კარიერა ფრაზებში #6: ვახტანგ ქორიძე
1976-81 წლები ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეულია: ძალიან ძლიერი დინამო, ერთიმეორეზე უკეთესი მოთამაშეები და რაც მთავარია, ტიტულები, რაც ასე აკლდა ქართლ ფეხბურთს: ჩემპიონობა, ორი თასი, მედლები და ყველაფერ ამის გვირგვინად, ევროპული საკლუბო ჯილდო!
დიდი დინამოს ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ ვახტანგ ქორიძეც, რომელიც ბედის უკუღმართობის გამო ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდ გამარჯვებას დააკლდა, თუმცა მანამდელი ტიტულებისთვის არაფერი დაიშურა.
ვახტანგ ქორიძის კარიერას ქართულ და უცხოურ პრესაში წლების წინ გამოქვეყნებული ინტერვიუების დახმარებით გავიხსენებთ.
…პირველი მწვრთნელები ლერი ვერულიძე და ვალიკო მჟავია იყვნენ, მათთან ბათუმის სპორტსკოლაში ვვარჯიშობდი, მერე კი დუკა რამიშვილის და ნესტორ ჩხატარაშვილის მეთვალყურეობით ვთამაშობდი მშობლიური ბათუმის დინამოს პირველ გუნდში.
…ფეხბურთელის კარიერა სწორედ ბათუმში დავიწყე, 16 წლიდან კი პირველ გუნდში დავწინაურდი. სამი წლის მანძილზე ვთამაშობდი საბჭოთა კავშირის მეორე ლიგაში. 1969 წლის იანვრის ერთ მშვენიერ დღეს თბილისის დინამოს ამხანაგურად გავეჯიბრეთ, მატჩის შემდეგ კი თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა გივი ჩოხელმა დინამოში მიმიწვია. ასე მოვხვდი პირველად საოცნებო კლუბში! თბილისში მხოლოდ ნახევარი წელი გავჩერდი – არ მათამაშებდნენ, მე კი სათადარიგოთა შორის ჯდომა ნაღდად არ მსურდა. ბათუმში დავბრუნდი. ან კი როგორ გავუწევდი კონკურენციას მურთაზ ხურცილავას ან ვახტანგ ჭელიძეს? ჩემზე უფროსები და გაცილებით გამოცდილები იყვნენ.
…როცა 19 წლისა თბილისის დინამოდან მიდიხარ, ცხადია, არც ფიქრობ, რომ იქ ოდესმე დაბრუნდები, მაგრამ ძალიან გამიმართლა და ბედმა მეორე შანსიც მარგუნა. 1974 წელს ბათუმელები გორში ამხანაგურად გავეჯიბრეთ ადგილობრივ დილას. 25 წლის ვიყავი იმ დროს. მერე გავიგე, რომ თამაშს თბილისელთა მაშინდელი მთავარი მწვრთნელი მიხაილ იაკუშინი და მისი თანაშემწე კახი ასათიანიც დაესწრნენ. მათ გორელი თენგიზ ბურჯანაძის საქმეში ხილვა სურდათ, იაკუშინს კი მე მოვეწონე და თბილისში მიხმო. მოგვიანებით ასე მითხრა, შენნაირი ფეხბურთელი მჭირდებოდაო.
…დინამოში მეორედ მისულს პატარა ბიჭი არ მეთქმოდა, მაგრამ თავდაპირველად მაინც ძალიან გამიჭირდა, განსაკუთრებით სეზონისწინა შეკრებებზე. მოსამზადებელი პროცესი მაშინ თითქმის სამ თვეს გრძელდებოდა, აქედან თვე, თვენახევარი ლესელიძეში ვვარჯიშობდით. არ დაიჯერებთ, მაგრამ მენატრებოდა დღეში ორჯერადი წვრთნები – ჩვენ ხომ დღეში სამჯერ გვავარჯიშებდნენ!
…გაგეცინებათ, მაგრამ ძალების აღდგენას შავი შოკოლადით და წითელი ხიზილალით ვცდილობდით. ხილიც გვქონდა. ხიზილალა ბევრს არ უყვარდა, მაგრამ გვაძალებდნენ… რომ ვიხსენებ, მეცინება… ეგ კი არა, იყო პერიოდი, როცა ენერგიისგან დაცლილებს წყლის დალევას გვიშლიდნენ – არაა სასარგებლოო… არადა, წყალი აუცილებელია.
…არაერთხელ მსმენია და ვიზიარებ კიდეც ამ მოსაზრებას: ახალკაცის დინამოს აღმასვლა, რაც 1976 წლიდან დაიწყო, გარკვეულწილად იაკუშინის დამსახურება იყო. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი იმ გუნდს, რომელიც მომდევნო ხუთი წლის მანძილზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო საბჭოთა კავშირში.
…იაკუშინი ძალიან ძლიერი სპეციალისტი იყო, ბიჭებთან ურთიერთობაც იცოდა და თავის საქმე ხომ ხუთიანზე ჰქონდა შესწავლილი! მაგრამ მთავარი, რაც ყველაზე უკეთ გამოსდიოდა, ეს სელექცია იყო. სხვა თუ არაფერი, ვიტალი დარასელიას მაგალითიც კმარა – ერთხელ შეხედა ოჩამჩირის ამირანში მოთამაშე ბიჭს და მიხვდა რაც შეეძლო, მაშინვე დინამოში უხმო.
…ნოდარ ახალკაცი მთავარი მწვრთნელის თანამდებობას კარგად მომზადებული შეხვდა. იაკუშინის დროს ის გუნდის უფროსი იყო, თუმცა მუდმივად ჩართული გახლდათ საწვრთნელ პროცესში. დაინიშნა თუ არა მთავარ მწვრთნელად, ახალი ვარჯიშები დანერგა, სხვა უამრავი სიახლეც შემოიტანა. დანარჩენი, რასაც მიაღწია, უჩემოდაც კარგად იცით.
…1976 წლამდე, ანუ სანამ დინამოს იაკუშინი ხელმძღვანელობდა, ყოველთვის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვიდექი ვახტანგ ჭელიძესთან და ფირუზ კანთელაძესთან ერთად, ახალკაცის მოსვლის შემდეგ კი ნახევარდაცვაში გადავინაცვლე. ფარსადანოვიჩმა მითხრა, მოედანს კარგად ხედავ, ჯანზეც ხარ და სჯობს წინ წაიწიოო. მას შემდეგ სულ ნახევარდაცვაში ვიდექი.
…ახალ ამპლუაში არ გამჭირვებია. ეგ კი არა, უკეთესადაც ვგრძნობდი თავს. რამდენიმე წელიწადი შეუცვლელად ვითამაშე – მატჩი არ გამომიტოვებია, მაგრამ სამწუხაროდ, კარიერაში პირველმა ტრავმამ დამღუპველად იმოქმედა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესმა გამარჯვებამ უჩემოდ ჩაიარა.
…საზარდულის კუნთი გამიწყდა. იმ დროს საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი ვიყავი, იუგოსლავიელებთან უნდა გვეთამაშა. მატჩისწინა ვარჯიშზე, გასახურებლად სველ მინდორზე გასულს ფეხი დამიცურდა და საზარდულს ზევით ტკივილი ვიგრძენი. მინდორზე მაინც გავედი, ტკივილგამაყუჩებლით ვითამაშე, მაგრამ მალე ისეთ დღეში ჩავვარდი, შესვენებაზე შეცვლა ვითხოვე. ეგ იყო და ეგ – იმის მერე კარგად აღარც მითამაშია. ფაქტიურად, კარიერა 29 წლის ასაკში დავასრულე.
…სიგარეტის მოწევა რომ დავიწყე 18 წლის ვიყავი და მერე ვერაფრით დავანებე თავი. ამის შესახებ დინამოში, ცხადია იცოდნენ, მაგრამ რას იზამდნენ? ისე, ახალკაცის დროს შეკრების პერიოდში მოწევაზე 50 მანეთი იყო ჯარიმა, როცა ხელფასი 200 მანეთი გვქონდა. 100 მანეთი ყოველი მოგებული თამაშის შემდეგ გვემატებოდა. ის 50-მანეთიანი ჯარიმა ბევრჯერ გადამიხდია.
…1976 წლის შემოდგომით, თასების მფლობელთა თასზე გასულებმა მეორე წრეში უნგრეთის მტკ-თან თბილისში 1:4 წავაგეთ. ეს იმ მატჩთა კატეგორიიდან იყო, როცა ერთ გუნდს არაფერი გამოსდის, მეორეს კი პირიქით, ყველაფერი. ძალიან ცუდად ვითამაშეთ, ვახტანგ ჭელიძემ, რომელიც მართლა მაგარი მცველი იყო, ფაქტიურად იმ თამაშის შემდეგ დაასრულა კარიერა. მაგრამ მტკ-თან წაგებით ბევრიც ვისწავლეთ. დიდი გამარჯვებები იოლად არასდროს მოდის.
…ჩემს კარიერაში რამდენიმე შეხვედრაა, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ასეთთა შორისაა 1977 წელს თბილისში ვოროშილოვგრადის ზარიასთან გამართული ის სკანდალური თამაშიც, რომელშიც ლიტველმა მსაჯმა იუშკამ უკადრებელი იკადრა. ხალხი მოედანზე გადმოვიდა! მაშინ ჩემპიონატის მოგება შეგვეძლო, მაგრამ დინამოს პირველობა, ეტყობა არავის უნდოდა და… საოცარი სანახავი იყო მინდორზე გადმოსული ათასობით კაცი! საბედნიეროდ, რაიმე უბედურება არ მომხდარა. როცა გულშემატკივრები გადმოიჭრნენ, მათ მხოლოდ ერთი მიზანი“ამოძრავებდათ – მსაჯთან „ურთიერთობის გარკვევა“. მახსოვს, ზარიას ფეხბურთელები ჩვენს გასახდელში დავმალეთ, თორემ სტუმართა ოთახი სულ დალეწილი იყო… არასდროს დამავიწყდება ედუარდ შევარდნაძის საქციელი – როგორია ქვეყნის პირველი პირისგან ასეთ ეგზალტირებულ მასასთან დაცვის გარეშე გასვლა და საუბარი?! ძალიან თამამი ნაბიჯი იყო!
…ოდესის ჩერნომორეცთან ის ცნობილი 3:3 ნაღდად არ იყო ჩაწყობილი, არადა ყველა ამას ამბობს, მოლაპარაკებული იყოო. პირველი ტაიმის შემდეგ 3:0 ვიგებდით, შესვენების შემდეგ კი არ ვიცი რა მოხდა – ორი გოლი ისეთი შორი მანძილიდან გაგვიტანეს, თვალებს ვერ ვუჯერებდი. ავტოგოლზე კი, აბა რა ვთქვა? საკუთარ კარში ბურთი მე კი არა, ბეკენბაუერსაც გაუტანია. დამიჯერებთ ალბათ, რომ თუ რამე არ მსურდა, პირველ რიგში ბურთის ჩვენს კარში შეგდება.
…1978 წელს უეფას თასზე ნაპოლი გვარგუნა წილისყრამ. თბილისში 2:0 მოვიგეთ, საპასუხო თამაშის წინ კი, ნეაპოლში მყოფებმა შევიტყვეთ, რომ ვიტალი დარასელიას ბიჭი შეეძინა! იყო ერთი სიხარული, ხვევნა-კოცნა და მილოცვა, ვიტალიმ კი, ვინც გოლს გაიტანს, მის სახელს დავარქმევ შვილსო. ერთ მომენტში ძალიან კარგად დავარტყი, გოლი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მეკარემ რაღაც სასწაულით მოიგერია ბურთი. დამატებაზე ვიტალიმ იყოჩაღა და პატარასაც მამის სახელი დაენათლა.
…ოცდაათს ვიყავი მიტანებული, საბჭოთა კავშირის ნაკრებში რომ მიხმეს. ნიკიტა სიმონიანი იყო მაშინ მთავარი მწვრთნელი. იცით რა დრო იყო? ქვეყნის პირველ გუნდში 5-6 თბილისელი მუდმივად თამაშობდა. ჩვენ ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზეც შეგვეძლო გასვლა, საამისოდ უნგრელებისთვის უნდა მოგვეგო, მაგრამ ნაკრების მოსკოველმა მეკარე გონტარმა თბილისში ისეთი ბურთები გაუშვა, არც ვიცი რა ვთქვა. ვერ მოვიგეთ და ევროპაზეც ვერ მოვხვდით. გული მწყდება, რომ ნაკრებში მხოლოდ 4-ჯერ ვითამაშე.
…1981 წლის 13 მაისის ღამეს თბილისში ვიყავი, დინამოს ტრიუმფის შემდეგ კი ხალხთან ერთად ქუჩაში მეც გავედი. ის, რაც მაშინ თბილისში ხდებოდა, საოცარი იყო! ასეთი რამე არც მანამდე მინახავს და არც მას შემდეგ: ხალხი ცარიელ სტადიონზე შეიკრიბა, მინდორს, შენობის კედლებს კოცნიდა, მერე კი ვიღაცამ შემამჩნია, ხელში ამიტაცა და კარგა ხანს ასე მატარეს.
…მიხარია, როცა გულშემატკივრები ჩვენს დინამოს იხსენებენ და ამბობენ, ქორიძეს კარგი დარტყმა ჰქონდაო. დასამალი რაა, ასე იყო: თუ რამე მეხერხებოდა, კარგად და ძლიერად დარტყმა. საბედნიეროდ, დინამოში ჩემამდეც და მერეც იყვნენ ფეხბურთელები, ვისაც ეს შეეძლო: იგივე მანუჩარ მაჩაიძე, თენგიზ სულაქველიძე, გია თავაძე და გია გურული.
…1980 წლის დასაწყისიდან ხეირიანად თამაში კი არა, სიარულიც მიჭირდა. ახალკაცს და ასათიანს რამდენჯერმე ვთხოვე გუნდიდან გაშვება, მაგრამ მეუბნებოდნენ, გვჭირდები, გუნდში უნდა იყოო. საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც საჭირო იყო – ფეხბურთში დაბრუნებას ვეღარ შევძლებდი და კარიერაც დავასრულე. კი იცით დინამო ვის დაქვემდებარებაში მყოფი კლუბი იყო. მეც შინაგან საქმეთა სამინისტროში დავიწყე მუშაობა.
…მწვრთნელობა? ამაზე არასდროს მიფიქრია. ყველას ხომ არ შეუძლია? პედაგოგიურ ალღოს და საფეხბურთო ინტელექტს რომ თავი დავანებოთ, გუნდის ხელმძღვანელს სხვა ნებისყოფა და ნერვები სჭირდება. მე ამ საქმისთვის ვერ გამოვდგებოდი.
…გულახდილად გეტყვით, გელას შეეძლო ჩემზე უკეთესი კარიერა ჰქონოდა – მას ყველა მონაცემი ჰქონდა საამისოდ, მაგრამ ძალიან ფიცხი იყო, უსამართლობას ვერ იტანდა და ამის გამო ბევრი დაკარგა. ხშირად მითქვამს მისთვის, მოედანზე ნერვები უნდა მოთოკო-მეთქი, მაგრამ ჭკუის დარიგება, როგორც წესი, არ ჭრიდა.
…60 წლის რომ გავხდი, 2009 წელს, თბილისის და ჩემი მშობლიური ბათუმის დინამოს ვეტერანებმა ამხანაგური შეხვედრა მომიწყვეს. ორივე გუნდში ვითამაშე და თითო გოლიც გავიტანე. ამაზე კარგი საჩუქარი რა უნდა ყოფილიყო? მთავარია, რომ მატჩიც სათანადო ანგარიშით დასრულდა – 3:3.
ვახტანგ ქორიძე
დაიბადა 1949 წლის 24 დეკემბერს
1967-68, 1971-74 წლებში ბათუმის დინამოს მცველი, 1969-70, 1975-80 წლებში თბილისის დინამოს მცველი და ნახევარმცველი, 1981 წელს ლანჩხუთის გურიას მცელი
ტიტულები: სსრკ ჩემპიონი – 1978; სსრკ ვიცე-ჩემპიონი – 1977; სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა); სსრკ თასი – 1976, 1979; სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი – 1979; სსრკ სპორტის ოსტატი – 1975; სპორტის რაინდი (საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთ სამინისტრო) – 2011; ღირსების ორდენი
სსრკ ნაკრებში: 4 მატჩი, 1 გოლი (1979)
ლაშა გოდუაძე (წიგნიდან „კარიერა ფრაზებში“; 2019)
ფოტო: www.sport.gov.ge