ტურ დე ფრანსი 2019 – ლეგენდები: ედი მერქსი

106-ე ტურ დე ფრანსი ორი დღის წინ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში დაიწყო. რბოლის ორგანიზატორებმა ეს გადაწყვეტილება ლეგენდარული ედი მერქსის პატივსაცემად მიიღეს. ზუსტად 50 წლის წინ, 1969 წელს მერქსმა პირველად მოიგო პრესტიჟული გრან ტური და წლევანდელი სტარტიც ამიტომ დაინიშნა მის სამშობლოში.

ველოსპორტის ბევრი სპეციალისტი ედი მერქსს ყველა დროის უდიდეს მრბოლად მიიჩნევს. სრულიად სამართლიანად: სხვა გამარჯვებებზე რომ არაფერი ვთქვათ, ის გრან ტურების 11-გზის ტრიუმფატორია!

1969, 1970, 1971, 1972 და 1974 წლებში მან საფრანგეთში გაიხარა, 1968, 1970, 1972, 1973 და 1974 წლებში ჯირო დ’იტალია მოიგო, 1973 წელს კი ვუელტა.

გრან ტურებზე 11 ტრიუმფის გარდა მერქსი უამრავი კლასიკური რბოლის ტრიუმფატორიცაა, თუმცა ის ასევე წარმატებით ასპარეზობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე, სადაც 4-ჯერ დაეუფლა ოქროს მედალს.

ბელგიელის სიდიადეზე ეს რიცხვიც მეტყველებს: პროფესიონალ ველომრბოლთა შორის ყველაზე მეტი გამარჯვება სწორედ მან იზეიმა – 525!

ის ტურ დე ფრანსის არაერთი შთამბეჭდავი რეკორდის მფლობელიცაა: ყველაზე მეტი ეტაპი მოიგო – 34; ერთ წელს ყველაზე მეტ ეტაპზე გაიმარჯვა – 8, 1969 წელს კი გახდა პირველი, რომელმაც ტურ დე ფრანსი მოიგო, პარალელურად კი ქულათა ჩათვლაში და სამთო პირველობაზე გაიმარჯვა.

1978 წლის 18 მაისს ედი მერქსმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მოგვიანებით კი ველოსიპედების მწარმოებელი კომპანია გახსნა.

ბოლო დროს ლეგენდარული ბელგიელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობს და სხვადასხვა ტურების პოპულარიზაციისთვის იღწვის.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 8 ივლისი)

ka_GEGeorgian