კარიერა ფრაზებში #54: ნონა გაფრინდაშვილი
ნონა გაფრინდაშვილი მუდამ და ყველგან პირველი უნდა ყოფილიყო: პირველი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი 5-გზის მსოფლიოს ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის, ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი…
მან ქალთა ჭადრაკი არნახულ სიმაღლეზე აიყვანა, აგრძნობინა და დაანახა ყველას, რომ ქალებსაც ძალუძთ უმაღლეს დონეზე თამაში.
მისი გამოჩენისთანავე ცხადი გახდა, რომ მსოფლიოს ქალთა ჭადრაკს უნიჭიერესი მოთამაშე მოევლინა, რომლის დარიც მანამდე არავინ ყოფილა.
…იუგოსლავიის დაბა ვრნიაჩკა-ბანიაში, 1961 წლის პრეტენდენტთა ტურნირზე, ნონა გაფრინდაშვილი იუგოსლავიელ მოჭადრაკეს, მილუნკა ლაზარევიჩს ხვდებოდა. პარტიის მსვლელობისას, როცა დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია, დარბაზში მჯდომმა ცნობილმა საჭადრაკო თეორეტიკოსმა იგორ ბონდარევსკიმ თქვა: თუ ნონამ მეფით ითამაშა, კაცებში ოსტატობის კანდიდატობა ეკუთვნისო. ნონა სწორედ ასე მოიქცა. მალე ბონდარევსკიმ კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა – ახლა თუ კიდევ მეფით ითამაშა, ეს უკვე მამაკაცებში ოსტატის დონეაო. ნონამ ზუსტად ასე ითამაშა. განცვიფრებულმა ბონდარევსკიმ – ახლა თუ კიდევ მეფით ითამაშა, ეს უკვე მამაკაცთა შორისაც უმაღლესი დონეაო! გაფრინდაშვილმა სწორედ ის სვლა გააკეთა, პარტიაც და ტურნირიც ბრწყინვალედ მოიგო, მომდევნო წელს კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!
ნონა გაფრინდაშვილს 16 წელი ეპყრა დედოფლის ტახტი და უკლებლივ ყველა საჭადრაკო ტიტული მოიპოვა! სწორედ მან გაუკვალა გზა ქართულ საჭადრაკო სკოლას საერთაშორისო ასპარეზზე, მან აქცია საქართველო პლანეტარული მასშტაბის საჭადრაკო ცენტრად.
მსოფლიო ჭადრაკის განვითარებაში ნონას დამსახურება იმდენად დიდია, რომ 1997 წელს ფიდემ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი დააწესა, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა გუნდებში ჯამში საუკეთესო შედეგის მფლობელ ქვეყანას გადაეცემა.
საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის კარიერას ქართულ და საბჭოთა პრესაში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ინტერვიუებით გავიხსენებთ.
…ბავშვობაში ვთამაშობდი იმას, რასაც ჩემი ძმები – ბილიარდს. პატარა ბილიარდი გვქონდა, ეზოში ფრენბურთის ბადეც გავაბით და ვერთობოდით… ჩვენი ეზო არ იყო დიდი, მაგრამ ყოველთვის ისეთი ჟრიამული იდგა, მთელი ქუჩა ჩვენთან იკრიბებოდა.
…ჭადრაკს რაც შეეხება, ძმებმა მასწავლეს – ისინი ხშირად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. იმ დროს მსოფლიო ჩემპიონობაზე, ცხადია, არ ვფიქრობდი, უბრალოდ, ბუნებით მოთამაშე ვარ და ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეჯიბრებოდი ძმებს. ჭადრაკის შესწავლა ერთი შემთხვევის შემდეგ გადავწყვიტე: ერთ-ერთი ძმა ზუგდიდის ნაკრებში საქართველოს პირველობაზე უნდა გამოსულიყო. ერთი მოთამაშე გოგოც სჭირდებოდათ და რადგან მეტ-ნაკლებად კარგად ვთამაშობდი, გუნდში შემიყვანეს. ის ტურნირი ბათუმში გაიმართა. როგორც ჩანს, კარგად ვითამაშე, რადგან მწვრთნელებმა ყურადღება მომაქციეს და მალე თბილისში გადავედი.
…ზუგდიდიდან თბილისში რომ წამოვედი, სწორედ მას შემდეგ დავიწყე აქტიური საჭადრაკო ცხოვრება. ეს 1955 წელს მოხდა. ჩემი პირველი მწვრთნელი ვახტანგ ქარსელაძე გახლდათ, მასთან წელიწადნახევარი ვმეცადინეობდი, შემდეგ კი მიხეილ შიშოვი მავარჯიშებდა. მომდევნო წლებში ერთმანეთს ცვლიდნენ გურგენიძე, უბილავა, გიორგაძე, გიპსლისი და ბორისენკო.
…ბუხუტი გურგენიძე და თამაზ გიორგაძე მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში მეხმარებოდნენ, გიორგი ბორისენკოს კი მაია ჩიბუდანიძესთან წაგების შემდეგ შევხვდი. ელიზბარ უბილავას მეგობარმა ურჩია და შეკრებაზე გადავწყვიტეთ ბორისენკოს მიწვევა. მე თუ მკითხავთ, სწორედ ასეთი მწვრთნელებისგან უნდა ისწავლოს ადამიანმა ჭადრაკზე მუშაობა. ის იყო ცოცხალი მატიანე, მუდამ ძიებაში მყოფი მწვრთნელი.
…1956 წელს ზედიზედ მოვიგე რამდენიმე ტურნირი: თბილისის პირველობა, საქართველოს ჩემპიონატი, თბილისში გამართული საკავშირო პირველობის ნახევარფინალი… სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ძალიან რთული შეჯიბრება იყო, არაერთი უმაღლესი დონის კონკურენტი მყავდა. ამის დასტურად ერთ უნიკალურ ფაქტს მოვიყვან – მსოფლიოს ჩემპიონი უფრო ადრე გავხდი, ვიდრე საბჭოთა კავშირისა.
…საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა ჩემივე უხეში შეცდომის გამო დავაგვიანე. ის ამბავი 1957 წელს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის დროს შემემთხვა. თავიდან კარგად დავიწყე – ლიდერთა შორის მოვხვდი, საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი… IV ტურში ლენინგრადელ ფლორა დმიტრიევას ვხვდებოდი. ერთ მომენტში მეტოქემ იჩქარა და ლაზიერის გაცვლა მოინდომა, ფიგურას ხელი წაავლო, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ წამგებიან პოზიციაში ხვდებოდა. იმდენად მჯეროდა გამარჯვებისა, რომ ვუთხარი, უფლებას გაძლევ სვლა დააბრუნო-მეთქი. როგორც წესი, ჭადრაკში ასეთი რამ არ ხდება. დმიტრიევას გაუხარდა და სხვა სვლა გააკეთა, მალე კი ცუდი სიტუაცია შემექმნა და პარტია გადავდეთ. მომხდარი არაერთმა შეიტყო, მათ შორის მთავარმა მსაჯმა და ყველამ ურჩია დმიტრიევას, ნონას ყაიმი შესთავაზეო. მან იუარა. მომხდარი ძალიან განვიცადე და მომდევნო 3 პარტია წავაგე. საბოლოოდ XI-XIII ადგილები დავიკავე.
…1960 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ერევანში გაიმართა. იქ უკეთ ვითამაშე და IV ადგილი დავიკავე, ამით კი პრეტენდენტთა ტურნირში თამაშის უფლებაც მოვიპოვე. შეჯიბრი იუგოსლავიაში, ვრნიაჩკა-ბანიაში გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ უძლიერესმა შემადგენლობამ მოიყარა თავი, ორი ტურით ადრე პირველობა გავინაღდე! ორი წლის შემდეგ, როცა მსოფლიოს ჩემპიონი გავხდი, იუგოსლავიელებმა დეპეშით მომილოცეს გამარჯვება.
…მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული იოლად მოვიგე – ელიზავეტა ბიკოვას 9:2 ვძლიე. ბიკოვა ლამის დედად მეკუთვნოდა – 21 წლის ვიყავი, ის კი 49 წლის გახლდათ. ჩემი გამარჯვება ყველასთვის სიურპრიზი იყო, ვერავინ იფიქრებდა, რომ ასე პატარა გავხდებოდი ჩემპიონი. მოგვიანებით, ფინალის შემდეგ თენგიზ გიორგაძემ მიამბო – ბიკოვას მასთან ინტერვიუში უთქვამს, ნონა იმედისმომცემი მოჭადრაკეა, ბევრს მიაღწევს, მაგრამ მას არ უნდა მოეგო, რადგან რიგში სხვები იდგნენო. ბატონ თენგიზს ბიკოვასთვის ხუმრობით ბოდიში მოუხდია: „ქალბატონო ლიზა, გვაპატიეთ რომ ასე მოხდა, რას იზამთ, ქართველებს რიგში დგომა არ გვიყვარსო“.
…საჭადრაკო მატჩის შესვენებისას, თუ შანსი მქონდა, ყოველთვის დავდიოდი ფეხბურთზე. ბიკოვასთან დაპირისპირების შუალედშიც ასე მოვიქეცი – მოსკოვის სპარტაკი რომელიღაც კლუბს მასპინძლობდა და წავედი. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა მიცნო და მთელი ტრიბუნა აიყოლია, ხალხი სკანდირებდა: ნონა, მოუგე ლიზას, მოუგე ლიზას!
…ფეხბურთთან დაკავშირებით მეორე შემთხვევაც მახსენდება, თუმცა იმ დროს უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი. თამაშის დაწყებამდე ერთმა პოლკოვნიკმა მიცნო, მომიახლოვდა და გაზეთი მომაწოდა, შემიმოწმე სწორად ამოვხსენი საჭადრაკო ეტიუდი თუ ვერაო. მერე მკითხა, ამ ყინვაში რატომ არაფერი გახურავსო. არ მიყვარს-მეთქი, ვუპასუხე. არა, შენ! მსოფლიოს ჩემპიონი ხარ! თავს უნდა გაუფრთხილდეო და თავის კაპიუშონი მოიხსნა და დამაფარა.
…მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ მოსკოვიდან თბილისში მატარებლით წამოვედით. ლესელიძეში შემოსვლის შემდეგ მატარებელი ლამის ყველა სადგურზე ჩერდებოდა – აუარებელი ხალხი გვხვდებოდა, მილოცავდნენ, საჩუქრებს მიძღვნიდნენ… ჩემ კუპეში სუფრა არ აშლილა! თბილისში ხომ საერთოდ ზღაპარი მოხდა: ბაქანზე ტევა არ იყო! მახსოვს, მამამ ფეხსაცმელი დაკარგა. შინაც სუფრა იყო გაშლილი, მაგრამ არაფრის თავი აღარ მქონდა. პირველ სადღეგრძელომდე მაინც გავჩერდი – მამამ მითხრა, ჩემპიონობა კი ძალიან კარგია, მაგრამ თავში არ აგივარდესო. ყველაფერი ოპერაში გამართული ფანტასტიკური მიღებით დაგვირგვინდა.
…ბიკოვას შემდეგ ჩემპიონის ტიტულისთვის ზედიზედ 3-ჯერ დავამარცხე ალა კუშნირი – 1965, 1969 და 1972 წლებში. ორჯერ მოვუგე 8,5:4,5, მესამედ კი 8,5:7,5. ერთი რუმინელი მეგობარი მყავდა, ნიკოლაუ, ის მეუბნებოდა, პირველ ადგილს რომ გაინაღდებ, ცოტა მოეშვი, მერე მაინც დათანხმდი ყაიმებს, გულშემატკივრებს დიდი სხვაობით გამარჯვებას ნუ შეაჩვევო. რა ვქნა, არ შემეძლო სხვანაირად! ყოველთვის გულიანად ვთამაშობდი და ალბათ, ამიტომაც ვიგებდი ბევრ შეჯიბრს.
…ამბობდნენ, რომ ალა კუშნირი არცთუ სამართლიანი ხერხებით ცდილობდა ჩემთვის ნერვების მოშლას. ამ ხმებმა ჩემამდეც მოაღწია, მაგრამ ხაზგასმით ვამბობ – მსგავსი რამ არასდროს მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ მე და ალა უკომპრომისო მეტოქეები ვიყავით, ჩვენ შორის უთანხომება არ ყოფილა.
…1969 წელს კუშნირთან მეორე მატჩი თბილისსა და მოსკოვში გაიმართა. პირველი პარტია რუსთაველის თეატრში წავაგე. ხალხთან შეხვედრა არ მინდოდა და ამიტომ, სათადარიგო გასასვლელიდან გავედი. გზაში სპორტკომიტეტის ხელმძღვანელებს გადავეყარე. არ ინერვიულოთ, მოვიგებ-მეთქი, ვცადე მათი დამშვიდება. მეორე პარტია მოვიგე, მესამე ყაიმით დასრულდა, მეოთხე კი ისევ წავაგე. ამის შემდეგ ორდღიანი შესვენება გვქონდა, მეც ავდექი და დინამო-მოსკოვის ტორპედოს საფეხბურთო მატჩზე წავედი. კარგად ვიხალისე, განვიტვირთე, თუმცა შიგადაშიგ გულშემატკივრების საუბარი მესმოდა – ჩემპიონობას აგებს და ნეტავ, აქ რას აკეთებსო. მეორე დღეს კინო რუსთაველში წავედი. ვერც იქ გადავურჩი გაქილიკებას. იმ ხმებისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, მთავარი იყო, რომ დავისვენე, მომდევნო ორი პარტია მოვიგე და ქულით დავწინაურდი. უპირატესობა მოსკოვში გავამყარე – ერთი ქულაც არ დამითმია და საბოლოოდ 8,5:4,5 მოვიგე. ჩემპიონობა პირველად ალამ მომილოცა და იქვე დამპირდა, ნონა, იოლად არ დაგნებდები, ჩვენ მესამედაც შევხვდებითო. მან სიტყვა შეასრულა – 1972 წელს მესამედ დავუპირისპირდით ერთმანეთს.
…საჭადრაკო ოლიმპიადის მოგებისთვის ჩვენ არაფერს ვიღებდით, მსოფლიო ჩემპიონობისთვის კი 900-მანეთიან პრემიას გვიწერდნენ. როცა ამ თანხას ვიღებდი, ნახევარი წინასწარ მქონდა დახარჯული.
…მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო სპორტკომიტეტი სპორტსმენებს ძალიან გვზღუდავდა, რაღაც საკითხები უმაღლეს დონეზე იყო მოგვარებული. მაგალითად, მსოფლიო ჩემპიონატის წინ 5 მწვრთნელი რომ მომეთხოვა, ყველას ჩამომიყვანდნენ. სამაგიეროდ, მე, მსოფლიოს ჩემპიონს მეუბნებოდნენ, წელიწადში მხოლოდ 2 საერთაშორისო ტურნირზე წახვალო. იცით რატომ? სპორტის ყველა სახეობის წარმომადგენლებს უცხოეთში გასვლის კვოტები ჰქონდათ.
…ყოველთვის მიყვარდა ხალხთან ურთიერთობა, გულშემატკივრებთან არასდროს ვყოფილვარ დისტანციაზე. ბიკოვასთან დაპირისპირების პერიოდში სულ ხალხში ვტრიალებდი – ბილიარდს და მაგიდის ჩოგბურთს ვთამაშობდი, ქომაგებს ვესაუბრებოდი… ასე უკეთ ვისვენებდი. მახსოვს, ფინალის შემდეგ, როცა მოჟევადან მოვდიოდით, დარაჯმა უშველებელი თაიგული მომართვა.
…ბილიარდს ყოველთვის კარგად ვთამაშობდი. როცა ნაკრების წევრები ერთად ვიკრიბებოდით, ხშირად ვეჯიბრებოდი მამაკაცებს. ერთხელ მიხეილ ბოტვინიკს 8:0 მოვუგე. მას შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონს ჩემთან აღარ უთამაშია.
…მიუხედავად იმისა, რომ ბილიარდი ძალიან მიყვარს, მაგიდის ჩოგბურთსაც გატაცებით ვთამაშობდი. ბოლო დროს რაგბიც შემიყვარდა, ჭადრაკის გარდა სპორტის სხვა სახეობებში ჩემთვის ნომერ პირველი იყო და იქნება ფეხბურთი. რაც მე ფეხბურთის გამო მინერვიულია, კიდევ ერთ სპორტულ ცხოვრებას ეყოფოდა.
…მე და ბევრი ჩემნაირი მხოლოდ მოგებული პარტიის წაგებას განვიცდით. როცა მეტოქე ნორმალურად გიგებს, არ უნდა ინერვიულო, ეს სპორტია. ჩვენ ვნერვიულობთ მხოლოდ მაშინ, როცა მეტოქეს მთელი პარტიის მანძილზე შანსი არ აქვს, მხოლოდ ერთი სვლაა გასაკეთებელი, იგებ, უცებ კი… ვერაფრით ვივიწყებ ასე წაგებულ პარტიებს!
…მიმაჩნია, რომ მამაკაცთა ტურნირებში ქალები უფრო თავისუფლად თამაშობენ. მოიგებ? ხომ კარგი, თუ არადა, არ იქცევა ქვეყანა. ერთხელ ქეთევან არახამიასთან ერთად ვიასპარეზე ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე. ქეთევანი სულ ლიდერებში იყო და ბოლო პარტია რომ არ წაეგო, ვაჟთა შორის დიდოსტატი გახდებოდა. ვკითხე, სად უფრო გაგიადვილდა თამაში-მეთქი?! ცხადია აქო, მიპასუხა.
…მამაკაცებთან თამაში ყოველთვის რთული იყო. სხვა თუ არაფერი, რეგლამენტი იყო უმძიმესი – 5-საათიანი პარტია… თუ გადაიდებოდა, იმავე ღამეს 2 საათი უნდა გეთამაშა, მერე, საჭიროებისამებრ, დილითაც 2 საათი და ახალი პარტიაც უნდა მოგესწრო. კაცები ერთმანეთში ხშირად აკეთებდნენ 2-3 იოლ ყაიმს, ჩემთან კი თავს აუტსაიდერებიც არ ზოგავდნენ. ამის გამო ხშირად მოგებული პარტიებიც გამიფუჭებია 38-ე, 39-ე სვლებზე… დღეს სიტუაცია შეიცვალა, მამაკაცისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა მეტოქედ ვინ ჰყავს: თუ საყაიმო პოზიციაა, უყოყმანოდ შემოგთავაზებს. ადრე ამ მხრივ ქალები ბევრად რთულ დღეში ვიყავით.
…ძნელია იმის თქმა რომ ქალთა და მამაკაცთა ჭადრაკი კლასით დაახლოვდა. ჭადრაკში უდიდესი ენერგია იხარჯება და ამ მხრივ მამაკაცებს დიდი უპირატესობა აქვთ. სხვათა შორის, მეცნიერთა გამოკვლევებით, სპორტის სახეობებიდან ჭადრაკი ცურვისა და თხილამურობის შემდეგ ყველაზე მეტ ენერგიას ითხოვს. მოჭადრაკე პარტიაში ისევე იხარჯება, როგორც ვთქვათ, მჭედელი მთელი სამუშაო დღის მანძილზე.
…1999 წელს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად დამასახელა. მეორე დღეს, ბანკეტზე, ენისელი-დავით სარაჯიშვილმა უდიდესი სიურპრიზი მომიმზადა – 100 წლის დავარგებული სახელობითი კონიაკი მაჩუქა! მკითხეს, ვისთან ერთად აპირებთ დალევასო. იმ ბოთლს არ გავხსნი – მას სასმელების კოლექციაში მივუჩინე ადგილი, დასალევი კი ოჯახში ყოველთვის მოინახება… ისე, კოლექცია დიდხანს არ მიჩერდება, ადრე თუ გვიან ყველა სასმელი იცლება. ჩემი საყვარელი სასმელი წითელი, მოტკბო ქართული ღვინოებია, ახაშენის მსგავსი. სხვათა შორის, ბავშვობაში დაბალი წნევა მქონდა და მას სწორედ ასეთი ღვინით მირეგულირებდნენ. ასევე ძალიან მიყვარს მარტინი, ვერმუტი.
…ჟურნალისთა ასოციაციის ბანკეტზე ჩემ გვერდით იჯდა ბატონი რობერტ შავლაყაძე, ოლიმპიური ჩემპიონი, ბუმბერაზი ადამიანი. გადამილაპარაკა: აი, ეს ორი დღეა თავს ბედნიერად ვგრძნობ, თითქოს ხელახლა დავიბადეო… სპორტსმენს ყოველთვის სჭირდება სტიმული და ჟურნალისტთა ასოციაციის ის 2-დღიანი ღონისძიება სწორედ ასეთი იყო – რეფერენდუმიც, შემაჯამებელი საღამოც და ბანკეტიც. იმ დღეებმა ჩვენ, ვეტერან სპორტსმენებს მრავალი პრობლემა და გაჭირვება დაგვავიწყა, მეტიც, ხვალინდელი დღის იმედი ჩაგვისახა.
…ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შემთხვევით გავხდი, უფრო სწორად, სულ ბოლოს გავიგე ყველაფერი. როცა სეოკ-ის დამფუძნებელი საორგანიზაციო კომიტეტი შეიქმნა და პრეზიდენტის კანდიდატის ძიება დაიწყეს, არჩევანი ჩემზე შეაჩერეს, მე კი არაფერი ვიცოდი. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კომიტეტის მომავალი გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი მესტუმრა და იმდენი მიჩიჩინა, სანამ არ დამიყოლია. ემზარმა მითხრა, თქვენი ავტორიტეტი საერთო საქმეს ძალზე წაადგებაო. უშუალოდ არჩევნებზე ყველამ ერთხმად დამიჭირა მხარი.
…ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობიდან საკუთარი სურვილით წავედი. მიზეზი? გარდა იმისა, რომ ატლანტაში ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა ცუდად იასპარეზა, ძალიან გადაღლილი ვიყავი, ყოველდღიურად ნერვიულობა მიწევდა, ბევრი უაზრო პრობლემაც ვერ ავიცილე თავიდან და მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართულ სპორტში ფული არ იყო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ იცით რამდენს ვიღებდი სეოკ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე? 22 ლარს!
…არ დავმალავ: ოლიმპიური კომიტეტიდან კიდევ იმიტომ წავედი, რომ დიდ სპორტში ძალიან დიდი სიბინძურეც დავინახე, ეს კი ჩემთვის, მართლა სუფთა სპორტული გზის გამვლელი ადამიანისთვის, მიუღებელი იყო.
…როცა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ვიყავი, გენერალურ მდივან ემზარ ზენაიშვილთან ერთად სპეციალურად ჩავედით ერთ ქალაქში და შევხვდით საქართველოდან სხვა ქვეყნებში წასულ სპორტსმენებს, რათა ისინი მოგვებრუნებინა. ერთ-ერთმა მათგანმა, იმხანად საერთაშორისო გამარჯვებებით არცთუ განებივრებულმა, დიდი პრეტენზიით გაგვაკვირვა, ბოლოს კი გვითხრა, საქართველოს ჩემი ვალი აქვსო. ძალიან გავბრაზდი და მივახალე, საქართველოს ჩემი ვალი არ აქვს და შენ რა გაგიკეთებია ისეთი, ამას რომ ამბობ-მეთქი.
…კახი კახიაშვილმა საბერძნეთში გადასვლა რომ გადაწყვიტა, ძალიან განვიცადე. ჩემთვის მიუღებელი იყო, რომ ამ დონის სპორტსმენი გვეცლებოდა ხელიდან. მე და ემზარ ზენაიშვილმა მართლა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ კახი საქართველოში დარჩენილიყო, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ… ხანდახან, შინ რომ მივდიოდი, ცრემლები წამომცვივდებოდა ხოლმე. მახსოვს, კახის ბინაც ვუშოვეთ, მაგრამ იქ ლტოლვილები იყვნენ შესახლებულნი, კახი კი თავმდაბალი ბიჭი იყო, არ იკადრა მათი გამოსახლება.
…2001 წელს, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, გამოიცა წიგნი, სადაც ჩემი რჩეული 206 პარტიაა აღწერილი. უმეტესობა ქალებთან, ზოგიც მამაკაცებთან. იმ 206 პარტიიდან მხოლოდ ერთია საყაიმო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი – ის იუგოსლავიელ ველიმიროვიჩთან ვითამაშე და ისეთი დაძაბული იყო, ბოლოს დაფაზე ლამის მხოლოდ მეფეები დარჩა. პარტია 1984 წელს საუკეთესოდ აღიარეს და ამიტომაა ჩემთვის ძვირფასი.
…1961 წლის პრეტენდენტთა ტურნირში მილუნკა ლაზარევიჩთან მოგებაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტიაა. ერთ მომენტში შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ მან პაიკი მომიგო და მიტევს. იმ მომენტში მეფით 3 სვლა გავაკეთე, რომლის დროსაც პრესცენტრში მყოფი დიდოსტატი ბონდარევსკი სვლიდან სვლამდე მიმატებდა ხარისხს: ჯერ ოსტატობის კანდიდატად ჩამთვალა, მერე ოსტატად, ბოლოს კი დიდოსტატად! ძალიან პრიცნიპული პარტია იყო, რომელმაც, ფაქტიურად, პრეტენდენტად მაქცია. ეს პარტია კარგა ხანს ისე პოპულარული იყო, რომ „ცოცხალ“ ჭადრაკში ხშირად ათამაშებდნენ.
…ბობი ფიშერი, გარი კასპაროვი, ანატოლი კარპოვი, მიხეილ ბოტვინიკი… ისინი იმდენად ბუმბერაზები არიან, რომ წარმოიდგინეთ, საუკეთესო ხუთეულის დასახელება კი არა, ათეულის თანმიმდევრობით შედგენაც გამიჭირდება! ჭადრაკის ისტორიაში მსოფლიოს ყველა ჩემპიონს გამორჩეული ადგილი უპყრია, თუმცა 2 მათგანს განსაკუთრებით გამოვყოფდი: ტალმა ჭადრაკი უფრო სპორტული გახადა, ფიშერის წყალობით კი მოჭადრაკეთა კეთილდღეობა გაუმჯობესდა.
…ჩემ კერპად ტალს ვაღიარებ და არა მარტო იმიტომ, რომ ჩემი თაობისა იყო. ტალმა ჭადრაკს სიცოცხლე დაუბრუნა, სპორტული საწყისი უმთავრესად აქცია. ერთხელ, როცა საბჭოთა კავშირის პირველობა თბილისში ჩატარდა, დავესწარი და ტალის მაშინდელი პარტიები ახლაც თვალწინ მიდგას! პიროვნებაც დიდებული იყო, მისი „არა“ არ გამიგია. უცხო ადამიანი რომ მისულიყო და რაღაც ეთხოვა, შეუსრულებდა. მის მოსმენას ხომ არაფერი სჯობდა! და ისევ ჭადრაკზე თუ ვიტყვით, ერთადერთია, ვისაც ფიშერმა გენიოსი უწოდა.
…რა მომცა ჭადრაკმა? ყველაფერი… ფულის გარდა! ერთხელ იუგოსლავიაში მკითხეს და ზუსტად ასე ვუპასუხე. ჩვენ თაობას ფული არ ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ფულით ხომ არ იზომება? ის, რაც ჭადრაკმა მომცა, ხალხის სიყვარულია! ეს კი ყველაზე მნიშვნელოვანია.
…თბილისი გამორჩეულად მიყვარს. ორიოდ დღითაც რომ მივატოვო, უკან თვალებგაფაციცებული ვბრუნდები. უცხოეთის ქალაქებიდან რომს და პარიზს გამოვარჩევ, სანკტ-პეტერბურგიც ძალიან მომწონს. რაც შეეხება ქვეყნებს, იუგოსლავიას მეორე სამშობლოდ მივიჩნევ – ჩემი სპორტული ცხოვრების ნახევარი იქ გავატარე. 1959 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანასთან ბევრი სასიამოვნო მოგონება მაკავშირებს.
…არ ვეთანხმები გამოთქმას, რომ ცხოვრება ომია. არა, ომი კი არა… ცოტა სხვანაირად ვიტყოდი: ცხოვრებას ჭადრაკის დაფას ადარებენ. ცხოვრება უფრო ბრძოლაა, ალბათ.
…ჭადრაკი ჩემი ცხოვრების არსია, ჩემ ერთ-ერთ წიგნსაც სწორედ ასე ვუწოდე. როცა XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად მაღიარეს, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ღირდა ჭადრაკისთვის ცხოვრება. თუმცა არ ვთვლი, რომ საუკუნის სპორტსმენის სახელი მძიმე ტვირთია. ასე ვიტყოდი: ეს ტიტული ჩემი ცხოვრების სასიამოვნო დანამატია.
…ასაკის მიუხედავად, თავს მოხუცად არ ვთვლი. ჭადრაკის თამაში კვლავ დიდ სიამოვნებას მანიჭებს და სანამ ასე იქნება, მანამდე ვითამაშებ. დარწმუნებული ვარ, ხელები თუ ჩამოვუშვი და შინ დავჯექი, დავბერდები.
ნონა გაფრინდაშვილი
დაიბადა 1941 წლის 3 მაისს ზუგდიდში
მოჭადრაკე
მსოფლიოს ჩემპიონი:
1962: ელიზავეტა ბიკოვა – 8,5:4,5
1965: ალა კუშნირი – 8,5:4,5
1969: ალა კუშნირი – 8,5:7,5
1972: ალა კუშნირი – 8,5:7,5
1975: ნანა ალექსანდრია – 8,5:3,5
სხვა ტიტულები: საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონი – 1963, 1966, 1969, 1972, 1974, 1978, 1980, 1982, 1984, 1986 (სსრკ ნაკრები), 1992 (საქართველო); სსრკ ჩემპიონი – 1964, 1973, 1981, 1983, 1985; ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასი – 1969, 1972; მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანთა შორის – 1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019; ევროპის ჩემპიონი ვეტერანთა შორის – 2011, 2015, 2016, 2017, 2018; სსრკ სპორტის ოსტატი – 1959; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი – 1961; სსრკ საერთაშორისო სპორტის ოსტატი ვაჟთა შორის – 1962; სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი – 1964; საერთაშორისო დიდოსტატი – 1976; საერთაშორისო დიდოსტატი ვაჟთა შორის – 1978 (ჭადრაკის ისტორიაში პირველად); საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი – 1982; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო) – 2016
I ადგილი საერთაშორისო ტურნირებში: ბელგრადი (იუგოსლავია – 1966, 1968, 1971, 1974, 1976, 1978, 1991); იერი (საფრანგეთი – 1985, 1986, 1987); თბილისი (1973, 1984); იაიცე (იუგოსლავია – 1981, 1982); თბილისი-ბათუმი (1961); თბილისი-სოხუმი (1962); ბევერვეიკი (ჰოლანდია – 1963); კიევი (უკრაინა – 1967); ჰევერინგი (ინგლისი – 1967); პრეიტონი (ინგლისი – 1967); ვეიკ ან ზეე (ჰოლანდია – 1975); ტიმიშოარა (რუმინეთი – 1975); პლაია დე აროსი (ესპანეთი – 1983); ავრი (საფრანგეთი – 1988); ვუპერტალი (გერმანია – 1990)
I ადგილი ვაჟთა საერთაშორისო ტურნირებში: ჰასტინგსი (ინგლისი – 1964); აშშ-ს ღია პირველობა, (ლონ პაინი, აშშ – 1977); რეჯო ემილია (იტალია – 1982); ვეიკ ან ზეე (ჰოლანდია – 1987); ბრიუსელი (ბელგია – 1987)
1989-1996 – ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი
1996 წლიდან – ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი
1996 – დაჯილდოვდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორდენებით
1999 – სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალ სპორტსმენად აღიარა; დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი, ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენით
2000 – თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
2001 – თბილისის ჭადრაკის სასახლეს მისი სახელი მიენიჭა; დაჯილდოვდა საქართველოს უმაღლესი, ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში 2“; 2020)
ფოტო: www.sport.gov.ge