ვეილეში: შურიანის ჩანაწერები

ვეილეში იმ უცნაური ამბით მოვხვდი, რომელიც კიევ-პეჩორის ლავრისადმი მიძღვნილი წერილის დასაწყისში მოვყევი.

ისე მოხდა, რომ 2009 წლის ოქტომბერში საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისთვის დანიის ვიზები კიევში გავაკეთე და რადგან გუნდის წევრების გარდა მხოლოდ მე მქონდა შესაბამისი საბუთი, გოგონებსაც დანიაში მე გავყევი.

თბილისი-პრაღა-კოპენჰაგენი – ასე ჩავედით მე და ქალთა ნაკრები დანიის დედაქალაქში და იქიდან მასპინძლებმა ავტობუსით ჩაგვიყვანეს ვეილეში. დაახლოებით 3 საათი ვიმგზავრეთ და ზღვაზე გადებული უცნაური ხიდიც გადავიარეთ. უცნაური იმიტომ, რომ მარჯვენა მხრიდან მატარებელი მოგვყვებოდა, რომელმაც სადღაც ხიდის შუაში ზღვაში „ჩაყვინთა“ და ასე გააგრძელა გზა ნაპირამდე.

ვეილე კი ტიპური სკანდინავიური ქალაქია: პატარა, მოვლილი, წარმოუდგენლად სუფთა და შაბათ-კვირას… ლამის უკაცრიელი! კვირას განსაკუთრებით.

თამაშის მეორე დღეს ქალაქში გავისეირნე და ასე მეგონა ფანტასტიკურ ფილმში მოვხვდი, აი 2300 და ეგეთ წლებში რომ ვითარდება მოვლენები – ქუჩებში რამდენიმე ადამიანი შემხვდა, თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო და მათ შორის კაფეები, ავტომანქანები კი დროდადრო თუ გამოჩნდებოდნენ…

ცარიელ ქალაქში სეირნობას თავის ხიბლი აქვს. თუ არსად გეჩქარება და ამინდიც ხელს გიწყობს, დატკბი სიჩუმით და სანახაობით.

თავისუფალი დრო თითქმის არ მქონდა და ის 3 საათი, რაც გამოვნახე, სასტუმროდან ქალაქის მთავარ სავაჭრო ცენტრამდე მისასვლელად და უკან მეყო. მეტი ვეღარ ვნახე, არადა, ვეილეს ახალი საცხოვრებელი კვარტალი, უცნაური არქიტექტურით რომაა ცნობილი, ძალიან მაინტერესებდა.

და ერთი დღეც რომ მქონოდა, ლეგოლენდსაც ვეწვეოდი – იქვეა, რამდენიმე კილომეტრში. ამ და სხვა საინტერესო ამბების შესახებ ჯერ კიდევ გამგზავრებამდე წავიკითხე.

რადგან ფეხბურთის გამო მოვხვდი ვეილეში, ამასაც დავწერ:

წლების წინ ვეილე დანიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო, ბოლო ხანებში კი სხვებმა ჩაანაცვლეს, ქალაქში კი უფრო პოპულარული ხელბურთელთა კლუბი გახდა;

ვეილეში დაიბადა ალან სიმონსენი, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დანიელი ფეხბურთელი, რომელმაც 1977 წელს ფრანს ფუტბოლის რეფერენდუმში გაიმარჯვა და ევროპის საუკეთესო მოთამაშისთვის განკუთვნილი „ოქროს ბურთი“ მოიგო;

საფეხბურთო კლუბ ვეილეს სტადიონი წარმოუდგენლად ლამაზ, მწვანეში ჩაფლულ უბანშია აგებული. გგონია, რომ ქალაქიდან გადიხარ, ამ დროს კი ტყეში გაკვალული სამანქანო გზა მთავრდება და ჰოპლა, პირდაპირ სტადიონის მთავარ შესასვლელთან ხარ!

ვეილეს 4 კატეგორიის სპონსორები ჰყავს. თამაშის დაწყებამდე სტადიონის ფოიეში გაკრული აბრები დავათვალიერე და ყველაზე დაბალ კატეგორიაში თითქმის 50-მდე მხარდამჭერის ემბლემა დავთვალე; „ვერცხლის“ კატეგორიაში შედარებით ნაკლები კომპანია იყო მოხსენიებული, პირველ, ანუ „ოქროს“ სიაში 20-მდე ორგანიზაცია, ხოლო უმაღლეს, „პლატინის“ ჩამონათვალში – 10 სპონსორი! ამ უკანასკნელთ, როგორც ჩვენმა მასპინძელმა მითხრა, ვეილეს სტადიონის საპატიო სტუმართა ლოჟაში 20 ადგილი ეთმობათ.

100-მდე სპონსორი და მხარდამჭერი დანიის ერთ რიგით, საშუალო კლუბს, რომელიც შიდა ტიტულებზე არაფერს ვიტყვი და, ევროპის საკლუბო ტურნირების საგზურის მოპოვებასაც კი დროგამოშვებით თუ ახერხებს!

მოკლედ, მაგრად შემშურდა!

შემშურდა ყველაფერი: სპონსორები, განწყობაც, სტადიონის ადგილმდებარეობაც და რა ვიცი, თეთრ-წითელ საღებავებით სახემოხატული ოქროსფერკულულებიანი პატარა დანიელი გულშემატკივრები მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე რომ მოვიდნენ სტადიონზე, თამაშის დამთავრებამდე რომ მთელი ძალით აფრიალებდნენ დროშებს და მატჩის შემდეგ, გასასვლელთან ლოყებაღაჟღაჟებულნი რომ ელოდნენ საყვარელი ფეხბურთელების გამოჩენას, ესეც!

იქ, ვეილეს პატარა სტადიონზე, ფეხბურთი ზეიმი იყო.

და სწორედ ეს ზეიმი შემშურდა!

ხოლო თუ ანგარიში გაინტერესებთ, აქ არ დავწერ.

მერიდება.

ასეთი საშინელი სხვაობით საქართველოს რომელიმე ნაკრებს კი არა, მგონი მინი-ფეხბურთის გუნდსაც არასდროს წაუგია.

და თუ მაინცა და მაინც სტატისტიკის მოყვარული ბრძანდებით, ვეილეს ფოტოები დაათვალიერეთ. ერთ-ერთი ბოლო წუთზე გადავიღე და მასზე ჯერ კიდევ ჩანს ტაბლო და საბოლოო ანგარიში.

ლაშა გოდუაძე
ჩემი ფოტოები (გასადიდებლად დააჭირეთ ფოტოს)
ვეილე, დანია; 2009 წლის 23 ოქტომბერი

ka_GEGeorgian