ტოკიოს ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა
ეროვნული ოლიმპიური სტადიონის სიახლოვეს, სადაც გაისად ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია შედგება, იაპონიის ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა.
მუზეუმში დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების და ზოგადად, ოლიმპიური მოძრაობის ისტორიას. ტერიტორიაზე დამთვალიერებლებს შეუძლიათ ნახონ 1964 წლის ტოკიოს ზაფხულის და 1972 წლის საპოროსა და 1998 წლის ნაგანოს ზამთრის თამაშების რეკვიზიტები, ოლიმპიური ფიალები…
მუზეუმის სტუმრები ასევე გაეცნობიან არამარტო იაპონიის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ ისტორიასა და კულტურას, არამედ სპორტის სახეობებს; გარდა ამისა, მათ შეეძლებათ სხვადასხვა დისციპლინებში ოლიმპიელებს შეადარონ საკუთარი შესაძლებლობები.
ოლიმპიურ მუზეუმს განსაკუთრებულობას სძენს 1964 წლის თამაშებზე უცხოელი ათლეტების მიერ ტოკიოში ჩატანილი ნერგებისგან გაზრდილი ხეების მერქნისგან დამზადებული ჭერის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ 55 წლის განმავლობაში ეს ხეები ჰოკაიდოს პრეფექტურის ქალაქ ენგარუში იზრდებოდა.
მუზეუმში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ამსახველი მასალები.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 სექტებერი)