სხვიტორში, წერეთლებთან: ნონას თასით, ჭადრაკით და ლექსებით

2018 წელს ბათუმმა საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლა და ისე მოხდა, რომ რამდენიმე თვე ბათუმი 2018-ის საორგანიზაციო კომიტეტში გავატარე.

ოლიმპიადასთან დაკავშირებით საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ წლის მანძილზე არაერთი საინტერესო ღონისძიება ჩაატარა და იმ ამბების წყალობით ლამის მთელი საქართველო მოვიარე – კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა, სამეგრელო, გურია… აჭარა ხომ თავისთავად.

ასეთი გასვლების დროს მასპინძლებთან ჩაგვქონდა საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო – ლეგენდარული ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ – ფიდემ, 1997 წელს დააწესა ოლიმპიადის საუკეთესო გუნდისთვის. ამას გარდა, ბათუმი 2018-ის ეგიდით სხვადასხვა კონკურსები ეწყობოდა, ვიქტორინებიც… გამარჯვებულებს კი იმ ოლიმპიადის სუვენირებს ვჩუქნიდით.

მოკლედ, იყო დიდი ჩახუტება და ურთიერთგაგება!

რა რა და ქართველებს ეს ნაღდად არ გვეშლება.

სხვიტორშიც, თავად როსტომ წერეთლის სახლ-მუზეუმშიც ასეთი ამბით მოვხვდი: აგვისტოს ერთ მზიან და მშვენიერ დღეს ნონას თასი სახლ-მუზეუმის გადამწვანებულ ეზოში გამოიფინა, ვიქტორინებიც მოეწყო და რაც არანაკლებ საინტერესოა, როსტომ წერეთლის სახელობის ტრადიციული ლექსების კონკურსი ჩატარდა მოყვარულთა შორის საჭადრაკო ბლიც-ტურნირის თანხლებით. კონ-ტური – ასე ერქვა იმ შეჯიბრს.

ჭადრაკში არა და, ლექსების კონკურსში გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური ავლენდა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძის, სახელოვანი მოჭადრაკის, მსოფლიოს 2-გზის ვიცე-ჩემპიონის და არაერთგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნანა იოსელიანის და საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მაყვალა გონაშვილის შემადგენლობით.

მოკლედ რომ ვთქვა, ყველაფერი ისე იყო, ჩვენ რომ გვეკადრება და გაგვიხარდება: იუმორი, დაძაბული პარტიები და დღის ბოლოს – ტრადიციული ღვინისძიება.

სანამ თავადის ეზოში საჭადრაკო ცხოვრება დუღდა, მე ფოტოებს ვიღებდი, დროდადრო კი სახლ-მუზეუმში შევისეირნებდი ხოლმე – ოთახებს ვათვალიერებდი და მეორე სართულის აივნიდან გადაშლილი მშვენიერი ხედებით ვტკბებოდი.

როსტომ წერეთელი, მოგეხსენებათ, ჭადრაკის დიდი მოყვარული და მშვენიერი მოთამაშეც იყო. თუ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ წაგიკითხავთ, ეგებ როსტომ წერეთლის და თბილისიდან სხვიტორში ჩასული ერთი რუსი პოლკოვნიკის პაექრობაც გახსოვდეთ, დღემდე სიცილით რომ იხსენებენ ჭადრაკის მოყვარულები.

არ გაგონდებათ? არაა პრობლემა, შეგახსენებთ:

როსტომ წერთელმა ჯერ იყო და ახირებული თამაშით გააბრაზა სტუმარი, რომელმაც საჭადრაკო თეორიის არცოდნა დაუწუნა. ჩვენ, ქართველებმაო, – ასე უპასუხა როსტომ წერეთელმა – ერთი კანონის მეტი არა ვიცით რა, ისე უნდა ეთამაშო მეტოქეს, რომ მოუგოო!

მერე, ზედიზედ რომ მოუგო პარტიები და გაცხარებულმა პოლკოვნიკმა აშიბკა, აშიბკა იძახა გაუთავებლად, თავადმა ღიმილით მიუგო: პოლკოვნიკო, ტყუილად ეცდებით ჩემთან გამარჯვებას, სანამ მაგ ვიღაც აშიბკას თავიდან არ მოიშორებთო…

აკაკი წერეთლის თანამედროვეები იხსენებენ, რომ თვითონ პოეტიც მშვენივრად თამაშობდა ჭადრაკს. როცა მშობელს ისე უყვარს ეს თამაში, რომ სახლს საჭადრაკო ფიგურებით რთავს, რა გასაკვირია ბევრს იოლად აშამათებდე?!

კონ-ტური კი ასე დასრულდა: პირველი ადგილი და მთავარი პრიზი კახა სამყურაშვილს ერგო (ის ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორიც გახლდათ), მეორე ადგილზე გიორგი ტყეშელიაძე გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი კახა ქემერტელიძეს დარჩა…

კარგი იყო სხვიტორში.

და ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, იქაურობა ჭადრაკის ყველა მოყვარულმა უნდა ნახოს. ბევრი სახლი იცით, საჭადრაკო ფიგურებით რომაა მორთული? მე – არა.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
2018 წლის 4 აგვისტო

ka_GEGeorgian