10 ამბავი რეალის ახალწვეულზე
მადრიდის რეალმა 2018-19 წლების სეზონი ერთადერთი ტიტულით დაასრულა – დეკემბერში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. მიუხედავად ამისა, კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უკმაყოფილო დარჩა და სანტიაგო სოლარის შემცვლელად მალევე უხმო ზინედინ ზიდანს.
ლეგენდარული ფრანგი გარკვეული პირობების გარეშე რომ არ დაბრუნდებოდა, ყველამ იცოდა და დღეს მისი პირველი მოთხოვნაც დაკმაყოფილდა: რეალი ახალგაზრდა სერბი ფორვარდით ლუკა იოვიჩით გაძლიერდა.
60 მილიონი ევრო – ეს თანხა ჩარიცხა რეალმა ფრანკფურტის აინტრახტის საბანკო ანგარიშზე.
ლუკა იოვიჩი სეზონის აღმოჩენაა: 10 გოლი შეაგდო ევროპალიგაზე და სულ ცოტა დააკლდა ფინალში თამაშამდე. მიუხედავად ამისა, სერბს ჯერ ბევრი არ იცნობს, მაგრამ მადრიდში იმედოვნებენ, რომ მომავალ სეზონში ლუკას მილიონობით თაყვანისმცემელი ეყოლება.
სამეფო კლუბის სერბ ახალწვეულზე 10 საინტერესო ფაქტს გთავაზობთ:
*-8 წლის იყო იოვიჩი, როცა მამამ ბელგრადის პარტიზანში მიიყვანა სინჯებზე. ბიჭი მოეწონათ და მშობლებს თვეში 500 ევრო შესთავაზეს, თუ ლუკა მათთან ითამაშებდა, მაგრამ მილან იოვიჩმა ეს წინადადება იუარა და დედაქალაქის მეორე კლუბს, ცრვენა ზვეზდას მიაკითხა.
*-მისი კერპი რადამელ ფალკაოა. საინტერესოა, რომ 2014-16 წლებში, როცა იოვიჩი ბელგრადის ცრვენა ზვეზდაში თამაშობდა, ჟურნალისტები მას სათამაშო სტილით სწორედ კოლუმბიელ თავდამსხმელს ადარებდნენ.
*-2014 წლის 28 მაისს პირველად ითამაშა ცრვენა ზვეზდას მაისურით – ვოივოდინასთან შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა და ორ წუთში გოლიც გაიტანა. 16 წლის, 5 თვის და 5 დღისა კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მეგოლე გახდა – დეიან სტანკოვიჩის რეკორდი გააუმჯობესა.
*-2014 წლის 18 ოქტომბერს, პარტიზანის წინააღმდეგ ითამაშა და 16 წლის, 9 თვის და 25 დღისა მარადიული დერბის (ბელგრადული დაპირისპირება) ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე გახდა.
*-2015 წლის ნოემბერში ბოროტმოქმედები ლუკას ფეხების მოტეხვით დაემუქრნენ, თუ ოჯახი თანხას არ გადაიხდიდა. ყაღაჩები მალე დააკავეს.
*-ფრანკფურტის აინტრახტმა ლუკა ლისაბონის ბენფიკიდან ინათხოვრა – პორტუგალიაში სერბმა 2 სეზონში მხოლოდ 2-ჯერ ითამაშა. გერმანულ კლუბში გატარებულ პირველივე სეზონში იოვიჩმა გერმანიის თასი მოიგო – ნახევარფინალში, შალკე 04-ს ერთადერთი გოლი გაუტანა.
*-2018 წლის 4 ივნისს, ჩილესთან ამხანაგურ შეხვედრაში პირველად ითამაშა ნაკრებში, წელს, 20 მარტს კი პირველი სანაკრებო გოლიც შეაგდო – ვოლფსბურგში, გერმანიასთან 1:1 დასრულებულ ამხანაგურში.
*-2018 წლის 19 ოქტომბერს აინტრახტმა 7:1 მოუგო დიუსელდორფის ფორტუნას, 20 წლის იოვიჩმა კი 5 გოლი გაიტანა! ის ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ბუნდესლიგის მატჩში 5 ბურთი შეაგდო.
*-2018-19 წლების ევროპალიგაზე იოვიჩმა 10 გოლი გაიტანა და მხოლოდ ერთით ჩამორჩა ტურნირის საუკეთესო ბომბარდირს, ჩელსის ფრანგ ფორვარდ ოლივიე ჟირუს, რომელმაც მე-11 გოლი ფინალში გაიტანა. უეფას ტექნიკურმა კომისიამ იოვიჩი ევროპალიგის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
*-2019 წლის 17 აპრილს აინტრახტმა კონტრაქტში ჩადებული პუნქტი გამოიყენა და სერბი გამოისყიდა, თვენახევარში კი იოვიჩი რეალში 60 მილიონ ევროდ გაასხვისა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 4 ივნისი)