მანჩესტერ სიტის ტრიუმფი რეკორდების თანხლებით

მანჩესტერ სიტიმ მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო ტურნირის, ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში 6:0 გაანადგურა უოტფორდი!

სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ რაჰიმ სტერლინგმა და გაბრიელ ჟესუსმა დუბლი შეასრულეს, დავიდ სილვამ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა კევინ დე ბრუინმა კი თითო გოლი მიითვალეს.

ხოსეპ გვარდიოლას კლუბი პირველი ინგლისური გუნდია, რომელმაც ერთ სეზონში სამივე საშინაო ტურნირი მოიგო: პრემიერლიგა, ლიგის და ასოციაციის თასები. ესპანელი მწვრთნელი იანვარში 4 თასის აწევას გეგმავდა, მაგრამ სიტი ევროპაში ტოტენჰემ ჰოთსფურმა შეაჩერა. აქვე გეტყვით, რომ ბოლოს პრემიერლიგის და ასოციაციის თასის ერთ სეზონში მოგება ლონდონის ჩელსიმ მოახერხა 2009-10 წლების სეზონში. და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ არსენალის (1992-93), ლივერპულის (2000-01) და ჩელსის (2006-07) შემდეგ სიტი მეოთხეა, რომელმაც ერთ სეზონში მოიგო ორივე საშინაო თასი.

6:0 ასოციაციის თასის ფინალის რეკორდის გამეორებაა. ასეთივე უპირატესობით სძლია ბარიმ დერბი ქაუნთის შორეულ 1903 წელს. რაც შეეხება ფინალში გატანილ 6 გოლს, ბარის და მანჩესტერ სიტის გარდა ეს მხოლოდ ბლექბერნ როვერსმა მოახერხა, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში, 1890 წელს შეფილდ უენსდისთან მატჩში – 6:1.

„ზღაპრული სეზონი გვქონდა, რომელიც დიდებულად დავასრულეთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ წარმატებაში წვლილი შეიტანა, განსაკუთრებით კი ფეხბურთელებს, რომლებმაც მთელი სეზონი შეუდარებლად ჩაატარეს“, – განაცხადა ხოსეპ გვარდიოლამ. ესპანელმა სპეციალისტმა მე-3 სეზონი გაატარა მანჩესტერულ კლუბში და უკვე 6 ტიტული მოიგო!

ბარსელონის და ბაიერნის ყოფილი თავკაცი მხოლოდ და მხოლოდ მე-8 მწვრთნელია, რომელმაც სამივე ინგლისური ტიტული მოიგო. პირველად ეს ბილ ნიკოლსონმა მოახერხა, მის შემდეგ კი დონ რივიმ, ჯო მერსერმა, კენი დალგლიშმა, ჯორჯ გრემმა, სერ ალექს ფერგიუსონმა და ჟოზე მოურინიომ.

და ბოლოს, კიდევ 2 საკლუბო მიღწევის შესახებ: სიტი პირველი ინგლისური კლუბია, რომელმაც ერთ სეზონში ყველა ტურნირზე 50 მატჩი მოიგო; ასოციაციის თასის ამ გათამაშებაში შეგდებული 26 გოლი კი მე-3 საუკეთესო მაჩვენებელია ჩარლტონ ატლეტიკის 29 და დერბი ქაუნთის 37 გოლის შემდეგ. ორივე კლუბმა ამ შედეგს 1945-46 წლების გათამაშებაში უწიეს.

ასოციაციის თასის ფინალში მანჩესტერ სიტის ტრიუმფით საბოლოოდ გაირკვა, რომ პრემიერლიგის მეშვიდეადგილოსანი ვულვერჰემპტონ უონდერერსი 2019-20 წლების ევროსეზონში ევროპალიგაზე ითამაშებს. კლუბი II საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება გათამაშებაში.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 19 მაისი)

ka_GEGeorgian