ლაღი ფეხბურთის წლები
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი – ლაღი ფეხბურთის წლები – წარუდგინა.
ეს გამოცემა პირველი ტომია 4-ტომეულისა, რომელსაც ქართული ფეხბურთის საუკუნე ეწოდება და რომლის დანარჩენი ნაწილები მომდევნო წლებში გამოიცემა.
ქართული ფეხბურთის საუკუნე ჟურნალ ათიანის გამომცემლის და მთავარი რედაქტორის გია გორგოძის საავტორო პროექტია. 4-ტომეული მიზნად ისახავს ჩვენი ფეხბურთის ისტორიის შეჯამებას და საუკეთესო წერილების თავმოყრას.
I ტომი – ლაღი ფეხბურთის წლები, სხვადასხვა ავტორების მიერ პერიოდულ პრესასა თუ წიგნებში გამოქვეყნებულ წერილებს აერთიანებს გამოჩენილ ფეხბურთელებზე, გუნდებზე და თანამედროვე ქომაგებისთვის ნაკლებადცნობილ მოვლენებზე.
პრეზენტაციას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, თბილისის დინამოს ვეტერანები ვლადიმერ გუცაევი და ოთარ გაბელია, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, ვეტერანი გულშემატკივრები და სპორტის მოღვაწეები დაესწრნენ.
პროექტის ავტორი და წიგნის შემდგენელი გია გორგოძე სტუმრებს ქართული ფეხბურთის წარსულზე, სამუშაო პროცესსა და მომავალ გეგმებზე ესაუბრა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა კი განაცხადა: „საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ წელს არაერთი კარგი გამოცემით გაგვახარა და ეს წიგნიც, რომელიც პირველი ნაწილია 4-ტომეულისა, ბოლო ასეთი გამოცემაა. ლაღი ფეხბურთის წლები – ასე ეწოდება ამ გამოცემას, რომელმაც ქომაგებს ლეგენდარული მატჩები, დიდებული ვარსკვლავები და ქართული ფეხბურთის ბევრი ლამაზი ეპიზოდი უნდა შეახსენოს. ჩვენ ფეხბურთს უდავოდ სჭირდება ასეთი გამოცემები და მიხარია, რომ ჟურნალისტთა ასოციაციამ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით წელს ასეთი მშვენიერი პროექტები განახორციელა“!
ლაშა გოდუაძე (www.msy.gov.ge; 2017 წლის 15 ნოემბერი)
ფოტო: www.msy.gov.ge