7 ივნისი: დღე-სასწაული!

ეროვნულმა ნაკრებმა წელს პირველი გამარჯვება იზეიმა: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირში 3:0 დაამარცხა გიბრალტარის ნაკრები.

თამაშის შემდეგ ერთი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინე: 7 ივნისს საქართველოს მთავარმა საფეხბურთო გუნდმა ისტორიაში მეოთხედ ითამაშა და მეოთხედ გაიმარჯვა!

ამიტომაც: თამამად ვამბობ, რომ ჩვენი ფეხბურთისთვის 7 ივნისი დღესასწაულია!

მხოლოდ ფაქტები: საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 7 ივნისს პირველად 1997 წელს ითამაშა – მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში მოლდოვას ბათუმში, დინამოს აწ უკვე დანგრეულ სტადიონზე უმასპინძლა და 2:0 სძლია. იმ შეხვედრაში პირველი გოლი 28-ე წუთზე შოთა არველაძემ გაიტანა (მე-2 გიორგი ქინქლაძემ შეაგდო), გიბრალტართან დღეს მოგებულ მატჩში მე-3 გოლის ავტორის, ვატო არველაძის ბიძამ.

19 წლის შემდეგ, 2016 წლის 7 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჯვაროსნებმა ხეტაფეში ევროპის ზედიზედ ორი ჩემპიონატის მომგები, იმხანად მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი თორნიკე ოქრიაშვილის გოლით 1:0 დაამარცხეს.

2017 წელს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთხელ ითამაშა 7 ივნისს, ამჯერად თბილისში სენტ-კიტსის და ნევისის გუნდთან და გიორგი არაბიძის დუბლით და ლადო დვალიშვილის ზუსტი დარტყმით 3:0 მოიგო.

4 თამაში, 4 გამარჯვება, 9 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი.

და მერე ვინმე იტყვის, რომ 7 ივნისი დღესასწაული არაა?!

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 ივნისი)
ფოტო:
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ka_GEGeorgian