კოპა ამერიკა არგენტინა-კოლუბიაში!
სამხრეთ ამერიკის საფეხბურთო კონფედერაციის კონგრესზე გაცხადდა, რომ 2020 წელს კონტინენტის პირველობას არგენტინა და კოლუმბია უმასპინძლებენ. კონმებოლის კონგრესი ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში გაიმართა.
47-ე კოპა ამერიკა 12 ივნისს დაიწყება და 12 ივლისს დასრულდება. კონფედერაციის ათი წევრი ქვეყნის ნაკრების გარდა ტურნირში ორი მოწვეული გუნდიც ითამაშებს. 6-გუნდა ჯგუფებიდან 1/4-ფინალში I-IV ადგილზე გასულები იასპარეზებენ.
ცნობილია, რომ მატჩებს არგენტინის 5 და კოლუმბიის 4 ქალაქი მიიღებს: აველიანედა, კორდობა, ბუენოს აირესი, მენდოსა და სანტიაგო დელ ესტერო არგენტინიდან, ხოლო ბარანკილია, მედელინი, კალი და ბოგოტა კოლუმბიიდან.
კონმებოლის გადაწყვეტილებით, 2020 წლიდან სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ყოველ 4 წელიწადში ერთხელ გაიმართება, ევროპის პირველობის მსგავსად.
შეგახსენებთ, რომ წლევანდელ კოპა ამერიკას 14 ივნისიდან 7 ივლისის ჩათვლით ბრაზილია უმასპინძლებს.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 10 აპრილი)