დინამო Vs ტირანა: 17 წლის წინ

დღეს დინამო ევროსეზონს იწყებს: კოვიდ 19-ის გამო ალბანეთის ტირანას ცარიელ სტადიონზე უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის ერთადერთ მატჩს (რაც იმავე მიზეზითაა განპირობებული) მხოლოდ ოფიციალური პირები და ჟურნალისტები დაესწრებიან.
დინამო 1972 წლიდან ასპარეზობს ევროპის საკლუბო ტურნირებში და არც ისე ბევრ კლუბთან უთამაშია ორჯერ. ტირანა იშვიათი გამონაკლისია: 2003 წლის ზაფხულში, ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე, თბილისელებმა ეროვნულ სტადიონზე 3:0 სძლიეს მეტოქეს და თავი ქუდში ეგონათ, მაგრამ ალბანეთის დედაქალაქში მასპინძლებმა იგივე ანგარიშით მოიგეს, პენალტების სერიაში უფრო ზუსტი აღმოჩნდნენ და ევროსეზონიც გაიხანგრძლივეს.
17 წლის შემდეგ დინამო კიდევ ერთხელ, მეორედ დაუპირისპირდება ტირანას. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს ჩემი საყვარელი გუნდი გამახარებს.
2003 წლის 16 ივლისს, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართულ მატჩს მეც დავესწარი. ამ წერილში 17 წლის წინანდელ ამბებს გავიხსენებ.

* * *

„როცა ტირანას ბარიერს გადავლახავთ, გრაცერთან უკვე ყველაფერი რიგზე იქნება“, – ასე დაასრულა სტადიონზე გამართული თამაშისწინა პრესკონფერენცია დინამოს მაშინდელმა მმართველმა დირექტორმა დავით პეტრიაშვილმა.

ჟურნალისტებთან ის შეხვედრა, რომელსაც ცხონებული დათოს გარდა დინამოს მაშინდელი მარკეტინგის დირექტორი ნიკა კობალავა, უსაფრთხოების ოფიცერი გია ისიანი და საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ბადრი ჯაფარიძეც (დღეს ის პოლიტიკური გაერთიანება ლელოს გენერალური მდივანია) დაესწრნენ, ტირანასთან კარსმომდგარი მატჩის გარდა კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამბავს მიეძღვნა: საქართველოს ჩემპიონის ტიტულის და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნების შემდეგ დინამომ ბორჯომთან გააფორმა ხელშეკრულება. კონტრაქტის დეტალები არ გახმაურებულა, მაგრამ ჯაფარიძის თქმით, შეთანხმება, წარმატების შემთხვევაში კლუბში დამატებით ინვესტიციასაც ითვალისწინებდა.

ერთი სიტყვით, დინამო დიდი იმედით ხვდებოდა ევროსეზონს. თბილისური მატჩის შემდეგ კი ყველა უზომოდ გახარებული იყო: დინამომ ხომ 3:0 მოიგო!

ხორვატი სპეციალისტის ივო შუშაკის გაწვრთნილი კლუბი 49-ე წუთისთვის 3 ბურთით იგებდა: დინამოს ახალწვეულმა ლევან მელქაძემ მე-6 წუთზე თავურით გახსნა ანგარიში (სეხნიების, ლადო ბურდულის და ახალაიას გათამაშებული კომბინაცია დააგვირგვინა) – 1:0; ტაიმის უკანასკნელ წუთზე მელქაძემ გიორგი ანჩაბაძე მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც აუღელვებლად შეაგდო – 2:0; მეორე ტაიმის დაწყებისთანავე კი ალბანელებმა ლადო ახალაია საჯარიმოში წააქციეს და თბილისელთა ერთ-ერთმა ლიდერმა ვიტალი დარასელიამ პენალტით მესამე გოლი გაიტანა – 3:0.

მერე იყო ალბანელების გაცუდებული 11-მეტრიანი – ინდრიტ ფორტუზის დარტყმული ბურთი ირაკლი ზოიძემ დაიჭირა, მატჩის მიწურულს კი თითქმის თანაბარი თამაში და საბოლოოდ 3:0.

3-ბურთიანი უპირატესობა რომ შთამბეჭდავია და გარკვეულწილად დამშვიდების უფლებასაც გაძლევს, ახალი ამბავი არაა. ყველა, ვინც ტირანასთან 3:0-ს დავესწარით, დარწმუნებულნი ვიყავით, რომ დინამო, აშკარა შეცდომების მიუხედავად, საპასუხო თამაშსაც მშვიდად მოილევდა და მომდევნო ეტაპზე ავსტრიის გრაცერს თავდაჯერებული შეხვდებოდა.

სიტყვამ მოიტანა და, ტირანასთან გამარჯვებას ავსტრიული კლუბის სპორტული დირექტორი ოლივერ კოლიც დაესწრო, რომელმაც გაზეთ სარბიელის ჟურნალისტს კობა ინასარიძეს უთხრა: „100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეტოქე დინამოა. მე უკვე თბილისში გრაცერის სავარჯიშო მოედანი შევარჩიე და დავიკავე. აქ რომ ჩამოვალთ, შევარდენზე ვივარჯიშებთ. თამაშით კი, კარგი იქნება თუ ლოკომოტივზე ვითამაშებთ“.

მეორე დღეს გაზეთმა სარბიელმა ასე დაიწყო თამაშის მიმოხილვა: „ესეც ასე – გვაქვს უფლება, თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გასულად ჩავთვალოთ და მომავალი ოთხშაბათის საპასუხო მატჩს ტირანაში მშვიდად დაველოდოთ. 3:0 ისეთი ანგარიშია, რომლის გაბათილებაც უძნელესი საქმეა, მით უფრო იმ გუნდისთვის, რომელსაც ტირანა ჰქვია და ალბანეთიდანაა, საიდანაც ევროთასების მეორე ეტაპი წარმოუდგენლად შორს ჩანს ხოლმე“.

დაახლოებით მსგავსს ამოიკითხავდით გაზეთ სპორტის და ოლიმპის (იმ დროს ბევრი სპორტული გაზეთი და ჟურნალი გამოიცემოდა) მიმოხილვებში. ყველა, არ ვაჭარბებ, მართლა ყველა დარწმუნებულნი ვიყავით, რომ დინამო მომდევნო ეტაპზე იყო გასული და 2 კვირაში გრაცერს დაუპირისპირდებოდა.

მხოლოდ ივო შუშაკი ფრთხილობდა და ისიც ალბათ იმიტომ, რომ გონიერ მწვრთნელს ამჩატება და ბაქიაობა არ შეშვენის. 3:0-ის შემდეგ ხორვატმა სპეციალისტმა თქვა: „ჯერ უფლება არ გვაქვს გამარჯვება ვიზეიმოთ. მხოლოდ პირველი ტაიმი ვითამაშეთ. ბოლო წუთებზე მეოთხე გოლი რომ შეგვეგდო, ეს უკვე სერიოზულად გადაწყვეტდა შემდეგ ეტაპზე გამსვლელის ვინაობას“.

ერთ კვირაში, 23 ივლისს, საპასუხო მატჩი გაიმართა – მეტოქეებმა ტირანაში, ქემალ სტაფაზე ითამაშეს, იქ, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც არაერთხელ გასულა.

ტირანას თავკაცი სულეიმან მემა ერთი დღით ადრე ამბობდა, დინამოს თავიდანვე შევუტევთ და საწყის წუთებში თუ გოლებს გავიტანთ, იდეალური იქნებაო.

გოლები არა, მაგრამ დასაწყისში ალბანელებმა გოლი კი გაიტანეს – სუად ლიკიმ მარცხენა ფლანგიდან შეუტია და შეაგდო – 0:1. დაცვა უხეშად შეცდა და მე თუ მკითხავთ, შუშაკმაც შეცდომა დაუშვა, როცა საპასუხო მატჩი, თუნდაც 3-ბურთიანი უპირატესობის გათვალისწინებით, მხოლოდ 3 მცველით დაიწყო – მთავარი მწვრთნელი ოთარ ხიზანეიშვილს, გიორგი შაშიაშვილსა და ალექსანდრე ამისულაშვილს ენდო, ფლანგები კი ლადო ბურდულს (მარჯვენა) და დავით კვირკველიას (მარცხენა) ჩააბარა.

მე-2 და მე-3 გოლებიც ფლანგური შეტევების შემდეგ გავიდა: კვირკველიას ნაცვლად შეცვლაზე შესულმა კარლოს და როშამ მეორე ნახევრის შუაში ფლანგზე დაკარგა ბურთი, მეტოქეს ვეღარ დაეწია, მან საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი ინდრიტ ფორტუზი უმეთვალყურეოდ დარჩა და… 0:2!

77-ე წუთზე მაჰირ ჰალილიმ მესამეც შეაგდო – კვლავ შეტევა ფლანგიდან, ისევ ჩაწოდება, ისევ შეცდომით გადანაწილებული მცველები და… 0:3!

პირდაპირი ტელერეპორტაჟი არ ყოფილა. გოლები მოგვიანებით ვნახე, ვიდეოჩანაწერიდან მახსოვს. ანგარიშს კი ერთ-ერთი ინტერნეტ-გვერდით ვიგებდი. და 0:3 იყო სრული შოკი, გაბრაზებასაც რომ ვერ ახერხებ, ისეთი.

ძირითად დრო რომ დასრულდა, კომპიუტერს მოვშორდი. დამატებითისთვის ნერვები აღარ მეყო. საბოლოო ანგარიში გვიან ღამით ვნახე, როცა ყველაფერი დასრულებული იყო.

„სირაქლემა არ ვარ, მიწაში თავი რომ ჩავრგო და დაგემალოთ“, – ასე დაიწყო თბილისში დაბრუნებულმა ივო შუშაკმა ჩვენთან, სპორტულ ჟურნალისტებთან შეხვედრა, – „წელიწადნახევარია აქ ვარ, მაგრამ არ მახსოვს, ჩემ შეგირდებს ასე დაბნეულად ეთამაშოთ. მობილიზების გარეშე კი დღევანდელ ფეხბურთში ფონს ვერ გახვალ… ოთხშაბათს მინდორზე ერთი ფეხბურთელიც კი არ გამოჩნდა, გუნდს რომ გაძღოლოდა, გაემხნევებინა. ძალიან ვაგვიანებდით დაცვაში ჩასვლას. ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ წესიერად ვერ შევუტიეთ და ერთი მომენტიც ვერ შევქმენით. დამატებითი დრო დაიწყო თუ არა, შევამჩნიე, რომ უფრო მეტი რეზერვი და ძალა გვქონდა, მაგრამ სიმამაცე არ გვეყო რომ 3, 4 ან 5 ფეხბურთელით იერიშზე გადავსულიყავით. ეს მოთამაშეთა უძლურების ან უცოდინრობის გამო არ მომხდარა, უბრალოდ, ძალიან ბევრი წუნი გვქინდა, ზედიზედ 2 პასის გაკეთებაც კი გვიჭირდა“.

* * *
ერთი კვირის თავზე ტირანამ გრაცერს უმასპინძლა და 1:5 წააგო. ავსტრიელებმა საპასუხო თამაშიც მოიგეს – 2:1.

რაც შეეხება დინამოს, ალბანური შოკის შემდეგ ივო შუშაკის გუნდმა მობილიზება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის I ეტაპი დიდი უპირატესობით მოიგო. გუნდმა იანვარში, მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასზეც გაიბრწყინა და მთავარი ჯილდო თბილისში ჩამოიტანა, მაგრამ შუშაკმა მალე დატოვა გუნდი.

„დაღვრილ რძეზე თუ დიდხანს იფიქრე, მშიერი დარჩები. ჯობს იფიქრო, რომ რძე წყალგარეული იყო“, – ესეც შუშაკის სიტყვებია, ტირანასთან თამაშს მოყოლილი.

ხორვატის უეცარი წასვლის შემდეგ ითქვა, რომ მას ალბანელებთან შერცხვენა არ აპატიეს.

2003-04 წლების სეზონი დინამომ მხოლოდ საქართველოს თასით დახურა, ჩემპიონატი კი მესამე ადგილზე დაასრულა.

16 ივლისი, 2003. ჩემპიონთა ლიგა, I საკვალიფიკაციო ეტაპი. თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი. უმაყურებლოდ
დინამო 3:0 ტირანა (ალბანეთი)
გოლები: 1:0 ლევან მელქაძე (6), 2:0 გიორგი ანჩაბაძე (45), 3:0 ვიტალი დარასელია (49, პენ)
62- წუთზე ირაკლი ზოიძემ ნდრიტ ფორტუზის (ტირანა) პენალტი მოიგერია
დინამო: ირაკლი ზოიძე (დავით გვარამაძე 82), ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი (კაპ), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლადო ბურდული, ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ანჩაბაძე, ვიტალი დარასელია (კარლოს და როშა 87), ლევან მელქაძე (ილია კანდელაკი 67), ლადო ახალაია
მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)
ტირანა: ემანუელ ეგბო, რეზარტ დაბულა, ნევილ დედე (კაპ), ლუან პინარი, სუად ლიკი (ელდორადო მერკოჩი 72), ელვის სინო, ერვინ ბულკუ (გენტიან ჰაიდარი 46), მაჰირ ჰალილი (საიმირ პატუში 46), დევის მუკაი, ინდრიტ ფორტუზი, ფიოდორ ქსაფა
მწვრთნელი: სულეიმან მემა
გაფრთხილება: ოთარ ხიზანეიშვილი, ნევილ დედე, გიორგი ანჩაბაძე
მსაჯები: დევიდ მალკოლმი; დევიდ რედსტერნი, დევიდ ტოდი (ჩრდილოეთი ირლანდია)

23 ივლისი, 2003. ჩემპიონთა ლიგა, I საკვალიფიკაციო ეტაპი. ალბანეთი, ტირანა, ქემალ სტაფა. 3 000
ტირანა (ალბანეთი) 3:0 (პენ 4:2) დინამო
გოლები: 1:0 სუად ლიკი (12), 2:0 ინდრიტ ფორტუზი (64), 3:0 მაჰირ ჰალილი (77)
პენალტების სერია: 1:0 საიმირ პატუში, 1:0 ალექსანდრე გოგობერიშვილი (ააცილა), 2:0 სუად ლიკი, 2:1 ირაკლი სამხარაძე, 3:1 ნევილ დედე, 3:2 ოთარ ხიზანეიშვილი, 4:2 მაჰირ ჰალილი, 4:2 ლადო ახალაია (ააცილა)
ტირანა: ემანუელ ეგბო, ნევილ დედე (კაპ), გენტიან ჰაიდარი, ლუან პინარი, ელვის სინო (ელდორადო მერკოჩი 82), ერვინ ბულკუ (სოკოლ ბულკუ 63), საიმირ პატუში, სუად ლიკი, დევის მუკაი, ინდრიტ ფორტუზი, ფიოდორ ქსაფა (მაჰირ ჰალილი 63)
მწვრთნელი: სულეიმან მემა
დინამო: ირაკლი ზოიძე, ოთარ ხიზანეიშვილი, გიორგი შაშიაშვილი (კაპ), ალექსანდრე ამისულაშვილი, ლადო ბურდული, ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ანჩაბაძე (ილია კანდელაკი 24), ვიტალი დარასელია (კარლოს და როშა 63), ლევან მელქაძე (ირაკლი სამხარაძე 57), ლადო ახალაია
მწვრთნელი: ივო შუშაკი (ხორვატია)
გაფრთხილება: ლევან მელქაძე, ლადო ახალაია
მსაჯები: ალან კელი; ედუარდ ფოლი, მარტინ მოლონი (ირლანდია)

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 19 აგვისტო)
ფოტო: ლაშა გოდუაძე და Georgian Football Archive

ka_GEGeorgian