რეალი 1:4 აიაქსი 10 ფაქტით

ჩემპიონთა ლიგის ბოლო 3 გათამაშების ტრიუმფატორის, მადრიდის რეალის 1:4 წაგება შინ ამსტერდამის აიაქსთან ევროპული საფეხბურთო გამოცემების ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა.
ნიდერლანდელთა ტრიუმფი, ალბათ, ბევრმა თქვენგანმა ნახა.
აჭარასპორტი 10 გამორჩეულ ფაქტს შეგახსენებთ, რომელიც ამ შეხვედრაში და მატჩის საბოლოო ანგარიშით დაფიქსირდა.

1: 2012-13 წლების სეზონის ლონდონის ჩელსის შემდეგ რეალი ჩემპიონთა ლიგის პირველი გამარჯვებულია, რომელიც გათამაშებას 1/8-ფინალში გამოეთიშა.

2: რეალი პირველია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩი 2:1 მოიგო და შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდა.

3: სამეფო კლუბმა ზედიზედ 4 საშინაო მატჩი წააგო, ასეთი რამ კი საკლუბო ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა. სანტიაგო სოლარის გუნდი აიაქსამდე ლა ლიგაში დამარცხდა ჟირონასთან (1:2) და ბარსელონასთან ჩემპიონატში (0:1) და თასზე (0:3).

4: ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის მანძილზე – 1955-56 წლების სეზონიდან – რეალმა პირველად წააგო შინ ასეთი დიდი ანგარიშით.

5: ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობის მანძილზე ამსტერდამის აიაქსმა 48 შეხვედრაში გახსნა ანგარიში და არცერთი არ წააგო: 40 გამარჯვება და 8 ფრე.

6: ნიდერლანდების ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა პირველად დაძლია ფლეი-ოფის ეტაპი 1996-97 წლების სეზონის შემდეგ.

7: აიაქსი მხოლოდ და მხოლოდ მე-3 კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩში 4 გოლი გაიტანა სანტიაგო ბერნაბეუზე. პირველად ეს მიუნხენის ბაიერნმა შეძლო 2000 წელს – 4:2, მეორედ კი გელზენკირხენის შალკე 04-მა 2015 წელს – 4:3.

8: აიაქსი მხოლოდ მეორეა, რომელმაც რეალს 2-მატჩიანი დაპირისპირება პირველი თამაშის წაგების შემდეგ მოუგო.

9: ამსტერდამელთა სერბმა ლიდერმა დუშან ტადიჩმა ამ გათამაშებაში 6 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

10: ფინელი იარი ლიტმანენის შემდეგ ტადიჩი მხოლოდ მეორე აიაქსელია, რომელმაც ლიგის ერთ გათამაშებაში 6 გოლი გაიტანა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 მარტი)

ka_GEGeorgian