იცოდით? 20 ფაქტი ენფილდ როუდის შესახებ

*-სარბიელი 1884 წელს აიგო.

*-თავდაპირველად ის ევერტონის სტადიონი იყო, თუმცა 1892 წელს ლივერპული დაარსდა და მას შემდეგ ის წითლების საშინაო არენად იქცა.

*-1884 წლის 28 სექტემბერს ენფილდ როუდმა პირველ შეხვედრას უმასპინძლა: ევერტონმა 5:0 დაამარცხა ერლესთაუნი. იმ დროს ტრიბუნები 8 ათასამდე გულშემატკივარს იტევდა.

*-1888 წლის 8 სექტემბერს სტადიონმა პირველად უმასპინძლა ინგლისის ჩემპიონატის მატჩს – ევერტონი ეკრინგტონს დაუხვდა.

*-1889 წელს ენფილდ როუდზე პირველად ითამაშა ინგლისის ნაკრებმა. 20 ათასი გულშემატკივრის თვალწინ მასპინძლებმა ირლანდიელებს „საფეხბურთო გაკვეთილი“ ჩაუტარეს – 6:1.

*-1892 წლის 1 სექტემბერს ენფილდ როუდზე სათამაშოდ პირველად გავიდა ლივერპული. 200 მაყურებლის თვალწინ მასპინძლებმა როტერჰემ თაუნს 7:1 აჯობეს.

*-1893 წლის 9 სექტემბერს „წითლებმა“ შინ პირველი სალიგო მატჩი ჩაატარეს – ლინკოლნ სითის 4:0 სძლიეს. ენფილდ როუდის ოფიციალურ „ნათლობას“ 5 ათასი გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.

*-1895 წელს დღევანდელი მთავარი ტრიბუნის წინამორბედი აიგო, რომელიც 3 ათას ქომაგზე იყო გათვლილი.

*-1903 წელს მეორე ტრიბუნა აშენდა.

*-1906 წელს, როცა ლივერპულმა ზედიზედ მეორედ იმარჯვა ჩემპიონატში, ენფილდ როუდს მესამე ტრიბუნა შეემატა – ერთ იარუსიანი, 3 ათას ქომაგზე გათვლილი ნაგებობა უოლტონ ბრექ როუდის გასწვრივ აშენდა. საინტერესოა, რომ ჟურნალისტმა ერნესტ ედვარდსმა, რომელიც ლივერპულ დეილი პოსტსა და ლივერპულ ექოში მუშაობდა, ტრიბუნას სპაიონ კოპი შეარქვა, იმ მთის სახელი, რომლის აღებას 1900 წელს, სამხრეთ აფრიკაში ბურებთან ომის დროს რამდენიმე ასეული ინგლისელი ჯარისკაცი შეეწირა. დღეს ამ ტრიბუნას, რომელიც აღმოსავლეთის კარს უკანაა, უბრალოდ კოპი ეწოდება და იქ, როგორც წესი, ყველაზე თავზეხელაღებული ფანები იყრიან თავს.

*-1927 წელს ენფილდ როუდს პირველი დიდი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა: ტევადობა 30 ათასამდე გაიზარდა და რაც მთავარია, ტრიბუნების ნაწილი გადაიხურა.

*-1957 წლის ზაფხულში სტადიონზე განათება დამონტაჟდა, 30 ოქტომბერს კი კლუბმა პირველად ითამაშა ღამით – ევერტონთან მატჩით ლივერპულის ფეხბურთის ასოციაციის 75 წლის იუბილე აღინიშნა.

*-1973 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია მოხდა: ძველი მთავარი ტრიბუნის ნაცვლად, რომელიც მთლიანად დაშალეს, ახალი აიგო. 10 მარტს გამართულ გახსნის ცერემონიალს კენტის გრაფიც დაესწრო.

*-1980 წელს მთავარი ტრიბუნის ქვედა ნაწილში დასადგომი ადგილები გააუქმეს და ყველგან ინდივიდუალური სკამები დაამონტაჟეს. ორი წლის შემდეგ იგივე მოხდა ენფილდ როუდის დასავლეთ ტრიბუნაზეც. გახსნის ცერემონიაში ლეგენდარული მწვრთნელის ბილ შენკლის ქვრივი ნესიც მონაწილეობდა. სწორედ მაშინ ეწოდა სტადიონის ერთ-ერთ ჭიშკარს ბილ შენკლის სახელი, შესასვლელის თაღზე კი საკლუბო ჰიმნის სახელწოდება დამონტაჟდა.

*-1982 წელს მოედნის გათბობის სისტემა დამონტაჟდა.

*-1987 წელს სტადიონი კიდევ ერთხელ კეთილმოეწყო: სკამები წითელ და თეთრ ფერად შეიღება და მთელი სარბიელის გარშემო პოლიციელთა ადგილები განთავსდა.

*-1992 წელს კემლინ როუდის გასწვრივ მდებარე ტრიბუნას მეორე იარუსი დაემატა – რეკონსტრუირებული ნაგებობა 1 სექტემბერს უეფას პრეზიდენტმა ლენარტ იუჰანსონმა გახსნა.

*-1997 წლის 4 დეკემბერს ენფილდ როუდის ტერიტორიაზე ბრინჯაოს 240სმ სიმაღლის ბილ შენკლის ძეგლი დაიდგა, მისი სახელობის ჭიშკრის სიახლოვეს კი ჰილსბროს ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის საპატივცემულო მემორიალი აღიმართა მარადიული ცეცხლით.

*-ენფილდ როუდის მინდვრის სიგრძე 101 მეტრია, სიგანე – 68.

*-პრემიერლიგის დაარსების დღიდან თითოეულ საშინაო მატჩს 400-420 სტუარდი, მინიმუმ 65 პოლიციელი, სასწრაფო დახმარების ორი ბრიგადა და სახანძრო სამსახურის ერთი მანქანა ემსახურება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: რამდენიმე წლის წინ ენფილდ როუდის მთელ ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები და ელექტროჭიშკრები დამონტაჟდა – კლუბმა უეფას მოთხოვნები გაითვალისწინა და უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. დღეს ენფილდ როუდი უეფას ელიტ-კატეგორიის სარბიელთა შორისაა და უმაღლესი დონის საფეხბურთო მატჩების მასპინძლობის უფლება აქვს.

ლაშა გოდუაძე (ჟურნალი ათიანი; 2011)

ka_GEGeorgian