სან სირო ერთია, პროექტი – ორი

იტალიის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო არენის სან სიროს 2 ახალი პროექტი დღეს დილით სტუდიებმა მანიკა/სპორტიუმმა და პოპულუსმა წარადგინეს. ცნობილია, რომ მილანი და ინტერი ერთობლივად გეგმავენ სტადიონის განახლებას.

მანიკა/სპორტიუმის პროექტი ტრიბუნების სრულ გადახურვას და გულშემატკივართა დასაჯდომი ადგილების მინდორთან მაქსიმალურად მიახლოებას ითვალისწინებს. ტევადობის გაზრდის ან შემცირების თაობაზე დღეს არაფერი თქმულა.

პოპულუსის პროექტი ქალაქის მთავარი ტაძრის დუომოს ელემენტებითაა გაჯერებული. კომპანიის დიზაინერებმა ისიც განაცხადეს, რომ მატჩის დღეები სტადიონის გარე ფასადი მილანის (წითელი) და ინტერის (ლურჯი) ფერებში განათდება.

ორივე პროექტი მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებას და დასასვენებელ ზონად ქცევასაც ითვალისწინებს.

სან სირო, იგივე ჯუზეპე მეაცას სახელობის სარბიელი 1925 წელს აშენდა, თუმცა ახლანდელი იერი 1989 წელს, მსოფლიოს 1990 წლის ჩემპიონატის წინ მიიღო. მას შემდეგ შენობის რეკონსტრუქცია არ ჩატარებულა.

სან სიროს 80 074 გულშემატკივარს იტევს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 26 სექტემბერი)

ka_GEGeorgian