას ვუსურვებ. ბაქო 2015 ისტორიული თამაშებია და დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ გულშემატკივრების გახარებას“! – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც აზერბაიჯანის დედაქალაქს შუადღით, მთავრობის წევრებთან ერთად ეწვია. ოფიციალური დელეგაციის პატივსაცემად, ბაქოს აეროპორტში საქართველოს სახელმწიფო დროშა ფრიალებდა.

ქართველ სპორტსმენებთან ერთად ქვეყნის მეთაურს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს მინისტრთა კაბინეტის წევრები, ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც თან ახლდნენ. ათლეტთა სოფელში იყვნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მესვეურები: პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტი და ამავდროულად, ბაქო 2015-ის მონაწილე ნინო სალუქვაძე და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

საქართველოს დელეგაციას გაუმარჯოს! – ჩვენი გუნდის ექიმის ზურაბ კახაბრიშვილის ამ შეძახილით და სამახსოვრო ფოტოებით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა. საგულისხმოა, რომ ქვეყნის მეთაური და სპორტსმენები იტალიის გუნდის საცხოვრებელი კორპუსის წინ შეხვდნენ, გასაგები მიზეზების გამო კი ვიცე-პრემიერი კალაძე აპენინელი მწვრთნელების და სპორტსმენების ყურადღების ცენტრში მოექცა – მილანის ყოფილმა ვარსკვლავმა არაერთ მათგანთან სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

მალე ათლეტთა სოფლის შუაგულში თითქმის ყველა გუნდი შეიკრიბა: საზეიმო მიღებას ეროვნული ცეკვები და ელექტრონული მუსიკის მიქსი მიეძღვნა, იქვე, ორი კორპუსის გვერდით, მედიასოფელში კი ჟურნალისტებს ბაქო 2015-ის აკრედიტაციები და თამაშების ლოგოთი დამშვენებული საჩუქრები გადმოგვცეს, ამასთანავე, ყველა მსურველმა საზეიმო გახსნის ცერემონიალის ბილეთი მიიღო.

„გვინდა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, თუ რა შეუძლია ერთობას. მჯერა ჩემი ხალხის და დარწმუნებული ვარ, თამაშები, რომლის ჩატარების პატივიც ახლა გვერგო, ძალიან წარმატებულად ჩაივლის და ოქროს ასოებით ჩაიწერება მსოფლიო სპორტის ისტორიაში“! – ეს სიტყვები აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2012 წელს თქვა, როცა მისმა სამშობლომ ევროპის I თამაშების მასპინძლობის საპატიო უფლება მიიღო.

იმ დროს ოლიმპიური სტადიონის მშენებლობა ერთი წლის დაწყებული იყო, დღეს კი ნაგებობა, რომელიც ბაქოს ისტორიული ცენტრისგან მოშორებით და ახალ საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მდებარეობს, ერთ-ერთი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში. სხვათა შორის, ოლიმპიური სტადიონის საძირკვლის გაჭრას, ისევე, როგორც გახსნის საზეიმო ცერემონიალს ფიფას აწ უკვე ექს-პრეზიდენტი იოზეფ ბლატერიც დაესწრო.

ოლიმპიური სტადიონი თანამედროვე ბაქოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, ასეთი კი აზერბაიჯანის მზარდ და ლამაზ დედაქალაქს უკვე არაერთი აქვს. მათ შორის თანამედროვე სპორტული არენები, რომლითაც ბაქო რეგიონში აშკარად გამოირჩევა. მათ შესახებ, ვეცდები, მომდევნო წერილებში გაიმბოთ.

XX საუკუნის დასაწყისში ბეიუკ-შორის ტბის აღმოსავლეთ ნაპირზე, იქ, სადაც ახლა ოლიმპიური სტადიონია, გადამუშავებული ნავთობის ნარჩენებს სპეციალურ რეზერვუარებში მარხავდნენ. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ხრიოკი და უნაყოფო ადგილი ახალი ბაქოს ერთ-ერთი თანამედროვე, ლამაზი და მჭიდროდ დასახლებული უბანი გახდებოდა. დღეს ოლიმპიურ სტადიონს გარს აკრავს რამდენიმე ჰექტარზე გადაჭიმული დასასვენებელი პარკი, ასევე შესანიშნავად დაპროექტებული და აგებული ათლეტთა და მედიასოფლები – ბაქო 2015-ის დასრულების შემდეგ ეს მაღალსართულიანი კორპუსები ახალ მაცხოვრებლებს მიიღებს.

სხვა რა გითხრათ? ბაქო 2015-ის გახსნის საზეიმო ცერემონი თბილისის დროით 19.15 საათზე დაიწყება. ევროპული I თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, აზერბაიჯანის პირველმა ლედიმ მეჰრიბა ალიევამ თეატრალური წარმოდგენის დადგმა ახალგაზრდა და თამამ ბერძენ რეჟისორს, ქორეოგრაფსა და მხატვარს დიმიტრის პაპაიოანუს მიანდო.

2004 წელს, როცა პაპაიოანუს ათენის ოლიმპიური თამაშების გახსნა ანდეს, მან გამოცდა დიდებულად ჩააბარა. დღეს რას იზამს, ამას მალე ყველა ერთად ვნახავთ.

ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 11 ივნისი)
ფოტო:
ლაშა გოდუაძე

ka_GEGeorgian