NBA-მ დიდი კაცი დაკარგა

NBA-ის ყოფილი კომისიონერი დევიდ შტერნი 77 წლის ასაკში, ნიუ ნიორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ოჯახის წევრთა გარემოცვაში გარდაიცვალა. ის ჰოსპიტალში 17 დეკემბერს მოათავსეს ინსულტის შემდეგ.

NBA გლობალური ბრენდია და ეს სწორედ დევიდ შტერნის მუხლჩაუხრელი შრომის დამსახურებაა. ეჭვგარეშეა – ის თაობის საუკეთესო ლიდერთა შორის გამორჩეული გახლდათ. ღმერთმა სიმშვიდე დაუმკვიდროს მის სულს“, – ასე გამოეხმაურა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ადამ სილვერი ლეგენდარული მენეჯერის გარდაცვალებას.

დევიდ შტერნი NBA-ის საბჭოს 1978 წელს შეუერთდა, 1980 წელს ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა, 1984 წელს კი მმართველი, ანუ კომისიონერი. ამ თანამდებობაზე 30 წლის მანძილზე, 2014 წლის ჩათვლით მოღვაწეობდა.

შტერნის გამოჩენის დროს, 80-იან წლებში, კალათბურთი სატელევიზიო რეპორტაჟებით და კომერციული კონტრაქტებით ძალიან ჩამორჩებოდა ბეიზბოლს და ამერიკულ ფეხბურთს, მაგრამ ახალი ხელმძღვანელის და მისი გუნდის 30-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ NBA ყველაზე პოპულარულ სპორტულ ლიგად იქცა.

დევიდ შტერნის ხელში NBA-ის მონაწილე კლუბების რაოდენობა 23-დან 30-მდე გაიზარდა, ლიგას 2 კანადური ფრანჩიზა დაემატა, სატელევიზიო უფლებები კი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. ასოციაციის ფინანსურ მხარეზე ერთი ფაქტიც საკმარისია – NBA საშუალო ანაზღაურებით ამერიკის 5 სპორტულ პროფესიულ ლიგას შორის მოწინავეა.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 2 იანვარი)

ka_GEGeorgian