ტურ დე ფრანსი 2019 – ლეგენდები: ჟაკ ანკეტილი

ჟაკ ანკეტილი 50-60-იანი წლების მსოფლიოს საუკეთესო ველომრბოლი გახლდათ. ის იყო პირველი, რომელმაც ტურ დე ფრანსი 5-ჯერ მოიგო.

ედი მერქსის და ბერნარ ინოს გამოჩენამდე ანკეტილი გრან ტურების რეკორდსმენი იყო – საფრანგეთში 5 ტრიუმფის გარდა 2-ჯერ გაიმარჯვა ჯირო დ’იტალიაზე, ერთხელ კი ვუელტა მოიგო. 8 უდიდესი ტრიუმფის გარდა ანკეტილმა 2-2-ჯერ დაასრულა ჯირო დ’იტალია II და III ადგილებზე.

ანკეტილის დებიუტი ტურ დე ფრანსზე 1957 წელს შედგა. ახალგაზრდა ფრანგმა სადებიუტო რბოლა ტრიუმფით დაასრულა.

1961 წლის ტურ დე ფრანსის წინ განაცხადა, რომ პირველივე ეტაპზე მოიპოვებდა ყვითელ მაისურს და მთელი რბოლის განმავლობაში არავის დაუთმობდა. მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა, მან გულისწადილი აისრულა, რაც უნიკალური მოვლენაა რბოლის ისტორიაში!

1963 წელს, ტურ დე ფრანსის და ვუელტის მოგების შემდეგ, ჟაკ ანკეტილი საფრანგეთის წლის სპორტსმენად დასახელდა, BBC-მ კი წლის საუკეთესო ევროპელ ათლეტად აღიარა.

ანკეტილის სხვა გამარჯვებებიდან აღსანიშნავია ტურ დე ფრანსის 16 ეტაპზე ტრიუმფი, ჯირო დ’იტალიაში 5 გამარჯვება, დანკირკის 4-დღიანი რბოლის ზედიზედ 2-ჯერ მოგება, ასევე იმ დროს პრესტიჟულ ერთა გრან პრიზე 9 ტრიუმფი.

ანკეტილი ასტრონომიით იყო გატაცებული, კოსმონავტ იური გაგარინთან შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ დიდი ხნის ოცნება აისრულა.

ლეგენდარული ფრანგი ველომრბოლი 1987 წლის 18 ნოემბერს, 53 წლისა, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა – ნაწლავების სიმსივნეს შეეწირა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 10 ივლისი)

ka_GEGeorgian