ინგლისი ისევ ფინალს მიღმაა

9 ივნისს უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშების გამარჯვებული გამოვლინდება: პორტუგალია ნიდერლანდებს შეხვდება. ფინალს პორტუს დრაგაო უმასპინძლებს.

ტურნირის მასპინძლებმა ნახევარფინალში კრიშტიანუ რონალდუს ჰეთ-თრიქით შვეიცარია დაამარცხეს – 3:1, რონალდ კუმანის გაწვრთნილმა ნიდერლანდებმა კი გუშინ ამავე ანგარიშით სძლია ინგლისს, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანს.

ინგლისი მარკუს რეშფორდის პენალტით 32-ე წუთზე დაწინაურდა, მაგრამ 73-ე წუთზე მატიის დე ლიხტისგან გაუშვა საპასუხო გოლი, დამატებით დროში კი ჯერ უოკერმა ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში, 114-ე წუთზე კი ქუინსი პრომესმა მესამედ შეარხია ინგლისელთა კარის ბადე.

კვირას, ფინალამდე, ინგლისი და შვეიცარია მესამეადგილოსანს გამოავლენენ, გადამწყვეტი მატჩის გამარჯვებული კი უეფას ახალი, 71 სანტიმეტრი სიმაღლის ვერცხლის თასით დაჯილდოვდება.

ჩემპიონ-პრიზიორთათვის სოლიდური პრემიაა დაწესებული: თასის მფლობელი გუნდის ფეხბურთის ფედერაცია 10.5 მილიონ ევროს მიიღებს, ფინალისტი 9 მილიონით წახალისდება, III-IV ადგილებზე გასულებს კი 8 და 7 მილიონი ევრო გადაეცემათ.
გუშინდელი ნახევარფინალის 5 საინტერესო ფაქტი კი ასეთია:

1: ინგლისელთა კაპიტანმა რაჰიმ სტერლინგმა ნაკრებში 50-ე შეხვედრა ჩაატარა. 24 წლის და 180 დღისა, ის მე-3 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ამდენჯერ ითამაშა ნაკრებში. 50 მატჩი მასზე ადრე მხოლოდ უეინ რუნიმ (23-159) და მაიკლ ოუენმა (23-179) ჩაატარეს.

2: ვირჯილ ვან დაიკმა მეათედ უკაპიტნა ნაკრებს. მისი დებიუტი ქვეყნის პირველ გუნდში 2015 წლის 10 ოქტომბერს შედგა ნურსულტანში, ყაზახეთის წინააღმდეგ (2:1), კაპიტნის სამკლაური კი პირველად შარშან, 23 მარტს, ინგლისთან ამსტერდამში 0:1 წაგებულ შეხვედრაში მოირგო.

3: ბოლო 21 სანაკრებო მატჩში ნიდერლანდელთა თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ 23 გოლში მიიღო მონაწილეობა – 13 ზუსტი დარტყმა და 10 საგოლე გადაცემა.

4: გარეთ საუთგეიტის ხელში ინგლისმა 34-ე შეხვედრა ჩაატარა და მეათედ მოხდა, რომ სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 25 წელს ქვევით იყო. საინტერესოა, რომ საუთგეიტამდე 17-მა მწვრთნელმა 595 საერთაშორისო მატჩში 25 წელზე ახალგაზრდა ძირითადი შემადგენლობა ასევე 10-ჯერ დააყენა.

5: გუშინდელ მატჩში რონალდ კუმანმა მეცამეტედ უხელმძღვანელა ნაკრებს. მისი დებიუტი მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ინგლისის წინააღმდეგ შედგა: 2018 წლის 23 მარტს ამსტერდამში. ინგლისმა ის შეხვედრა 1:0 მოიგო.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 7 ივნისი)

ka_GEGeorgian