ურუგვაი 1930: 11 საინტერესო ამბავი მსოფლიოს I ჩემპიონატზე

ფეხბურთის ისტორიაში 13 ივლისი გამორჩეული თარიღია – მსოფლიო ჩემპიონატების ეგიდით პირველი თამაშები სწორედ ამ დღეს, 1930 წლის 13 ივლისს გაიმართა.
ოქროს თასის პირველ გათამაშებას 90 წლის წინ ურუგვაიმ უმასპინძლა.
რატომ გადაწყვიტა ფიფამ მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ ამერიკის ამ პატარა ქვეყანაში ჩატარება?
რომელი ქვეყნის მონარქმა დაასახელა ნაკრების ფეხბურთელები?
ვინ გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატების პირველი გოლი?
დღეს, მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის პირველი სათამაშო დღიდან ზუსტად 90 წლის შემდეგ, ურუგვაი 1930-ის შესახებ 11 საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ.

1: მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის მასპინძლობა 6 ქვეყანას სურდა – ევროპიდან იტალიას, შვედეთს, ნიდერლანდებს, ესპანეთს და უნგრეთს, სამხრეთ ამერიკიდან კი მხოლოდ ურუგვაის.
ფიფამ მასპინძლად ურუგვაი დაასახელა.
რატომ?
ქვეყანა 1930 წელს პირველი კონსტიტუციის საუკუნოვან იუბილეს ზეიმობდა, ამას გარდა, ორგანიზატორებმა ფიფას ფრანგ პრეზიდენტ ჟიულ რიმეს ყველა ხარჯის საკუთარ თავზე აღება და ახალი სტადიონის, სენტენატრიოს აგება აღუთქვეს.
ამას გარდა, ფიფამ ურუგვაელთა ავტორიტეტიც გაითვალისწინა – იმ დროს ამ ქვეყნის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო გუნდი იყო, სამხრეთ ამერიკის 6-გზის ჩემპიონი და პარიზის 1924 და ამსტერდამის 1928 წლების ოლიმპიადების გამარჯვებული.

2: ურუგვაი 1930 ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატია, რომლის საკვალიფიკაციო ტურნირი არ გამართულა.
ფინალურ ეტაპზე სამხრეთი ამერიკის 7 და ევროპის 4 გუნდი მონაწილეობდა, რაც ასევე უნიკალური ფაქტია: არცერთ სხვა მსოფლიოზე უთამაშია ასე ბევრ სამხრეთამერიკულ და ასე ცოტა ევროპულ გუნდს!
ამავდროულად, ეს ერთადერთო ტურნირია, რომლის ყველა თამაში ერთ ქალაქში, მონტევიდეოში გაიმართა!
მსოფლიოს I ჩემპიონატის ორგანიზატორები ძალიან კი ეცადნენ, მაგრამ მთავარი არენის – სენტენარიოს დროულად აგება ვერ მოასწრეს. პირველი თამაში ახალ სარბიელზე ტურნირის დაწყებიდან… მე-5 დღეს გაიმართა: 18 ივლისს ურუგვაის ნაკრებმა, 57 735 გულშემატკივრის თვალწინ, ექტორ კასტროს ერთადერთი გოლით სძლია პერუს. სენტენარიოს გარდა თამაშებს პოსიტოსმა და პარკ სენტრალმა უმასპინძლა.

3: მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 თვით ადრე ჯერ კიდევ უცნობი იყო ევროპული გუნდების საკითხი და მხოლოდ ფიფას პრეზიდენტის, ფრანგი ჟიულ რიმეს პირადი ჩარევის შემდეგ გადაწყდა ურუგვაიში საფრანგეთის, ბელგიის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდების გამგზავრება.
მოვიანებით სამეულს რუმინეთიც შეემატა. კარპატელთა საკითხი პირადად რუმინეთის მეფემ, კაროლ II გადაწყვიტა, რომელმაც თავად შეარჩია გუნდის ფეხბურთელები და მგზავრობის ხარჯიც გაიღო.
სხვა ევროპულმა გუნდებმა ურუგვაიში გამგზავრება ერთი მთავარი მიზეზით გადაიფიქრეს – თასის ურუგვაიში გათამაშების გამო ფიფას დროებით განუდგნენ.
რუმინეთის, საფრანგეთის და იუგოსლავიის ნაკრები გუნდები, ასევე ჟიულ რიმე და 3 ევროპელი მსაჯი ურუგვაიში თბომავალ კონტე ვერდეთი გაემგზავრნენ.
ამავე გემით ჩაიტანეს მონტევიდეოში მსოფლიოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი – ქალღმერთ ნიკეს ოქროს ქანდაკება.
საინტერესოა, რომ მონტევიდეოში ასევე კონტე ვერდეთი ჩავიდა ბრაზილიის ნაკრებიც, რომელიც ევროპის დელეგაციას რიო დე ჟანეიროში შეუერთდა.

4: 1930 წლის 13 ივლისს მსოფლიო ჩემპიონატების ეგიდით პირველი მატჩები შედგა. პოსიტოსზე საფრანგეთმა 4:1 სძლია მექსიკას (A ჯგუფი), პარკ სენტრალზე კი ამერიკის ნაკრებმა 3:0 მოუგო ბელგიას (D ჯგუფი).

5: მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა ლუსიენ ლორენმა შეაგდო – მან მე-19 წუთზე დალაშქრა მექსიკელთა კარი.
ის 2005 წელს, 97 წლისა გარდაიცვალა, 7 წლით ადრე კი, 1998 წელს, სენ დენის სტად დე ფრანსზე საპატიო სტუმარი იყო და საფრანგეთის ნაკრების პირველ მსოფლიო ტრიუმფს დაესწრო.

6: საფრანგეთის ნაკრების მეკარე ალექს თეპო პირველია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატებზე 11-მეტრიანი მოიგერია! ეს 19 ივლისს მოხდა, როცა მან 30-ე წუთზე ჩილელ კარლოს ვიდალს არ გაატანინა. ის მატჩი სამხრეთამერიკელებმა მაინც მოიგეს – 1:0.

7: პერუს ნაკრების კაპიტანი პლასიდო გალინდო პირველია, რომელსაც მსაჯმა დროზე ადრე დაატოვებინა მინდორი – რუმინეთთან მატჩის 70-ე წუთზე.
C ჯგუფის ეს მატჩი კიდევ იმითაა საინტერესო, რომ მას მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 300 მაყურებელი დაესწრო!
ოფიციალურ მონაცემებში ფიფა 2 549 მაყურებელს უთითებს, მაგრამ ისტორიკოსების მონაცემებით, იმ დღეს პოსიტოსზე მხოლოდ 300 ქომაგი მივიდა.

8: ამერიკელი ბერტრან ბერტ არტურ პატენოდი მსოფლიო ჩემპინატების ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიქის ავტორია! D ჯგუფში, 17 ივლისს, ამერიკელებმა პარაგვაელებს სწორედ მისი 3 ზუსტი დარტყმის წყალობით სძლიეს – 3:0.
2006 წლამდე ფიფა ჰეთ-თრიქის პირველ ავტორად ურუგვაი 1930-ის საუკეთესო ბომბარდირს, 8 გოლის გამტან არგენტინელ გილერმო სტაბილეს მიიჩნევდა, რომლემაც 3 გოლი 19 ივლისს, მექსიკასთან 6:3 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა.

9: არგენტინის და ურუგვაის ნაკრებმა გუნდებმა ნახევარფინალები 6:1 მოიგეს, რაც უნიკალური შემთხვევაა! ტურნირის მასპინძლებმა იუგოსლავიელებს სძლიეს, არგენტინელებმა – ამერიკელებს.
ურუგვაის წინააღმდეგ მსაჯობით უკმაყოფილო იუგოსლავიელებმა ბრინჯაოს მედლებისთვის თამაში იუარეს.
ურუგვაი 1930 ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონატია, სადაც „მცირე ფინალი“ არ გაიმართა.

10: ურუგვაელი პაბლო დორადო მსოფლიო ჩემპიონატების ფინალში გატანილი პირველი გოლის ავტორი გახლავთ. 30 ივლისს მან მე-12 წუთზე დაამწუხრა არგენტინელები.
ურუგვაიმ 4:2 გაიმარჯვა და ფიფას ოქროს თასის პირველი მფლობელი გახდა!

11: მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის და პირველი ფინალის მონაწილე, არგენტინელი ფრანსისკო ვარალიო 80 წლის შემდეგ, 2010 წლის 30 აგვისტოს, 100 წლისა გარდაიცვალა. ის მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ბოლო მონაწილე გახლდათ.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 13 ივლისი)
ფოტო: www.fifa.com

ka_GEGeorgian