პოლონელის უდიდესი იუბილე: რობერტ ლევანდოვსკი – 200!
ბაიერნის თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგაში მე-200 გოლი გაიტანა! პოლონელმა ფორვარდმა საიუბილეო ბურთი ყოფილ კლუბs, დორტმუნდის ბორუსიას გაუტანა.
ლევანდოვსკი პირველი არაგერმანელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 200 გოლი გაიტანა. ყველა დროის ბომბარდირებში კი მასზე წინ გერდ მიულერი (365), კლაუს ფიშერი (268), იუპ ჰაინკესი (220) და მანფრედ ბურგსმიულერი (213) არიან. სწორედ ეს უკანასკნელი იყო ბოლო, რომელმაც 200-იანთა კლუბში შეაბიჯა. ეს შორეულ 1990 წელს მოხდა.
30 წლის ლევანდოვსკი 2010-11 წლების სეზონიდან თამაშობს გერმანიის ბუნდესლიგაში: 2010-14 წლებში ის ბორუსიას ფორვარდი გახლდათ და 131 მატჩში 74 ბურთი შეაგდო, მას შემდეგ კი ბაიერნისთვის უტევს და 153 თამაშში უკვე 126 გოლი გაიტანა.
ლევანდოვსკი გერმანიის 6-გზის ჩემპიონი გახლავთ, 2014, 2016 და 2018 წლებში კი ბომბარდირის ჯილდოც ჩაიბარა.
2016-17 წლების სეზონში ის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, 2011-17 წლებში კი 7-ჯერ დაასახელეს პოლონეთის უძლიერეს ფეხბურთელად.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 6 აპრილი)