გიორგი ასანიძე: ლაშას აღიარება საქართველოს დაფასებაა

6-13 აპრილს ბათუმში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დასრულდა: ყველაზე მძიმე, +109კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიგო ლაშა ტალახაძემ, ირაკლი თურმანიძე კი II ადგილზე გავიდა.
მათ გარდა ევროპირველობის მედლები მოიგეს შოთა მიშველიძემ (61კგ), გოგა ჩხეიძემ (67კგ), რევაზ დავითაძემ (89კგ), ანტონ პლესნოიმ (96კგ) და ირაკლი ჩხეიძემ (102კგ).
ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გიორგი ასანიძის გაწვრთნილმა გუნდმა ბათუმი 2019 15 მედლით დაასრულა! 5 ოქრო, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ასეთია ქართველი ძალოსნების „აჭარული“ მონაგარი
წლის მთავარი ტურნირი – მსოფლიო ჩემპიონატი ბიჭებს წინ ელით. ჯერ არ არის ცნობილი სად გაიმართება შეჯიბრი, მაგრამ გუნდი უკვე გეგმას მიუყვება და შეკრებებიც დაგეგმილია.
დღეს ქობულეთი ძალოსნობის მოყვარულთა ყურადღების ცენტრშია: ზღვისპირა კურორტი რამდენიმე საათში უდიდეს ღონისძიებას – ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის –
IWF – ყოველწლიურ დაჯილდოებას უმასპინძლებს.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძეს დღეს სწორედ ქობულეთში შევხვდით და მომავალ გეგმებზე ვესაუბრეთ:

…ის, რაც დღეს ქობულეთში ხდება, მხოლოდ ძალოსანთა კი არა, მთლიანად ქართული სპორტის გამარჯვებაა, ლაშას აღიარება კი საქართველოს დაფასებაა! ვულოცავ ლაშას მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ტიტულს, მან ეს პრესტიჟული ჯილდო პატიოსანი შრომით დაიმსახურა! ვულოცავ ლიდია ვალენტინსაც – 2018 წელს ისიც გამორჩეული იყო.

…ევროპის ჩემპიონატი გუნდმა კარგად დაასრულა, მე ვიტყოდი, ყველამ დადებითად გადაჭრა ის ამოცანა, რაც დავუსახეთ. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ შედეგით, მაგრამ ისიც შემიძლია ვთქვა, რომ გუნდს მეტი შეუძლია. იმედისმომცემი ბიჭები გვეზრდება და ვიცი, რომ უახლოეს წლებში შედეგებიც გაუმჯობესდება.

…ბათუმის შემდეგ მცირე ხანს დავისვენეთ, ახლა კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით. შესაძლოა, საქართველო ტურნირის მასპინძელი გახდეს. თუ ასე მოხდა, ჩინებული იქნება, მაგრამ მოსამზადებელ პროცესზე ეს არ იმოქმედებს.

…მსოფლიო ჩემპიონატი ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირია და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე შეკრება გვაქვს დაგეგმილი და გუნდმა უკვე ყველაფერი იცის. თითოეული შეკრება სხვადასხვა მიზანს ემსახურება, უშუალოდ შედეგების ანუ წონის გაუმჯობესებას კი ბოლო წვრთნებზე ვეცდებით.

…ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ოლიმპიადაზე მთელ გუნდს წავიყვანდი, მაგრამ იცით, რომ ასე არ ხდება. ამიტომ, ტოკიოში მხოლოდ საუკეთესოები, მედლის კანდიდატები გაემგზავრებიან. მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატი და საგაისო ევროპირველობა უფრო ნათლად დაგვანახებს, ვის შეეძლება ოლიმპიური ჯილდოსთვის ბრძოლა.

…ტალახაძეზე ბევრს არაფერს ვიტყვი: ის ფენომენალური მონაცემების მქონე ათლეტია და მინდა, რომ დიდხანს დარჩეს ამ სპორტში. აქამდე მოპოვებულ მედლებზე არაფერს ვიტყვი – მას მეტის მოგების შანსი აქვს. ტალახაძე არათუ მსოფლიოს წლევანდელი და საგაისო ევროპირველობის, ტოკიოს ოლიმპიადის ფავორიტად მიმაჩნია. ვიმედოვნებ, ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება.

…ლაშას წონაშია ჩვენი გუნდის კაპიტანი ირაკლი თურმანიძე და ვფიქრობ, მას შეუძლია მსოფლიოზე მედლის მოგება. ეს ირაკლიმაც კარგად იცის. ობიექტურად, მისი შედეგები ლაშას რეკორდებს ჩამოუვარდება, მაგრამ დანარჩენებთან კონკურენტუნარიანია, რაც რიოს ოლიმპიადაზე და ევროპის ჩემპიონატებზეც არაერთხელ დაამტკიცა.

…მეიმედება რევაზ დავითაძის – ბრძოლისუნარიანია, უტეხი სულის ათლეტია და დაამტკიცა კიდეც, რომ ერთი შეხედვით წაგებულ სიტუაციაშიც შეუძლია მედლის მოგება. კარგი ბიჭები არიან გოგა და ირაკლი ჩხეიძეები, შოთა მიშველიძე, ანტონ პლესნოი… ძლიერი ძალოსნები არიან და შედეგებს აუმჯობესებენ. როგორც მწვრთნელს, ეს, ძალიან მიხარია.

…ახლა ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა 5-6 მედალი უნდა მოიგოს. ყოველ შემთხვევაში, ამ შედეგის მეიმედება.

…ეროვნულ გუნდს ვხელმძღვანელობ და ცხადია, ფედერაციის საქმიანობაშიც ჩართული ვარ. კახი კახიაშვილი ჩემი მეგობარია, მაგრამ ამას ამიტომ არ ვამბობ: მისნაირი პრეზიდენტი იშვიათია! კახიმ უამრავი რამ გააკეთა ქართული ძალოსნობისთვის, ბევრი მეგობარი და თანამოაზრე შემოიკრიბა, რაც გულს მიხარებს. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენ მხარდამჭერებს, რომ არა მათი ძალისხმევა, ყურადღება და თანადგომა, ნამდვილად გაგვიჭირდებოდა იმ შედეგების მიღწევა, რაც გვაქვს.

ლაშა გოდუაძე ქობულეთიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 მაისი)

ka_GEGeorgian