მატიის დე ლიხტი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდაა
მატიის დე ლიხტი ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია!
ტურინის იუვენტუსის 20 წლის ახალწვეულმა რაიმონ კოპას ჯილდოსთვის ბრძოლაში დორტმუნდის ბორუსიის ინგლისელ შემტევ ჯეიდონ სანჩოს და მადრიდის ატლეტიკოს პორტუგალიელ ფორვარდ ჟოაუ ფელიშს აჯობა.
რაიმონ კოპას სახელობის ჯილდო ფრანს ფუტბოლის რედაქციამ 2018 წლის დაჯილდოების წინ დააწესა. პრიზის პირველი მფლობელი შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, ფენომენალური შედეგების მქონე კილიან მბაპე გახდა. დღევანდელ ცერემონიალზე ჯილდოს მფლობელი სწორედ მან გამოაცხადა.
მატიის დე ლიხტმა 2019 წლის პირველი ნახევარი ამსტერდამის აიაქსში გაატარა, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშიც იასპარეზა, ნიდერლანდებში კი ჩემპიონის ტიტულიც მოიგო და თასიც. ამას გარდა ის ნაკრებთან ერთად უეფას ერთა ლიგის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.
ზაფხულში დე ლიხტი იუვენტუსს შეუერთდა და ტურინული გუნდის დაცვის ძირითად წევრად იქცა. მიმდინარე სეზონში მან უკვე 15-ჯერ ითამაშა იუვენტუსის შავ-თეთრი მაისურით და 1 გოლი გაიტანა.
მატიის დე ლიხტის დებიუტი ნიდერლანდების ნაკრებში 2017 წელს შედგა. მან უკვე 23-ჯერ ითამაშა ქვეყნის მთავარ გუნდში და 2 გოლიც შეაგდო.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 დეკემბერი)