WADA: რუსები, შესაძლოა, ყველა სპორტიდან მოკვეთონ

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო – WADA – აცხადებს, რომ მოსკოვის ლაბორატორიიდან მიღებული მონაცემები არასრული და შეცვლილია, რის გამოც რუსული სპორტი, შესაძლოა, არნახულად დაისაჯოს.

სააგენტო ერთი წლის წინ ცდილობდა სათანადო საბუთების მიღებას, რათა ერთხელ და სამუდამოდ გარკვეულიყო კონკრეტული სპორტის სახეობების ფედერაციების ბრალეულობა-უდანაშაულობის საკითხი.

რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი დიდხანს აფერხებდა მოსკოვის ლაბორატორიის მონაცემების WADA-ში გადაგზავნას, თებერვალში, როგორც იქნა, პროცესი დაიწყო, ახლა კი აღმოჩნდა, რომ რუსების მიერ მიწოდებული დოკუმენტები თუ სინჯები დიდწილად გაყალბებულია.

რუსეთის ხელისუფლების შესაბამისი ეშელონებით მხარდაჭერილი საიდუმლო პროგრამის შესახებ WADA-მ რამდენიმე წლის წინ განაცხადა და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს რუსეთის გუნდის რიოს ოლიმპიადიდან მოკვეთა ურჩია.

სოკმა WADA-ს რჩევა მაშინ არ გაითვალისწინა, თუმცა შარშან, პიონჩანის ოლიმპიადაზე რუსეთის გუნდს ასპარეზობის უფლება არ დართო, ამავდროულად, დაისაჯა რუსეთის მძლეოსნობის და საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაციებიც, რის გამოც გუნდებმა ხსენებული სახეობების მსოფლიო ჩემპიონატებზე ვერ იასპარეზეს.

„მონაცემები შეცვლილი ან წაშლილია“, – განაცხადა WADA-ს მაღალჩინოსანმა ჯონათან ტეილორმა BBC-თან საუბარში – „ჩვენ მოვითხოვთ რუსეთის სპორტის მესვეურებმა სასწრაფოდ გაგვცენ ყველა კითხვაზე პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში მივმართავთ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რათა რუსი სპორტსმენები და გუნდები ოლიმპიური თამაშებიდან, ასევე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიდან მოიკვეთონ“.

ტეილორი იმასაც აცხადებს, რომ რუს ათლეტებთან და დოპინგთან დაკავშირებული 47 საქმე, რომელიც ძიების პროცესშია, დასასრული არაა და შესაძლოა, ეჭვმიტანილების რაოდენობა გაიზარდოს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 სექტემბერი)

ka_GEGeorgian