ლეგენდა გრძელდება: პაოლო მალდინიმ მილანი ჩაიბარა

დიდი კაპიტანი მილანის ტექნიკური დირექტორი ხდება. გაძეტა დელო სპორტის ინფორმაციით, პაოლო მალდინი გუნდის აღმასრულებელი დირექტორის ივან გაზიდისის წინადადებას დათანხმდა და დირექტორთა საბჭოში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა დაიკავა.

მილანის რეკორდსმენი და უამრავი ტიტულის მომგები ტექნიკური დირექტორის პოსტზე ლეონარდოს შეცვლის, რომელიც მალე დატოვებს მილანურ კლუბს. გავრცელებული ინფორმაციით, მალდინის თანაშემწეები იქნებიან ანჯელო კარბონე, ჯეფრი მონკადა და იგლი ტარე, რომელიც რომის ლაციოდან გადაბარგდება მილანში. სწორედ ეს გუნდი იქნება პასუხისმგებელი შედეგებზე. არაოფიციალური ინფორმაციით, პაოლოს ერთ-ერთ თანაშემწედ, შესაძლოა, მილანის კიდევ ერთი ლეგენდარული მცველი ალესანდრო კოსტაკურტა დაინიშნოს.

გუნდის თავკაცი კი, ბოლო ცნობით, გენუის სამპდორიის მთავარი მწვრთნელი მარკო ჯამპაოლო გახდება.

2018-19 წლების სეზონი შავ-წითლებმა ჩემპიონთა ლიგის ზონის მიღმა, მე-5 ადგილზე დაასრულეს და ევროპალიგის ჯგუფში თამაში გაინაღდეს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 ივნისი)

ka_GEGeorgian