ფიფამ აღიარა: მესი საუკეთესოა!
2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია ლეო მესი! წლის რჩეული მილანში გამართულ გალა-დაჯილდოებაზე ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ცერემონიის დასასრულს დაასახელა.
არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ისტორიაში მეექვსედ მოიგო ფიფას ვერსიით წლის მოთამაშის ტიტული, ახალი ჯილდო The Best კი პირველად ჩაიბარა. ფიფა ამ ახალ ინდივიდუალურ თასს 2016 წლიდან გასცემს: პირველი ორი ჯილდო კრიშტიანუ რონალდუმ მოიგო, შარშან კი ლუკა მოდრიჩმა გაიმარჯვა. რონალდუ წელსაც ერთ-ერთი კანდიდატი იყო უეფას წლის მოთამაშის, ლივერპულის ნიდერლანდელი მცველის ვირჯილ ვან დაიკის მხარდამხარ.
„ჩემი ყველა ინდივიდუალური გამარჯვება თანაგუნდელების დამსახურებაა და ამ ტიტულსაც მათ ვუძღვნი. ასეთი აღიარება, რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ფეხბურთი გუნდური თამაშია და მთავარი სწორედ გუნდური ტიტულებია“, – განაცხადა ფიფას რჩეულმა.
2019 წელს ლეომ ბარსელონასთან ერთად ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კი კოპა ამერიკაზე III ადგილზე გავიდა. ამას გარდა მან ლა ლიგის და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გოლეადორისთვის დაწესებული ჯილდოები ირგუნა, ისევე როგორც ევროპის „ოქროს ბუცი“.
The Best-ის მიღებამდე ლეო მესი ფიფამ ზედიზედ მეცამეტედ დაასახელა წლის სიმბოლურ გუნდში.
ფიფას გალა-დაჯილდოებას მილანმა უმასპინძლა, ერთ-ერთი წამყვანი კი ყველა დროის გამორჩეული ნიდერლანდელი მოთამაშე, ევროპის 1988 წლის ჩემპიონი, ფრანს ფუტბოლის 1987 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი რუუდ გულიტი გახლდათ.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 სექტემბერი)