ემილიანო სალას ტრაგედია: გამოძიება ახალ ეტაპზეა

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დაიკითხონ ის პირები, რომლებიც ტრანსფერში იყვნენ ჩართულნი და ნანტსა და კარდიფ სიტის შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ. ასევე დაწვრილებით უნდა შემოწმდეს გარიგებასთან დაკავშირებით ტრაგედიამდე განხორციელებული ყველა ავიარეისის ტექნიკური მონაცემები“, – განაცხადა ბრიტანეთის ჩარტერული რეისების ასოციაციის მთავარმა აღმასრულებელმა ოფიცერმა დეივ ედვარდსმა BBC უელსთან საუბრისას.

ჯეტი, რომლითაც არგენტინელი ფორვარდი ემილიანო სალა საფრანგეთიდან უელსისკენ მგზავრობდა, 21 იანვარს, ინგლისის ყურეში გაუჩინარდა. მაშველებმა თვითმფრინავის ნაწილები კუნძულ გერნსის ჩრდილო-დასავლეთით, ორკვირიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. მათ სალას ცხედარსაც მიაგნეს, თუმცა დღემდე დაკარგულია პილოტი დევიდ იბოტსონი.

დიდი ბრიტანეთის საჰაერო კატასტროფათა საგამოძიებო განყოფილებამ  – AAIB – უკვე დაადასტურა, რომ იბოტსონი კომერციული რეისების პილოტის ლიცენზიას არ ფლობდა. მას მხოლოდ სტანდარტულ რეისებზე უნდა ემუშავა, ისიც ევროკავშირის ქვეყნებში.

შეგახსენებთ, რომ ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების მხარდამხარ სასამართლო დავა მიმდინარეობს ნანტსა და კარდიფ სიტის შორის. ფრანგები ტრანსფერით გათვალისწინებული 15 მილიონი გირვანქის მიღებას ითხოვენ, უელსური კლუბი კი აცხადებს, რომ ტრაგედიის შემდეგ თანხის გაღებას არ აპირებს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 19 მარტი)

ka_GEGeorgian