უდიდესი ლივერპული

ლივერპული ინგლისის ჩემპიონის ტიტულს 30 წელი ელოდა.
1989-90 წლების სეზონში ენფილდროუდელებმა მეთვრამეტედ იზეიმეს ჩემპიონობა და მას შემდეგ ინგლისის უძლიერესი კლუბისთვის განკუთვნილ თასს ბითლზის ქალაქში აღარ შეუვლია.
სეზონი სეზონს ცვლიდა, მწვრთნელი – მწვრთნელს, შემადგენლობაზე ხომ არაფერს ვამბობ, წლიდან წლამდე ბევრი სახელიანი და უფრო მეტი უსახელო ფეხბურთელი იხილეს ლივერპულის ფანებმა.
საკლუბო მუზეუმში არაერთი თასი გამოიფინა, მათ შორის 2-ჯერ ჩემპიონთა თასიც, მაგრამ პრემიერლიგის საუკეთესო კლუბისთვის განკუთვნილი ჯილდო მუდამ სხვას რჩებოდა.
ამ ზაფხულს კი როგორც იქნა გათენდა ნანატრი დღე – კოვიდ 19-ით ნატანჯი სეზონი, რომელიც იურგენ კლოპის გუნდმა ზღაპრულად დაიწყო, ლივერპულელებმა უძლიერესის თასით დაასრულეს. გულდასაწყვეტი მხოლოდ ის იყო, რომ წითლებმა ჩემპიონობა ცარიელ სტადიონზე იზეიმეს.
2020-21 წლების პრემიერლიგა მალე დაიწყება. ლივერპული ტიტულის დასაცავად ემზადება. კლოპმა და ჩემპიონმა ბიჭებმა უნდა დაამტკიცონ, რომ შეუდარებელი სვლა ნანატრი თასისკენ შემთხვევითი არ იყო.
ამ ლივერპულში ბევრი ძალიან კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ენფილდ როუდს არაერთი ზღაპრული მოთამაშე ახსოვს.
ყველა დროის ლივერპული, რომელსაც დღეს გთავაზობთ, ფანების შედგენილია.

მეკარე: რეი კლემენსი
18 წლის იყო და სკანტროპში თამაშობდა, როცა ბილ შენკლიმ ლივერპულში მიიწვია 1967 წელს. ერთ წელიწადში პირველი მეკარე გახდა!
ის დღემდე ლივერპულის ყველაზე ტიტულიანი გოლკიპერია: 5-ჯერ მოიგო ჩემპიონატი, თითოჯერ ასოციაციის და ლიგის თასები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 3-ჯერ აღმართა ჩემპიონთა თასი!
ლივერპული 1981 წელს დატოვა – ტოტენჰემ ჰოთსფურში გადაბარგდა. საერთო ჯამში კლუბის მაისური 665 ოფიციალურ მატჩში მოირგო და მათგან თითქმის ნახევარში, 314 შეხვედრაში გოლი არ გაუშვა!
უფროსი თაობის ქომაგებს გემახსოვრებათ: 1979 წლის 3 ოქტომბერს, თბილისში, თავსხმა წვიმაში დინამოსთან 0:3 წაგებულ მატჩში, ლივერპულის კარში სწორედ რეი კლემენსი იდგა.

მცველი: ფილ ნილი
პირველი, ვინც ლეგენდარულმა მწვრთნელმა ბობ პეისლიმ გადაიბირა, სწორედ ფილ ნილი გახლდათ. ეს 1974 წლის 9 ოქტომბერს მოხდა.
ახალწვეული მალევე დამკვიდრდა ძირითად შემადგენლობაში და 1985 წლის ჩათვლით, როცა გუნდს გამოეთხოვა, 650 მატჩში 59 გოლი დაუგროვდა.
ის ლივერპულის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა თასზე კლუბის პირველ 5 ფინალში ითამაშა – ნილმა თასი 4-ჯერ აღმართა!
საერთო ჯამში ლივერპულის მაისურით 23 ტიტული მოიგო და მედლების მხრივ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში მესამეა – მხოლოდ მანჩესტერელები რაიან გიგზი და პოლ სქოულზი უსწრებენ.

მცველი: ალან ჰანსენი
„ასეთი მცველის ცქერა ერთი სიამოვნებაა! სიმართლე გითხრათ, მასზე უკეთესი ბრიტანელი უკანახაზელი არასდროს მინახავს: ჩინებულად ხედავს მოედანს, ბრწყინვალე ტექნიკა აქვს და შეტევის დაწყებაც ეხერხება – ის შეუდარებელია“! – ამ სიტყვებით ბობ პეისლიმ ალან ჰანსენი დაახასიათა.
ლივერპულმა შოტლანდიელი 1977 წელს გადაიბირა 110 ათას გირვანქად. მან 1991 წლის ჩათვლით ითამაშა ენფილდ როუდზე და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ლივერპულის ყველა დროის სიმბოლურ გუნდში.
კლუბთან ერთად 22 ტიტული მოიგო, კარიერის დასრულების შემდეგ კი პოპულარული ტელეკომენტატორი გახდა.

მცველი: ჯეიმი კარაგერი
2012-13 წლების სეზონში ლივერპულური კარიერა 737 მატჩში გატანილი 5 გოლით დაასრულა. ამ შედეგით ის მხოლოდ იან კალაჰანს ჩამორჩება, ვის აქტივშიც 875 ოფიციალური თამაშია.
ბავშვობაში ქალაქის მეორე გუნდს, ევერტონს გულშემატკივრობდა, მაგრამ ლივერპულის სიმბოლოდ იქცა – გუნდის ვიცე-კაპიტანი და გულშემატკივართა ერთ-ერთი ფავორიტი გახლდათ.
17 სეზონი გაატარა ენფილდ როუდზე, 11 თასი აღმართა, მათ შორის ჩემპიონთა და უეფას თასები, 2-ჯერ მოიგო ასოციაციის თასი, მაგრამ პრემიერლიგის ოქროს მედალს ვერ შეწვდა.

მცველი: ემლინ ჰიუზი
ინგლისის ნაკრების და ლივერპულის ყოფილი კაპიტანი 2004 წელს გარდაიცვალა.
ორ წელიწადში გულშემატკივრებმა კლუბის ყველა დროის საუკეთესო 100 ფეხბურთელი დაასახელეს – ჰიუზმა მე-10 ადგილი დაიკავა.
1977 წელს, როცა გუნდმა პირველად მოიგო ჩემპიონთა თასი, კაპიტნის სამკლავური სწორედ მას ეკეთა (ისევე, როგორც 1978 წელს).
რეი კლემენსის დარად, ემლინ ჰიუზმაც 665-ჯერ ითამაშა ლივერპულში.

ნახევარმცველი: კევინ კიგანი
კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი 1977 წელს, კარიერის პიკზე მყოფმა დატოვა – დასავლეთგერმანულ ჰამბურგს მიაშურა.
კიგანმა ლივერპულში 6 სეზონი გაატარა და 323 ოფიციალურ მატჩში ზუსტად 100 გოლი შეაგდო.
ჰამბურგში გადასულმა 1978 და 1979 წლებში ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ფრანს ფუტბოლის „ოქროს ბურთი“ მოიგო.
1979 წლის შემოდგომით თბილისს სწორედ ჰამბურგის შემადგენლობაში ესტუმრა – დინამოს წინააღმდეგ ის ორივე მატჩში შეუდარებელი იყო.

ნახევარმცველი: სტივენ ჯერარდი
თუ ვინმეზე ითქმის ნაღდი ლივერპულელი, პირველ რიგში ჯერარდზე: თითქმის 30 წელი გაატარა კლუბში აკადემიიდან დაწყებული პირველი გუნდის კაპიტნობის ჩათვლით.
ერთხელაც ვერ გახდა ინგლისის ჩემპიონი, სამაგიეროდ, 3-ჯერ მოიგო ლიგის თასი, 2-2-ჯერ ასოციაციის, ინგლისის და ევროპის სუპერთასები, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა და უეფას თასი.
კარიერა 2015 წლის გაზაფხულზე დაასრულა 710 ოფიციალურ შეხვედრაში გატანილი 186 გოლით. ბევრი ინდივიდუალური ტიტული მოიგო, 2012 წელს პრემიერლიგის 20 წლის სიმბოლურ გუნდშიც დაასახელეს, 2017 წელს კი ინგლისური ფეხბურთის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
ბევრი ფიქრობს, რომ წლების შემდეგ იურგენ კლოპს სწორედ ის შეცვლის.

ნახევარმცველი: იან კალაჰანი
ყველაზე მეტი ოფიციალური მატჩი ლივერპულის მაისურით: ამპლუით ცენტრალურმა ნახევარმცველმა 1960-78 წლებში 857 თამაშში 68 გოლი გაიტანა!
ის 1966 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მომგები ინგლისის ნაკრების წევრი გახლდათ და მოგვიანებით, ფიფას სპეციალური გადაწყვეტილებით, ჩემპიონის ოქროს მედალიც გადაეცა.
მოიგო ყველა საკლუბო ტიტული ინგლისის ლიგის თასის გარდა.

თავდამსხმელი: კენი დალგლიში
ლეგენდარული ფეხბურთელი!
ლეგენდარული მწვრთნელი!
და მისტერ ლივერპული!
მერსისპირელებმა ის კევინ კიგანის შემცვლელად გადაიბირეს 1977 წელს გლაზგოს სელტიკიდან. დალგლიშმა მოლოდინი გაამართლა და გუნდის ისტორიას ოქროს ასოებით შემორჩა: 501 მატჩში გატანილ 169 გოლს თავი რომ დავანებოთ, ჯერ მოთამაშის და შემდეგ მწვრთნელის რანგში 26 ტიტული მოიპოვა!
1989-90 წლების სეზონში, როცა ლივერპულმა მე-18 საჩემპიონო თასი აღმართა, გუნდს სწორედ დალგლიში ხელმძღვანელობდა.

თავდამსხმელი: იან რაში
ყველაზე მეტი ოფიციალური გოლი ლივერპულის მაისურით – 346!
ყველაზე მეტი გოლი ინგლისის თასის ფინალში – 5!
ყველაზე მეტი გოლი ინგლისის ლიგის თასზე – 49!
ყველაზე მეტი გოლი ლივერპულის დერბიში – 25!
1995 წლის შემოდგომით ჭაღარაშეპარული რაში თბილისსაც ესტუმრა უელსის ნაკრების შემადგენლობაში, თუმცა მისი გუნდი ეროვნულზე საქართველოსთან 0:5 დამარცხდა.
კოპის საყვარელი ბომბარდირი, გოლეადორი, ლეგენდა!

თავდამსხმელი: როჯერ ჰანტი
1966 წელს ინგლისის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 60-იანი წლების ლივერპულის ნომერ პირველი თავდამსხმელი როჯერ ჰანტი იმ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო – 6 მატჩში 3 გოლი გაიტანა!
1967 წლის 7 ნოემბერს თავისი 242-ე ლივერპულური გოლი შეაგდო და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, კარიერა კი 492 მატჩში 285 გოლით დაასრულა.

ლაშა გოდუაძე (2020 წლის 27 აგვისტო)

ka_GEGeorgian