კრიშტიანუ რონალდუს 93: რეკორდი რეკორდების მოლოდინში

კრიშტიანუ რონალდუსგან საოცრებები დიდი ხანია არ გვიკვირს, მაგრამ გუშინ ვინ მოთვლის მერამდენედ გაგვაოცა: ევრო 2020-ის საკვალიფიკაციოში პოკერი მიითვალა!

პორტუგალიელი საოცარი თავდამსხმელია და ეს ლიეტუვაშიც დაამტკიცა: მეკარე ერნესტას სეტკუსს მე-7 წუთზე პენალტით გაუტანა, შემდეგ კი თამაშიდან 3-ჯერ დაამწუხრა და თამაში პოკერით დაასრულა. ფერნანდუ სანტუშს 79-ე წუთზე რომ არ შეეცვალა, ვინ იცის, ეგებ პირველი სანაკრებო პენტა-თრიკიც (5 გოლი მატჩში) გაეფორმებინა.

ლიეტუვა აღმოჩნდა მე-40 გუნდი, რომელსაც რონიმ ნაკრების მაისურით გაუტანა. ამავდროულად, ლიეტუვა მეხუთეა, რომელსაც რონალდუმ 4 ბურთი შეუგდო. მსგავსი შედეგიანობით ის ნიდერლანდების, ესტონეთის, უნგრეთის და ფარერის კუნძულების წინააღმდეგაც გამოირჩევა, მათზე მეტი კი – 5 გოლი – მხოლოდ სომხეთს, შვედეთს, ლატვიას და ანდორას გაუტანა.

160 თამაშში 93 გოლით კრიშტიანუ პორტუგალიის ნაკრების რეკორდსმენია და ეს კარგა ხანია ცნობილია, ხსენებული სტატისტიკით კი სუპერფორვარდი მსოფლიოშიც გამორჩეულია – მატჩებს დროებით თავი დავანებოთ, 93 გოლით ის მხოლოდ ირანელ ალი დაეის ჩამორჩება.

აზიელმა 1993-2006 წლებში 149 სანაკრებო თამაშში 109-ჯერ გამოიჩინა თავი. რონალდუს შემართების, ფორმის და ტემპის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული პორტუგალიელი გაისადვე რეკორდსმენი გახდეს.

იუვენტუსის ლიდერის დებიუტი ქვეყნის პირველ გუნდში 2003 წლის 20 აგვისტოს შედგა, პირველი ბურთი კი 2004 წლის 12 ივნისს, ევრო 2004-ზე, ბერძნებთან 1:2 წაგებულ ჯგუფური ეტაპის მატჩში შეაგდო.

და რადგან ევროპირველობა ვახსენეთ, ერთ საინტერესო ფაქტსაც გეტყვით: 93 სანაკრებო გოლიდან რონალდუმ მხოლოდ 17 გაიტანა ამხანაგურებში, 76 კი ოფიციალურ თამაშებში შეაგდო!

მსოფლიოს 5-გზის საუკეთესო ფეხბურთელმა მსოფლიოს და ევროპის 4-4 ჩემპიონატზე ითამაშა, ასევე ფიფას კონფედერაციათა თასზე და ევროპის ერთა ლიგაზე. და მან 10-ვე ოფიციალური ტურნირის ეგიდით გაიტანა!

2014 წლის 5 მარტს, კამერუნთან შესრულებული დუბლით რონალდუ ნაკრების ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა – პედრო პაულეტას აჯობა, და მას შემდეგ რეკორდს აუმჯობესებს.

2014 წლის 14 ნოემბერს, ევრო 2016-ის საკვალიფიკაციოში სომხები დაამწუხრა და კონტინენტის პირველობის ეგიდით 23-ედ გამოიჩინა თავი, რითაც თურქი ჰაქან შუქურის და დანიელი იონ დალ თომასონის რეკორდი გააუმჯობესა. ეს მიღწევაც წლიდან წლამდე იზრდება.

2018 წლის 20 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკოსთან 1:0 მოგებულ მატჩში 85-ე სანაკრებო გოლი შეაგდო და ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ევროპელი გახდა – უნგრელ ლეგენდას, ფერენც პუშკაშს გადაასწრო.

გაისად ევროპის ჩემპიონატია, რონალდუს პორტუგალია ტიტულის დასაცავად ემზადება, კრიშტიანუ გუნდის კაპიტანი და მთავარმეგოლე გახლავთ, ევროპირველობა კი მას მორიგ რეკორდებს „უქადის“:

თუ ფინალურ ეტაპზე ითამაშა, გახდება პირველი, ვინც 5 ევროჩემპიონატზე იასპარეზებს. იკერ კასილიასი 5-ჯერ იყო განაცხადში, მაგრამ 2000 და 2016 წლებში არ უთამაშია;

ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი შეხვედრა – 21 – რონალდუმ ჩაატარა და საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს;

ტურნირის ეგიდით ყველაზე მეტი თამაში – 11 – მხოლოდ რონალდუს, სესკ ფაბრეგასს და ანდრეს ინიესტას მოუგიათ. შესაბამისად, რონალდუს ერთპიროვნული რეკორდსმენობა შეუძლია;

ევროჩემპიონატებზე გატანილი 9 გოლით ის მიშელ პლატინისთან ერთად ყველაზე შედეგიანია. ერთი გოლიც და ერთპიროვნულად დაწინაურდება;

შესარჩევ და ფინალურ ეტაპზე პორტუგალიელმა საერთო ჯამში 34-ჯერ გამოიჩინა თავი. ესეც რეკორდია და მატჩიდან მატჩამდე გაიზრდება;

და ბოლოს: მხოლოდ რონალდუმ გაიტანა ევროპის 4 ჩემპიონატზე გოლი და თუ ევრო 2020-ზეც შეაგდო, ამ დიდებულ მიღწევასაც გააუმჯობესებს.

P.S. ოქტომბერში რონალდუს პორტუგალია კიდევ 2 ოფიციალურ შეხვედრას გამართავს: 11-ში ლისაბონში დაუხვდება ლუქსემბურგს, 14-ში კი კიევს ესტუმრება ჯგუფის ლიდერ უკრაინასთან სათამაშოდ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 11 სექტემბერი)

ka_GEGeorgian