აბსურდი იტალიაში: 20:0!
იტალიის სერია C-ს A ჯგუფში დღეს უცნაური ანგარიში დაფიქსირდა: კუნეო 1905-მა 20:0 სძლია ბოლოადგილოსან პრო პიაჩენცა 1919-ს. I ტაიმის ბოლოს ანგარიში 16:0 იყო.
პრო პიაჩენცა ლიგის მაჩანჩალაა – 19 ტურში მხოლოდ 8 ქულა აქვს. ცნობილია ისიც, რომ კლუბში ფინანსური კრიზისია, მაგრამ კატასტროფულ ანგარიშს სხვა, აბსურდული მიზეზი აქვს: დღევანდელი მატჩი გუნდმა… 7 ფეხბურთელით დაიწყო! მეკარის და 6 მოთამაშის გარდა არავინ მივიდა, მათ შორის სამწვრთნელო შტაბი. მერვე პიაჩენცელი მხოლოდ II ტაიმში ჩაერთო თამაშში.
გოლების ავტორები, სავარაუდოდ, ნაკლებად გაინტერესებთ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის დავწერთ: ედოარდო დეფენდიმ 5 გოლი შეაგდო და ყველა 22-ე წუთისთვის (იმ დროს ანგარიში 9:0 იყო), ჰიჩემ კანისმა კი მასაც აჯობა – I ტაიმში 6-ჯერ გამოიჩინა თავი! მათთან შედარებით მიკელე ემაუსოს და ფრანჩესკო დე სტეფანოს ჰეთ-თრიქების ხსენება, ალბათ, არც ღირს.
სხვა სტატისტიკა თუ დაგაინტერესებთ, გეტყვით, რომ ბურთის ფლობა 95%-5%-ზე იყო, კარის მიმართულებით დარტყმები კი 35:0.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 თებერვალი)