მზერა მომავლისკენ: ბენელიგა!
„თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რამდენიმე წელიწადში ჩვენი ფეხბურთი უბრალოდ მოკვდება. პირდაპირი გაგებით არ ვამბობ, მაგრამ რადიკალური ცვლილების გარეშე ახლო მომავალში სულ უფრო გაგვიჭირდება გრანდებთან ბრძოლა. ხსნა ცვლილებაშია“.
ლიეჟის სტანდარდის პრეზიდენტი როლან დიუშატელე იმ იდეის მომხრეა, რომელსაც ნიდერლანდების და ბელგიის საფეხბურთო კავშირები იანვრიდან განიხილავენ.
საუბარია ამ ორი ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატების გაერთიანებაზე – ბენელიგის დაარსებაზე. ბელგიამ და ნიდერლანდებმა 2000 წელს წარმატებით უმასპინძლეს ევროპის ჩემპიონატს.
ამ ორი ქვეყნის ეროვნული პირველობის შერწყმაზე პირველად 2000-ების დასაწყისში დაიწერა, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია, წელს კი ამ ქვეყნების საფეხბურთო მაღალჩინოსნებმა კომპანია დელოიტი დაიქირავეს და სპეციალური კვლევა დაუკვეთეს პროექტის სიღრმისეულად შესასწავლად.
დელოიტის წარმომადგენლებმა ზაფხულში პირველი მონაცემები შეაჯამეს. ბრიუსელში გამართულ შეხვედრას ფეხბურთის ფედერაციების ხელმძღვანელების გარდა ორივე ქვეყნის ჩემპიონატების 10-10 კლუბის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. რამდენიმე დღის წინ მეორე შეხვედრა გაიმართა.
პროექტის მონახაზით, ბენელიგაში ბელგიისა და ნიდერლანდების 10-10 გუნდი ითამაშებს, მაგრამ ბოლო კვლევამ ისიც ცხადჰყო, რომ ბელგია 8 კლუბზეც თანახმაა. ფორმატი ტრადიციული, 2-წრიანი იქნება, მაჩანჩალების ადგილს კი შიდა პირველობიდან აღზევებული გუნდები დაიჭერენ. პროექტის მიხედვით, ბენელიგიდან 4 კლუბი გავარდება და ვთქვათ, თუ 3 ნიდერლანდური დაქვეითდა და 1 ბელგიური, შესაბამისად ამაღლდებიან კლუბებიც.
„იდეა საინტერესოა. ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ შორსაა ეს დღე. ვფიქრობ, 2-3 წელიწადში საბოლოოდ შევათანხმებთ ყველა საკითხს“, – აცხადებს ბრიუგეს პრეზიდენტი ბარტ ვერჰაგენი.
ახლო წარსულში ბელგია და ნიდერლანდები ერთიან ჩემპიონატს ატარებდნენ ქალ ფეხბურთელთათვის, მაგრამ იქ სხვა პრობლემებმა იჩინა თავი და ტურნირი 4 წელიწადში შეწყდა. სამაგიეროდ, წარმატებულია ხელბურთელთა და ჰოკეისტთა საერთო პირველობა, რომელიც თითქმის 10 წელია ტარდება.
„ჩემპიონატი მხოლოდ სპორტული კუთხით არ უნდა იყოს გამართლებული, მნიშვნელოვანია კომერციული მხარეც. ჩემი აზრით, საწყის ეტაპზე საერთო თასს თუ გავათამაშებთ, უკეთესი იქნება. პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები ასე უკეთ გამოჩნდება“, – ამბობს შარლერუას ხელმძღვანელი მეჰდი ბაიატი.
მნიშვნელოვანია უეფას პოზიციაც. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტს ალექსანდრ ჩეფერინს ოფიციალურად არაფერი უთქვამს, მაგრამ ცნობილია ვიცე-პრეზიდენტის გიის დე იონგის პოზიცია: „უეფა საერთო ლიგის წინააღმდეგი ვერ იქნება. ეს ქვეყნების ფედერაციების საქმეა. მთავარია, რომ წესები უეფას წესდებას შეესაბამებოდეს“.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 16 ნოემბერი)