იზრაელ ფოლაუს სასჯელი რაგბის კავშირმაც დაადასტურა
იზრაელ ფოლაუ ავსტრალიის რაგბის კავშირის 3-კაციანმა კომისიამ საბოლოოდ მოკვეთა. მოთამაშესთან დადებული 4-წლიანი კონტრაქტი, რომელიც 2022 წლის ჩათვლით მოქმედებდა, ოფიციალურად შეწყდა და ვერდიქტი განხილვას აღარ ექვემდებარება.
მოთამაშეს არკ-ის გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ ავსტრალიის უზენაეს სასამართლოში შეუძლია.
ამბები, რაც წინ უსწრებდა არკ-ის განცხადებას, კარგადაა ცნობილი. აპრილის დასაწყისში იზრაელ ფოლაუმ ერთ-ერთ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლოთებს, ჰომოსექსუალებს, მოღალატეებს, მატყუარებს, მრუშებს, ქურდებს, ათეისტებს და კერპთაყვანისმცემლებს ჯოჯოხეთი ელით.
მორაგბის პოზიციამ სხვადასხვა კავშირის შეშფოთება გამოიწვია, რის გამოც ავსტრალიის რაგბის მესვეურებმა ფოლაუ გუნდს ჩამოაშორეს, მოთამაშის სპონსორებმა ესიქსმა და ლენდ როვერმა კი მასთან დადებული კონტრაქტები გაწყვიტეს. ავსტრალიის მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ჩეიკამ განაცხადა, რომ ფოლაუს, სათამაშო დონის მიუხედავად, იაპონიის მსოფლიო თასზე, სავარაუდოდ, არ იახლებს.
ფოლაუმ მის წინააღმდეგ შექმნილ სიტუაციას ღმერთისგან მოვლენილი განსაცდელი უწოდა და განაცხადა, რომ ისარგებლა ქვეყნის კონსტიტუციით ყველა ავსტრალიელისთვის მინიჭებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით და უბრალოდ, კონკრეტულ საკითხზე საკუთარი შეხედულება დააფიქსირა.
ავსტრალიის რაგბის კავშირის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოლაუმ თავის საქციელით სხვა ნაბიჯის გადადგმის საშუალება არ დაუტოვა და რომ არკ ყოველთვის იქნება მოთამაშეთა თანასწორობის დამცველი განურჩევლად რელიგიური მრწამსისა თუ სექსუალური ორიენტაციისა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 17 მაისი)