ვის დარჩებოდა ოქროს ბურთი მესის და რონალდუს არყოფნაში?

ლეო მესიმ გუშინ მეექვსედ მოიგო „ოქროს ბურთი“.
არგენტინელი უამისოდაც ძალიან დიდი იყო, მაგრამ ეს მორიგი, უკვდავი რეკორდი მაინც ძალიან შთამბეჭდავია.
ფრანს ფუტბოლი 1956 წლიდან ასახელებს წლის ფეხბურთელს.
ფრანგული გამოცემის რეფერენდუმი ყველაზე ძველი და პრესტიჟულია, „ოქროს ბურთის“ ისტორიაში 3-3 ტრიუმფით დიდხანს იწონებდნენ თავს ლეგენდარული იოჰან კრუიფი, დიდებული მიშელ პლატინი და ბრწყინვალე მარკო ვან ბასტენი, მაგრამ ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს ეპოქაში მათი მიღწევები თითქოს გაუფერულდა.
მესი 6-ჯერ გახდა ჟურნალისტების რჩეული, რონალდუ 5-ჯერ!
2008 წლიდან გათამაშებული 12 „ოქროს ბურთიდან“ 11 ამ ორს დარჩა, მხოლოდ შარშან ჩაერია მათ დავაში ლუკა მოდრიჩი.
გუშინდელი საღამოს წინ ვირჯილ ვან დაიკს ახსენებდნენ, აქაოდა უეფას რჩეული, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და კიდევ რამდენიმე ჯილდოს მფლობელი „ოქროს ბურთსაც“ იმსახურებსო, მაგრამ ლივერპულის ნიდერლანდელი ცენტრალური მცველი მეორე ადგილზე გავიდა.
ერთი წამით წარმოვიდგინოთ მესი და რონალდუ ფანტასტიკური კი არა, მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთელები რომ ყოფილიყვნენ. ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთის“ მოგების შანსი, სავარაუდოდ, სხვებსაც ექნებოდათ.
მაგალითად ვის?
მე ამ ფეხბურთელებს მივანიჭე უპირატესობა:

 

2008 – ფერნანდო ტორესი (ლივერპული; ესპანეთი)
ელ ნინიო 2008 წელს საუკეთესო იყო: ლივერპულთან ერთად მთელი წლის განმავლობაში 46 მატჩში 33 გოლი შეაგდო, ავსტრია-შვეიცარიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე კი, მართალია დავიდ ვილიას ჩრდილში მოექცა, სამაგიეროდ ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა – ფინალში, გერმანიასთან.

და როგორი იყო საბოლოო შედეგი? „ოქროს ბურთი“ კრიშტიანუ რონალდუს ერგო, რომელმაც ევროჩემპიონატზე ვერაფერი თამაში აჩვენა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი, მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დარტყმა გააცუდა.

2009 – ჩავი (ბარსელონა; ესპანეთი)
2008-09 წლების სეზონში ხოსეპ გვარდიოლას ბარსელონა უბრალოდ შეუდარებელი იყო, ჩავი კი კატალონიური გრანდის სული და გული გახლდათ – 54-ჯერ მოირგო საკლუბო მაისური და 10 გოლიც შეაგდო.

ესპანელი, ტრადიციულად, ძლიერი იყო ნაკრებშიც, მაგრამ ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმში პირველი ორი ადგილი ისევ არგენტინელმა და პორტუგალიელმა დაიკავეს. მესის უპირატესობა იმ წელს აშკარა იყო – 240 ქულით აჯობა რონალდუს.

2010 – ანდრეს ინიესტა (ბარსელონა; ესპანეთი)
ბარსელონასთან ერთად ჩატარებულ მორიგ შესანიშნავ სეზონს რომ თავი გავანებოთ, 2010-ის ზაფხულში ესპანეთის ნაკრებმა უდიდესი გამარჯვება იზეიმა – სამხრეთ აფრიკაში ფიფას ოქროს თასი მოიგო!

გემახსოვრებათ: ნიდერლანდებთან ფინალში ერთადერთი გოლი 116-ე წუთზე გავიდა და ის სწორედ ინიესტამ შეაგდო. მაგრამ „ოქროს ბურთის“ მოსაგებად მსოფლიოს ჩემპიონობა და ხსენებული დარტყმა, რატომღაც, საკმარისი არ აღმოჩნდა – მესი ზედიზედ მეორედ გახდა ფრანს ფუტბოლის რჩეული.

2011 – ჩავი (ბარსელონა; ესპანეთი)
გენიალურმა ნახევარმცველმა უდიდესი როლი ითამაშა ბარსას მორიგ ევროტრიუმფში, წლის მანძილზე კი 51 მატჩში 14 გოლითაც შეეწია გუნდს.

ყველა სხვა შემთხვევაში ეს ბრწყინვალე შედეგად ჩაითვლებოდა და „ოქროს ბურთიც“ ჩავის დარჩებოდა, მაგრამ მას არ „გაუმართლა“: მეორე ადგილზე გასულმა რონალდუმ 2011 წელი 60 მატჩში გატანილი 55 ბურთით დაასრულა, ევროპელი ჟურნალისტების რჩეულმა ლეო მესიმ კი კიდევ უფრო მეტი შეაგდო – 73 გოლი!

2012 – ანდრეს ინიესტა (ბარსელონა; ესპანეთი)
ინიესტა კვლავ დიდებული იყო კლუბსა და ნაკრებში, მაგრამ წლის მთავარი სანაკრებო ტურნირი და ესპანელთა ზედიზედ მესამე ტრიუმფი კიდევ ერთხელ დაჩრდილა ფენომენალური არგენტინელის საოცარმა თამაშმა.

ესპანელი ბრწყინვალე იყო პოლონეთსა და უკრაინაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე – ის ტურნირის რჩეულ მოთამაშედ აღიარეს, ბარსასთან ერთად კვლავ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა და წლის განმავლობაში 17 გოლიც გაატანინა მესის… რომელმაც 2012 წელი ფანტასტიკური მაჩვენებლით – 91 ზუსტი დარტყმით დახურა!

რონალდუმ შედარებით ნაკლები, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი – 55 გოლი მიითვალა და რა გასაკვირია, რომ ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმში ინიესტაც საბოლოოდ III ადგილზე გავიდა.

2013 – ფრანკ რიბერი (ბაიერნი; საფრანგეთი)
ტორესის, ჩავის და ინიესტას შემდეგ რიბერიც მიხვდა, რომ მესი-რონალდუს ეპოქაში „ოქროს ბურთის“ მოსაგებად შესანიშნავი თამაში საკმარისი არაა. ჟურნალისტებმა არგენტინელზე და პორტუგალიელზე წინ რომ დაგაყენონ, საამისოდ ჯადოქრობაა საჭირო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

2013 წლის გაზაფხულზე რიბერი გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი, და რაც მთავარია, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა!

ეს ჩავის და ინიესტას დასაჩრდილად აღმოჩნდა საკმარისი, მთავარი ჯილდო კი ორი გენიოსიდან კვლავ ერთ-ერთს, კლუბსა და ნაკრებში 66 მატჩში 56 გოლის გამტან რონალდუს დარჩა, რომელმაც ამ გამარჯვებით მესის 4-წლიანი ბატონობა შეწყვიტა.

2014 – მანუელ ნოიერი (ბაიერნი; გერმანია)
კიდევ ერთი ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელსაც ფრანს ფუტბოლის გამოკითხვაში გამარჯვება შეეძლო. მაგრამ წინამორბედების მსგავსად, ისიც III ადგილზე გავიდა.

არადა 2013-14 წლების სეზონში ბაიერნმა ჩემპიონობა იზეიმა და ნოიერიც ძალიან საიმედო იყო, 2014-ის ზაფხულში კი დიდებული მეკარე ბუნდესნაკრებს ფიფას ოქროს თასის მოგებაში დაეხმარა. მაგრამ როგორც 2010 წელს, მსოფლიოს ჩემპიონობა „ოქროს ბურთის“ მოსაგებად კვლავ არასაკმარისი გამოდგა.

და ლევ იაშინიც ისევ ერთადერთ მეკარედ დარჩა, რომელმაც „ოქროს ბურთი“ მოიპოვა.

2015 – ნეიმარი (ბარსელონა; ბრაზილია)
ბრაზილიელი ბრწყინვალე იყო სანტოსში და ბევრი თვლიდა, რომ თუ ვინმე ჩაერეოდა მესისა და რონალდუს პაექრობაში, სწორედ ის.

ნეიმარმა ბარსას მიაშურა და 2015 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, თასი, ჩემპიონთა თასი, ევროპის სუპერთასი და ფიფას საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ყველა ტურნირში 39 გოლიც გაიტანა, მაგრამ ეს შედეგი არათუ „ოქროს ბურთის“ მოსაგებად, II ადგილის დასაკავებლადაც არ აღმოჩნდა საკმარისი – მესიმ მეხუთედ მოიგო ევროპის წლის მოთამაშის ტიტული, 54 მატჩში 61 გოლის გამტანი რონალდუ კი II იყო.

2016 – ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო; საფრანგეთი)
დიეგო სიმეონეს გაწვრთნილ მადრიდის ატლეტიკოში გრიზმანი მშვენიერი იყო, მაგრამ გაზაფხულზე მისმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ფინალი კრიშტიანუ რონალდუს რეალთან დათმო (პენალტების სერიაში), ზაფხულში კი საფრანგეთის ნაკრების მაისურით დამარცხდა ევროჩემპიონატის ფინალში იმავე რონალდუს პორტუგალიასთან.

და არცაა გასაკვირი, რომ გრიზმანმა ბევრის ბედი გაიზიარა და ფრანს ფუტბოლის რჩეულთა შორის III ადგილი დაიკავა.

პირველი პორტუგალიელი გახლდათ, მეორე – მესი.

2017 – ნეიმარი (პარი სენ-ჟერმენი; ბრაზილია)
გაზაფხულზე ნეიმარმა უდიდესი როლი ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ქამბექში – როცა ბარსამ პარიზული 0:4-ის შემდეგ 6:1 დაამარცხა პარი სენ-ჟერმენი.

ზაფხულში მთელი მსოფლიო მის ტრანსფერზე საუბრობდა – ბრაზილიელმა კამპ ნოუ დატოვა და პარკ დე პრინსს მიაშურა.

შემოდგომით ჩინებული იყო ლიგა 1-ში, მაგრამ წლის მანძილზე შეგდებული 20 გოლის მიუხედავად, ბრაზილიელი ისევ III იყო – რონალდუმ მეხუთედ მოიგო „ოქროს ბურთი“ და მესის გაუთანაბრდა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 დეკემბერი)

ka_GEGeorgian