ბუფონის 5 მომავალი რეკორდი

ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი გუშინ იუვენტუსს დაუბრუნდა. 41 წლის იტალიელმა ქვეყნის ყველაზე ტიტულიან კლუბთან 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.
უამრავი ტიტულის მომგები, იტალიის საუკეთესო მეკარედ 12-ჯერ აღიარებული ჯანლუიჯი ტურინში ამჯერად სათადარიგო იქნება – ვოიცეხ შჩესნის შემცვლელად დაბრუნდა.
ბუფონი თვლის, რომ მის ასაკში ესეც ჩინებულია. „კარიერას ძალიან მალე დავასრულებ. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ფეხბურთს აქ, იუვენტუსში გამოვეთხოვები“, – განაცხადა ჯიჯიმ, რომელმაც შჩესნის შეთავაზებული პირველი ნომერი იუარა. მომავალ სეზონში ის 77-ე ნომრით იასპარეზებს. სწორედ ამ ნომრით შედგა მისი დებიუტი სერია ა-ში შორეულ 1995 წელს, როცა ჯერ კიდევ პარმაში ირიცხებოდა.
2019-20 წლების სეზონი მის დიდებულ კარიერაში 25-ეა. როცა ამდენ ხანს თამაშობ უმაღლეს დონეზე, ცხადია, ბევრ საინტერესო მიღწევას მიითვლი. თუმცა არის კიდევ რამდენიმე რეკორდი, რომელთანაც ჯიჯი ძალიან ახლოსაა და სავარაუდოდ, მომავალ ივნისამდე მისი გახდება.
აჭარასპორტი ბუფონის 5 „მიზანს“ გამოარჩევს:

ყველაზე მეტი თამაში სერია ა-ში
დღეს რეკორდსმენი მილანის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ახლო წარსულში შავ-წითლების უცვლელი კაპიტანი პაოლო მალდინია. ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა მცველმა იტალიის ჩემპიონატზე 647-ჯერ ითამაშა, ბუფონი კი 640 მატჩზეა „გაჩერებული“.
სხვათა შორის, იუვენტუსთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში ჩაიდო ერთი სპეციალური პუნქტი, რომელიც მაურიციო სარის ძირითად შემადგენლობაში ბუფონის მინიმუმ 8-ჯერ გამწესებას ავალდებულებს.
2020 წლის ზაფხულისთვის ჯიჯი, სავარაუდოდ, მალდინის რეკორდს გააუმჯობესებს.

ყველაზე მეტი მატჩი სერია ა-ში იუვენტუსის მაისურით
1993-2012 წლებში ალესანდრო დელ პიერომ 18 სეზონი გაატარა სერია ა-ში იუვენტუსის შემადგენლობაში.
პინტურიჩომ შავ-თეთრი მაისურით 478-ჯერ ითამაშა ჩემპიონატში, რაც საკლუბო რეკორდია. ბუფონი დიდ კაპიტანს მხოლოდ 6 თამაშით ჩამორჩება – 472.
თუ იუვენტუსთან დადებული კონტრაქტის ზემოხსენებულ პუნქტს გავითვალისწინებთ, ჯიჯი, სავარაუდოდ, დელ პიეროსაც გაუსწრებს.

ყველაზე მეტი მატჩი სერია ა-სა და სერია ბ-ში იუვენტუსის მაისურით
კალჩოპოლის გახმაურებული სკანდალის გამო 2006 წლის ზაფხულში იუვე სერია ბ-ში დააქვეითეს.
იტალიის ყველაზე ტიტულანი კლუბი ბევრმა ვარსკვლავმა დატოვა, თუმცა რამდენიმე გუნდში დარჩა და იუვეს ქვედა ლიგაში გადაყვა. ასეთთა შორის იყვნენ დელ პიერო, ბუფონი და… პაველ ნედვედი, ვინც ამჟამად ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
სერია ა და ბ-ში ჩატარებული მატჩებით იუვეს რეკორდსმენი დელ პიეროა – 513 მატჩი, მაგრამ ბუფონი ძალიან ახლოსაა – 509. სხვათა შორის, ჯიჯი ფედერიკო ბალძარეტისთან და ალესანდრო ბირინდელისთან ერთად იუვეს რეკორდსმენია სერია ბ-ში ჩატარებული თამაშებით – 37.

ყველაზე მეტი მატჩი ევროპის საკლუბო ტურნირებში იუვენტუსის მაისურით
ტურინელთა 41 წლის ახალწვეული აქაც მხოლოდ დელ პიეროს ჩამორჩება.
ალესანდრომ, ვინც დღეს ტელეკომენტატორი გახლავთ, 130 საერთაშორისო შეხვედრაში მოირგო იუვეს მაისური, ბუფონის აქტივში კი 124 მატჩია.
იმის გათვალისწინებით, რომ ბუფონი შჩესნის სათადარიგო იქნება, დელ პიეროს ამ რეკორდის მიღწევა, სავარაუდოდ, გაუჭირდება, მაგრამ ნურაფერს გამოვრიცხავთ, მათ შორის პოლონელის ტრავმას.

ყველაზე მეტი უგოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგაში
მთავარი საკლუბო ტურნირის ისტორიაში მხოლოდ სამმა მეკარემ მოახერხა ჯგუფში ან ფლეი-ოფში 50 ან მეტ შეხვედრაში კარის „მშრალად“ შენახვა.
რეკორდსმენი ყველა ტიტულის მომგები იკერ კასილიასია, რომელმაც ეს 57-ჯერ შეძლო (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით 59-ჯერ). მეორე ამსტერდამის აიაქსის გენერალური მენეჯერი ედვინ ვან დერ სარია – 51 (53), ბუფონი კი მესამეა – 50 (საკვალიფიკაციოს ჩათვლით 53).
იუვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში იასპარეზებს და არაა გამორიცხული ბუფონსაც მიეცეს თავის გამოჩენის შანსი. იტალიელი უკეთეს შემთხვევაში ვან დერ სარს თუ გადაუსწრებს, აი კასილასის რეკორდის დამხობა კი 2019-20 წლების სეზონში ძალიან გაუჭირდება. მაგრამ შანსი, ცხადია არსებობს.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 ივლისი)

ka_GEGeorgian