იოჰან კრუიფი – პითაგორა ბუცებში

1996 წელს ნიდერლანდების საფეხბურთო კავშირმა ქვეყნის სუპერთასს მისი სახელი უწოდა.
2003 წელს, უეფას 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ის ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
2004 წელს მან მე-6 ადგილი დაიკავა ყველა დროის უდიდესი ნიდერლანდელების ჩამონათვალში.
2007 წელს ამსტერდამის აიაქსმა მას სამუდამოდ მიანიჭა ნომერი 14.
2010 წელს ბარსელონის საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს.
2016 წელს აიაქსის საშინაო სტადიონს ოფიციალურად მიენიჭა მისი სახელი.
ის ლეგენდაა.
ის იოჰან კრუიფია!
ჟურნალისტმა დევიდ მილერმა მას პითაგორა ბუცებში უწოდა: „სხვას არავის ვიცნობ, ვინც ასე ღრმად ერკვევა ფეხბურთში და ასე საინტერესოდ საუბრობს ამ თამაშზე. იოჰან კრუიფი უდიდესი საფეხბურთო მოაზროვნეა. დარწმუნებული ვარ, ის სხვა სფეროშიც ძალიან წარმატებული იქნებოდა – ის ხომ პითაგორაა ბუცებში“!
2020 წლის პირველ დღეს ლეგენდარული ნიდერლანდელის 10 საინტერესო ნააზრევს წარმოგიდგენთ. ის ხომ ყოველთვის გამოირჩეოდა არაორდინალური ხედვით.

გუნდი
რას არის გუნდი? ის დენთის კასრს მაგონებს: გასახდელში 25 ადამიანია, რომელთაგან მოედანზე მხოლოდ 11 გავა.
გუნდში ყოველთვის განსხვავებული ადამიანები არიან შეკრებილნი, მათი მთავარი ამოცანა კი ათასობით გულშემატკივრის გახარებაა.
ხანდახან ვფიქრობ, რომ ბურთით კარგად თამაში ფეხბურთში ყველაზე უმნიშვნელოა.
მთავარი თანაგუნდელთა ურთიერთდამოკიდებულებაა: ნდობა, პატივისცემა და სიყვარული – წარმატების საფუძვლად სწორედ ეს მესახება.

მწვრთნელი
მისი მთავარი მოვალეობაა ზედმიწევნით ზუსტად აუხსნას მოთამაშეებს, თუ რა სურს.
თუ მწვრთნელი და ფეხბურთელები სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, ეს შედეგზე აუცილებლად უარყოფითად აისახება და ასეთი სპეციალისტი ვერც გუნდში გაჩერდება დიდხანს.
ფეხბურთის სიყვარულზე არაფერს ვამბობ – თუ მწვრთნელი თამაშისადმი გულცივია, მას მომავალი არ აქვს.

კაპიტანი
სამკლავური უნდა ეკეთოს მას, ვინც გუნდის წინსვლაზე ფიქრობს, მის ინტერესებს იცავს და არ ეშინია განსხვავებული აზრის გამოთქმა-დასაბუთება.
თუ მწვრთნელს რაიმე ეშლება, კაპიტანს არ უნდა მოერიდოს და ზრდილობიანად მიუთითოს შეცდომაზე. ასეთ დროს გუნდი მხოლოდ მოიგებს.
ასე მესახება: კაპიტანი სამაგალითო უნდა იყოს თანაგუნდელებისთვის, იმავდროულად კი მაქსიმალურად მომთხოვნი და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული.

მეკარე
ის ძალიან მაღალი დონის მმართველი უნდა იყოს და მთელი შეხვედრის მანძილზე უხელმძღვანელოს დაცვას.
ჩინებულია, თუ მეკარე ბურთს იშვიათად ეხება – ესე იგი, თავის საქმეს კარგად ასრულებს, მაგრამ თუ მუდმივად თამაშშია, გამოდის, რომ მის სამფლობელოში ქაოსია. ასეთ დროს გოლის გაშვების და წაგების შანსი იზრდება.

ბურთის ფლობა
ამ თემაზე უამრავი სისულელე მომისმენია. ბურთის ფლობა მხოლოდ მის შენარჩუნებას არ ნიშნავს. ეს საკმარისი არაა – უნდა იცოდე, თუ რა მოუხერხო მას.
როცა ვამბობ, რომ ბურთს ვფლობთ, მეტოქე არა და ამის გამო გოლის გატანა არ შეუძლია, ეს ნიშნავს: ინიციატივა ჩვენ მხარესაა და მატჩი ჩვენი სცენარით მიმდინარეობს.
ასევე გასათვალისწინებელია, რომ მცველებისთვის ბურთის დიდხანს მიბარება შეცდომაა. როგორც წესი, ნახევარმცველებთან შედარებით ისინი ნაკლებად ტექნიკურები არიან და შესაბამისად, უკეთესია, თუ ბურთს ის ჩაიბარებს, ვინც უკეთ იცის, რა მოუხერხოს მას.
ცენტრალური ნახევარმცველები აუცილებლად ტექნიკურები უნდა იყვნენ, ხოლო თუ ამას მოედნის შუაში რიცხვობრივი უპირატესობაც დაემატება, ეს ბრწყინვალე იქნება.

დაცვა თავდასხმაში
როგორ ფიქრობთ, ჩემ ბარსელონაში ვინ უთმობდა დაცვას ყველაზე დიდ ყურადღებას? არ დაიჯერებთ – რომარიო!
რატომ? მას მეკარის პრესინგს ვავალებდი – კარის დარაჯს სწორედ იმ წერტილიდან უნდა დაეწყო თამაში, სადაც ბურთი აიღო. თუ რომარიო დავალებას კარგად ასრულებდა, ჩვენი მცველები დამატებით 10 მეტრით წინ იწევდნენ.
მარტივად რომ ვთქვა, მეტოქეს უფრო ნაკლებ ფართობზე თამაშს ვაიძულებდით.

11 მცველის წინააღმდეგ
ამბობენ, რომ შეუძლებელია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, მთელი შემადგენლობით რომ იცავს საკუთარ კარს.
ეს შეცდომაა: ასეთ დროს ბურთის ზუსტი და სწრაფი გათამაშება და მუდმივი მოძრაობაა საჭირო!
მოკლე, სწრაფი და ზუსტი პასებით ყრუ დაცვის გარღვევა ადვილია, მაგრამ თუ გუნდი მხოლოდ ბურთს ფლობს და ტემპს არ უმატებს, დაცვაში გამაგრებული მეტოქე სასურველ შედეგს ადვილად მიაღწევს.

ხელმძღვანელები
გარწმუნებთ: თუ კლუბის პრეზიდენტი, როგორც ხელმძღვანელი, სუსტია, მისი ხელქვეითები უფრო სუსტები არიან.
მიმაჩნია, რომ საფეხბურთო კლუბების პრეზიდენტების 80% ძალაუფლების მოყვარული, მაგრამ ძალიან არაკომპეტენტურია. გვხვდებიან აფერისტებიც, რომელთა მთავარი მიზანი მხოლოდ ფულია – ფეხბურთი სულ ფეხებზე ჰკიდიათ.

ბავშვთა ფეხბურთი
ბავშვებს თამაში უნდა ასწავლოს მან, ვინც ფეხბურთით ცხოვრობდა და ვისაც მათთან ურთიერთობა უყვარს. როგორც წესი, ასეთთა აღზრდილები კარგად ფლობენ ბურთს, ჩინებული ტექნიკა აქვთ და დროული პასის მნიშვნელობაც იციან.
რაც შეეხება ათას სამწვრთნელო კურსებმოვლილ სპეციალისტებს, სჯობს თავიანთ კარიერას მიხედონ.
6×6-ზე თამაში იდეალურია ბავშვებისთვის: ასეთ დროს პატარები სწრაფად რეაგირებენ მატჩის მსვლელობაზე, მალე იღებენ გადაწყვეტილებას და ერთმანეთის დაზღვევას სწავლობენ.

სტატისტიკა
ბოლო წლებში სტატისტიკას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა და მგონი, მალე ყველაფერი მარაზმში გადაიზრდება – მოთამაშეებს ყოველ ნაბიჯს უთვლიან, კარში დარტყმის სიხშირით ადგენენ მათ დონეს…
ის, რაც კარგია კალათბურთისთვის, ფეხბურთისთვის მიუღებელია!
მაგალითად, კალათბურთში მოთამაშე, რომელიც 10 ცდიდან 2-ჯერ ჩააგდებს ბურთს, ძალიან დაბალი დონისაა, სუსტია, ამ დროს კი ფეხბურთელი, ვინც კარში ამდენჯერვე დაარტყამს და 2 გოლს გაიტანს, მატჩის გმირი გახდება!
მოკლედ, ყველაფრის სტატისტიკით განსაზღვრა სისულელეა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 1 იანვარი)

ka_GEGeorgian