ევროპის I თამაშები: მშვენიერია – ორი მედალი ერთ ხალიჩაზე!
ევროპის I თამაშებზე მონაწილე საქართველოსთვის 17 ივნისი ძალიან წარმატებული გამოდგა – ჩვენმა გუნდმა ერთბაშად 3 მედალი მოიპოვა!
ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე მშვილდოსნების მიერ მოგებულ ვერცხლს ჰეიდარ ალიევის სახელობის დარბაზში თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დღის ბოლოს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მიუმატეს!
74კგ წონით კატეგორიაში ჯუმბერ ყველაშვილი III ადგილზე გავიდა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მან ბელარუს ალი შაბანაუს აჯობა, ცოტა ხანში კი 97კგ-ში ელიზბარ ოდიკაძე გადამწყვეტ შეხვედრაში მასპინძელთა ფავორიტთან, ხეთაგ გაზიუმოვთან დამარცხდა. გაზიუმოვი აშკარა ფავორიტი იყო, თუმცა გაჭირვებით მოიგო – 3:1. მასპინძელთა მორიგი ჩემპიონის ტრიუმფს ქვეყნის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან და შვილებთან ერთად დაესწრო.
ინფორმაციისთვის: გაზიუმოვი თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭიდავეა, მისი მონაგარი კი თვალისმომჭრელია – ლონდონის და პეკინის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალოსანია, მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონი და 3-გზის ვერცხლის პრიზიორი გახლავთ, 2009-11 წლებში ევროპირველობის 3 ოქროს მედალი მოიგო, შარშან კი ვიცე-ჩემპიონი გახდა…
დიდებული იქნებოდა ვერცხლის მედლით დაწყებული 17 ივნისის საღამო ევროპის თამაშების პირველი ოქროს მედლით დასრულებულიყო, მაგრამ არაუშავს – უმედლოდ გალეული საწყისი დღეების შემდეგ ორ საათში მოპოვებულ 3 ჯილდოს ურიგო ნამდვილად არ ეთქმის. ეგეც არ იყოს, წინ კიდევ 11 საშეჯიბრო დღეა და დარწმუნებული ვარ, რომ ოქრო აუცილებლად ჩაჩხრიალდება ჩვენი გუნდის ყულაბაში.
ხვალ, 18 ივნისს საქართველოს თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ 4 წევრი ეცდება მედლის მოგებას: ბექა ლომთაძე (61კგ), დავით ტლაშაძე (70კგ), სანდრო ამინაშვილი (86კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) თბილისის დროით 10 საათიდან დაიწყებენ ასპარეზობას, დაახლოებით იმავე პერიოდში წყალში მხტომელი თამარ სიჭინავა დადგება კოშკურაზე, ველომრბოლი გიორგი ნარეკლიშვილი კი შუადღიდან ჩაერთვება კონტინენტურ თამაშებში.
ხვალამდე.
მშვიდობას, ქართველი სპორტსმენების წარმატებას და სიხარულს გისურვებთ!
ლაშა გოდუაძე ბაქოდან (www.msy.gov.ge; 2015 წლის 17 ივნისი)
ფოტო: ლაშა გოდუაძე