ლონდონი 2012: 3 აგვისტო

გუშინდელი ამბების შემდეგ თუ ვინმე კიდევ იტყვის, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთთან არ უნდა დავაკავშიროთ, ქართველი ძიუდოისტის ბეთქილ შუკვანის ამბავი შეახსენეთ.

არ ვაპირებ იმის გარკვევას, არის თუ არა შუკვანი მართალი ან ქართული სპორტის მაღალჩინოსნები – დამნაშავენი. ამას დრო გვიჩვენებს. უბრალოდ, ფაქტებს შეგახსენებთ, იმას, თუ როგორ დაიწყო ქართული სპორტის კიდევ ერთი სამარცხვინო ამბავი.

2 აგვისტოს, დილით, ქართული საინფორმაციო სააგენტოებით გავრცელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ბრიფინგის კადრები, სადაც ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანიც გამოჩნდა. სპორტსმენი, რომელიც ყველას ლონდონში, ოლიმპიურ სოფელში ეგონა, ქართული სპორტის მაღალჩინოსნების მხრიდან ზეწოლაზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ იძულებული გახდა ლონდონიდან თბილისში მალულად დაბრუნებულიყო.

სასტუმროში ვიყავი, როცა შემატყობინეს, რომ ჩემთან ანგარიშსწორებას აპირებდნენ. სიტუაციის დაძაბვას მოვერიდე, ფანჯრიდან გადავხტი და ასე დავტოვე იქაურობა. საქართველოში დაბრუნებაში ლონდონში მყოფი ახლობლები დამეხმარნენ“, – განაცხადა შუკვანმა, რომელიც ოლიმპიადას მეორე წრეში გამოეთიშა. მისივე თქმით, ის მსაჯებმა დაჩაგრეს, დახმარება დარბაზში მყოფ ქართული სპორტის მაღალჩინოსნებს სთხოვა, თუმცა მათ ყურადღება არ მიაქციეს.

ამასობაში გაირკვა, რომ ლონდონში, თამაშებზე აკრედიტებულმა ქართველმა ჟურნალისტებმა შუკვანის ოლიმპიური სოფლიდან თბილისში დაბრუნების ამბავი არ იცოდნენ. ჟურნალისტთა თქმით, დელეგაციის ხელმძღვანელები მათ ეუბნებოდნენ, რომ ძიუდოისტი განცდილი მარცხის შემდეგ სასტუმროში, თავის ოთახში იყო ჩაკეტილი და გარეთ არ გადიოდა.

შუკვანის თბილისში უეცარი გამოჩენის შემდეგ, თამაშებზე მყოფ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელობა შუკვანთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას გააკეთებდა, საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ კი „ქართული ოცნების“ ბრიფინგის შემდეგ განაცხადა: სამინისტრო წუხს ლონდონის ოლიმპიადაზე ძიუდოისტ ბეთქილ შუკვანის წარუმატებელი გამოსვლის გამო და აცხადებს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად შეუწყო ხელი ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სპორტსმენს. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს სპორტსმენებს, რომ გამიჯნონ სპორტი და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა და საკუთარ სპორტულ წარმატებებს თუ წარუმატებლობას ნუ გამოიყენებენ იაფფასიანი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად“.

მოგვიანებით მომხდარს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ვლადიმერ ვარძელაშვილიც გამოეხმაურა: რადგან შუკვანი ასეთ განცხადებებს აკეთებს ჩვენს მიმართ, არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ ახლა ვიტყვი: გერმანიაში, საერთაშორისო ტურნირზე მან ერთერთ სპორტსმენთან ერთად მაღაზიიდან ნივთები მოიპარა, მაგრამ ხელი დავაფარე და არსად მითქვამს“…

შუკვანის ამბავთან დაკავშირებით გუშინ, 2 აგვისტოს მეტი არაფერი თქმულა. ეს სამარცხვინო შემთხვევა, რომელსაც ჩემი აზრით, შეუძლებელია მართალი მხარე ჰყავდეს, სავარაუდოდ, ჩვენი ოლიმპიური გუნდის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაგრძელდება. ახლა მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნაკრები, სადაც ასეთი ამბები ხდება, მარცხისთვისაა განწირული.

ჩვენი გუნდისთვის, განსაკუთრებით კი ძიუდოისტებისთვის, ოლიმპიადა არნახულად ცუდად გრძელდება, სხვებისთვის კი ოთხწლეულის მთავარი სპორტული ფორუმი, როგორც წესი და რიგია, თანამდევი დღესასწაულია.

მაგალითად ჩინელებისთვის, რომლებიც ლამის ყველა სახეობაში ოქროს მედლისთვის იბრძვიან. ვაჟთა შორის მაგიდის ჩოგბურთელმა ჟან ჟიკემ გუშინ ნანატრი ჩემპიონობა მოიპოვა. ერთეულთა ფინალში მან თანაგუნდელი ვან ჰაო 4:1 დაამარცხა და საკარიერო დიდი მუზარადიც მოიგო: მსოფლიო თასის და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლების შემდეგ ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდოთი დაიმშვენა მკერდი.

მაგიდის ჩოგბურთის ისტორიაში 22 წლის ჟიკე მხოლოდ მეოთხეა, ვინც „ოქროს წრე“ შეკრა: ჩინეთის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცის ლიუ გუოლიანის, კიდევ ერთი თანამემამულე კონ ლინხუის და ლეგენდარული შვედის იან-ოვე ვალდნერის ბრწყინვალე მიღწევა გაიმეორა. რაც შეეხება ფინალში ძლეულ ვან ჰაოს, მან ათენის და პეკინის ვერცხლის შემდეგ ლონდონის თამაშებიც მეორე ადგილზე დაასრულა…

მშვილდოსან გოგონათა ერთეულთა ტურნირი კორეელმა სპორტსმენმა მოიგო. ფინალში ბო ბაე კიმ მექსიკელი აიდა რომანი 6:2 დაამარცხა. ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული, პეკინის თამაშების გამოკლებით, ამ დისციპლინაში ოქროს მუდმივად კორეელები ეუფლებიან.

ამერიკის სახელით მოასპარეზე ქართველი მშვილდოსანი ხათუნა ლორიგი (ქვრივიშვილი) მესამე ადგილისთვის ბრძოლაში 2:6 დამარცხდა მეორე მექსიკელთან, მარიანა ავიტიასთან…

თუ ჩინელებს და კორეელებს საზეიმოდ აქვთ საქმე, იაპონიის ოლიმპიური გუნდის მთავარი ფავორიტი – ძიუდოისტთა ნაკრები კატასტროფის პირასაა: ძიუდოს სამშობლოს ვაჟთა გუნდს უკანასკნელი საშეჯიბრო დღის წინ ჯერ ოქრო არ აქვს!
გუშინ 100კგ-მდე წონით კატეგორიაში, სადაც ლევან ჟორჟოლიანი მეორე წრეში დამარცხდა, რუსმა ტაგირ ხაიბულაევმა იმარჯვა. 28 წლის ფალავნის ტრიუმფს ექსელის საჭიდაო დარბაზში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც დაესწრო.

დღეს ძიუდოს ასპარეზობები მთავრდება, მაგრამ ვეჭვობ, რომ იაპონელებმა ოქრო მოიგონ: გიგანტი ფრანგი ტედი რინერი გადის ტატამზე, მისი მთავარი მიზანი კი პეკინური ბრინჯაოს ოქროზე გადაცვლაა! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ამას შეძლებს.

რაც შეეხება თამაშების მასპინძელ დიდი ბრიტანეთის ნაკრებს, გუშინ მათთვის წარმატებული დღე იყო: ჩოგბურთელი ენდი მარი ნახევარფინალში გავიდა და ახლა ფინალის საგზურისთვის მსოფლიოს მეორე ჩოგანს სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეერკინება.

ორადგილიანი კანოეთი სლალომში კი ბრიტანელებმა ოქრო-ვერცხლი მოიპოვეს – ეტიენ სტოტი და ტიმ ბეილი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე შედგნენ, რიჩარდ ჰანსლოუს და დევიდ ფლორენსის წყვილი კი მეორე იყო. სიდნეის, ათენის და პეკინის ოლიმპიადების ჩემპიონები, სლოვაკი ტყუპები პავოლ და პეტერ ჰოხშორნერები ამჯერად ბრინჯაოთი „დაკმაყოფილდნენ“…

ფარიკაობაში რაპირისტთა გუნდური ასპარეზობის ფინალში იტალიის გოგონათა „ოცნების გუნდმა“ რუსეთს 45:31 სძლია. ტრიუმფატორთა სამივე წევრმა შაბათს, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქრო (ელიზა დი ფრანჩესკა), ვერცხლი (არიანა ერიგო) და ბრინჯაო (ვალენტინა ვეძალი) მოიგო და ცხადია, არც გუნდურში პირველობა გაუჭირდა…

2 აგვისტო კვლავ მოცურავეებმა დაასრულეს. საღამოს გათამაშებული 4 ოქროს მედლიდან 3 ამერიკის ნაკრებმა მოიგო. ბრასით 200 მეტრზე რებეკა სონიმ თავისივე მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებით იმარჯვა; მეორე ამერიკელმა ტაილერ კლერიმ ამავე დისტანციაზე გულაღმა ცურვაში იაპონელი რიოსუკე ირიე და ამერიკელთა ლიდერი, მესამე ადგილზე გასული რაიან ლოხტე დაამარცხა; ფელპსმა კი…

„ზვიგენმა“ გუშინ მე-16 ოლიმპიური ოქრო და მე-20 მედალი მოიგო! 200 მეტრი კომპლექსურით წუთსა და 54,27 წამში დაფარა – საკუთარ ოლიმპიურ რეკორდამდე 4 მეასედი დააკლდა! ფელპსი პირველი მოცურავე გახდა, რომელმაც ერთი დისციპლინა სამ ოლიმპიადაზე მოიგო!

„ამფიბიების“ წყალობით ამერიკელები, როგორც იქნა, ჩინელებს გაუტოლდნენ. ახლა ორივე გუნდის აქტივში 18-18 ოქროა. მაგრამ ოლიმპიურ სტადიონზე 27 ივლისს დანთებული ცეცხლი ჯერ ისევ გიზგიზებს და ცხადია, აღმოსავლეთის და დასავლეთის პაექრობაც გრძელდება.

 

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ტაბულა; 2012 წლის 3 აგვისტო)
ფოტო: თამაშების ოფიციალური ვებ-გვერდი olympic.org/london-2012

მედალოსნები: 2 აგვისტო
ველოსპორტი
ვაჟები – გუნდური სპრინტი
1.დიდი ბრიტანეთი (ფილიპ ჰინდესი, კრის ჰოი, ჯეისონ კენი) 42.600წმ (მსოფლიო რეკორდი)
2.საფრანგეთი (გრეგორი ბოჟე, მიშელ დ’ალმეიდა, კევინ სირო) – 43.013წმ
3.გერმანია (რენე ენდერსი, მაქსიმილიან ლევი, რობერტ ფიორსტემანი) – 43.209წმ
გოგონები – გუნდური სპრინტი
1.გერმანია (კრისტინა ვოგელი, მირიამ ველტე) – 32.798წმ
2.ჩინეთი (გონ ჟინჟიე, გუო შუანი) – 32.619წმ*
3.ავსტრალია (კაარლე მაკკალოჰი, ანა მეარესი) – 32.727წმ
*-ჩინეთის ნაკრებმა ფინალში საუკეთესო დრო აჩვენა, მაგრამ წესების დარღვევის გამო წაგება ჩაეთვალა

კაიაკი და კანოე
ვაჟები – ორადგილიანი კანოე, სლალომი
1.ტიმოთი ბეილი და ეტიენ სტოტი (დიდი ბრიტანეთი) – 106.41წმ
2.დევიდ ფლორენსი და რიჩარდ ჰანსლოუ (დიდი ბრიტანეთი) – 106.77წმ
3.პავოლ ჰოხშორნერი და პეტერ ჰოხშორნერი (სლოვაკეთი) – 108.28წმ
გოგონები – კაიაკი, სლალომი
1.ემილი ფერი (საფრანგეთი) – 105.90წმ
2.ჯესიკა ფოქსი (ავსტრალია) – 106.51წმ
3.მაიალენ ჩორო (ესპანეთი) – 106.87წმ

მაგიდის ჩოგბურთი
ვაჟები
1.ჟან ჟიკე (ჩინეთი)
2.ვან ჰაო (ჩინეთი)
3.დიმიტრი ოვჩაროვი (გერმანია)

მშვილდოსნობა
გოგონები
1.კი ბო-ბაე (სამხრეთი კორეა)
2.აიდა რომანი (მექსიკა)
3.მარიანა ავიტია (მექსიკა)

ნიჩბოსნობა
ვაჟები – ორადგილიანი წყვილმოსასმელიანი
1.ნათან კოენი და ჯოზეფ სალივანი (ახალი ზელანდია) – 6:31.67წთ
2.რომანო ბატისტი და ალესიო სარტორი (იტალია) – 6:32.80წთ
3.იზტოკ კოპი და ლუკა შპიკი (სლოვენია) – 6:34.35წთ
ვაჟები – ოთხადგილიანი წყვილმოსასმელიანი, მსუბუქი
1.ჯეიმს ტომპსონი, მეტიუ ბრიტეინი, ჯონ სმიტი და სიზვე ნდლოვუ (სამხრეთი აფრიკა) – 6:02.84წთ
2.პიტერ ჩემბერსი, რობ უილიამსი, რიჩარდ ჩემბერსი და კრის ბერტლი (დიდი ბრიტანეთი) – 6:03.09წთ
3.კასპერ უინთერი, მორტენ იორგენსენი, ჯეიკობ ბერსოე და ესკილდ ებესენი (დანია) – 6:03.16წთ
გოგონები – რვაადგილიანი ცალმოსასმელიანი
1.ერინ საფარო, სუზან ფრანსია, ესტერ ლოფგრენი, ტეილორ რიცელი, მეგან მუსნიკი, ელეანორ ლოგენი, ქეროლაინ ლინდი, ქერინ დევისი, მერი უაიფლი (აშშ) – 6:10.59წთ
2.ჯენინ ჰენსონი, რეიჩელ ვიინბერგი, კრისტა გულოიენი, ლორენ უილკინსონი, ნატალი მასტრაჩი, ეშლი ბრზოზოვიჩი, დარსი მარკორდტი, ენდრიენ მორინი, ლესლი ტომპსონ-უილი (კანადა) – 6:12.06წთ
3.ჟეკობინ ვეენჰუვენი, ნიენკე კინგმა, ჩანტალ ახტერბერგი, სიცკე დე გროოტი, როლინ რეპელერ ვან დრილი, კლაუდია ბელდერბოსი, ქერლინ ბოუვი, ანემიეკ დე ჰაანი, ენ სხელეკენსი (ნიდერლანდები) – 6:13.12წთ

სპორტული ტანვარჯიში
გოგონები – მრავალჭიდი
1.გებრიელ დუგლასი (აშშ) – 62.232 ქულა
2.ვიკტორია კომოვა (რუსეთი) – 61.973 ქულა
3.ალია მუსტაფინა (რუსეთი) – 59.566 ქულა

ტყვიის სროლა
ვაჟები – ორმაგი სანგარი
1.პეტერ უილსონი (დიდი ბრიტანეთი) – 188 ქულა
2.ჰაკან დალბი (შვედეთი) – 186 ქულა
3.ვასილი მოსინი (რუსეთი) – 185 ქულა

ფარიკაობა
გოგონები – რაპირა, გუნდური
1.იტალია (არიანა ერიგო, ელიზა დი ფრანჩისკა, ილარია სალვატორი, ვალენტინა ვეძალი)
2.რუსეთი (ინა დერიგლაზოვა, ლარისა კორობეინიკოვა, აიდა შანაევა, კამილა გაფურზიანოვა)
3.სამხრეთი კორეა (ნამ ჰიუნ-ჰეე, იეონ ჰე-სოოკი, იუნ ჟილ-ოკი, ო ჰა-ნა)

ცურვა
ვაჟები – გულაღმა, 200მ
1.ტაილერ კლერი (აშშ) – 1:53.41წთ (ოლიმპიური რეკორდი)
2.რიოსუკე ირიე (იაპონია) – 1:53.78წთ
3.რაიან ლოხტე (აშშ) – 1:53.94წთ
ვაჟები – კომპლექსური, 200მ
1.მაიკლ ფელპსი (აშშ) – 1:54.27წთ
2.რაიან ლოხტე (აშშ) – 1:54.90წთ
3.ლასლო ჩეხი (უნგრეთი) – 1:56.22წთ
გოგონები – თავისუფალი, 100მ
1.რანომი კრომოვიჯოჯო (ნიდერლანდები) – 53.00წმ (ოლიმპიური რეკორდი)
2.ალექსანდრა გერასიმენია (ბელარუსი) – 53.38წმ
3.ტან იუი (ჩინეთი) – 53.44წმ
გოგონები – ბრასი, 200მ
1.რებეკა სონი (აშშ) – 2:19.59წთ (მსოფლიო რეკორდი)
2.სატომი სუძუკი (იაპონია) – 2:20.72წთ
3.იულია ეფიმოვა (რუსეთი) – 2:20.92წთ

ძიუდო
ვაჟები – 100კგ
1.ტაგირ ხაიბულაევი (რუსეთი)
2.ნაიდანგიინ ტუვშინბაიარი (მონღოლეთი)
3.დიმიტრი პეტერსი (გერმანია) და ჰენკ გროლი (ნიდერლანდები)
*-ლევან ჟორჟოლიანი
1/32 – თავისუფალი იყო
1/16 – დანიელ ბრატა (რუმინეთი) – მოგება
1/8 – ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი) – მარცხი
გოგონები – 78კგ
1.კაილა ჰარისონი (აშშ)
2.ჯემა გიბონსი (დიდი ბრიტანეთი)
3.ოდრი ჩეუმეო (საფრანგეთი) და მაირა აგუიარი (ბრაზილია)

ka_GEGeorgian