რაფა ნადალი ჩემპიონია!
7:5, 6:3, 5:7, 4:6, 6:4 – რაფაელ ნადალმა საოცარ შეხვედრაში სძლია მე-5 ნომრად განთესილ რუს დანიილ მედვედევს და ამერიკის ღია პირველობა მოიგო! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო წლის ბოლო სლემის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფინალი!
4:50 საათი – ეს დრო დასჭირდა 33 წლის ესპანელს მე-19 გრან სლემის მოსაგებად. პაექრობა კიდევ 4 წუთს რომ გაგრძელებულიყო, ამერიკის ღია პირველობის ყველაზე ხანგრძლივი ფინალი იქნებოდა, თუმცა ის უამისოდაც აუცილებლად შევა ისტორიაში. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ნადალი გრან სლემებზე მხოლოდ ერთი ტრიუმფით ჩამორჩება როჯერ ფედერერს.
„გიჟური თამაში იყო! ერთ-ერთი საუკეთესო მატჩია ჩემ კარიერაში და ალბათ, ყველა დროის გამორჩეული გამარჯვება“, – განაცხადა მაიორკელმა.
„ვულოცავ რაფას! ის საოცარი მებრძოლია და არ მიკვირს, რომ უკვე 19 სლემი აქვს. ყველა მოთამაშე ინატრებდა მისნაირ კარიერას“, – განაცხადა 23 წლის მედვედევმა. რუსეთის საუკეთესო ჩოგანმა პირველად ითამაშა სლემის ფინალში.
2016 წელს ფლეშინგ მედოუს კორტებზე შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ გაიმარჯვა და მას შემდეგ გათამაშებული 12 სლემი მხოლოდ დიადმა სამეულმა – ფედერერი, ჯოკოვიჩი, ნადალი – მოიგო. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ისინი 30-ს გადაცილებული არიან.
„ვულოცავ რაფას! ბრწყინვალე მატჩი მოიგო და მერამდენედ დაგვანახა, რომ საოცარი ჩოგბურთელია! ასეთად დარჩი რაფა, შენ ჩოგბურთს სჭირდები“! – ამ სიტყვებით მიულოცა ლეგენდარულმა როდ ლეივერმა ესპანელს ტრიუმფი.
2019 წელს ნადალმა როლან გარო და ამერიკის ღია პირველობა მოიგო, ითამაშა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში, უიმბლდონზე კი ნახევარფინალს უწია.
ის ყველაზე ასაკოვანია ჩოგბურთის ისტორიაში, რომელმაც ერთ კალენდარულ წელიწადში ოთხივე სლემის ნახევარფინალში იასპარეზა.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 9 სექტემბერი)