ფიფას რჩეულები: The Best 2019

ფიფამ მილანში, ლა სკალაში 2019 წლის რჩეულები დაასახელა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის საზეიმო ცერემონია პირველად გაიმართა სექტემბერში.

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი თასი The Best, რომელიც 2016 წლიდან თამაშდება, ბარსელონის არგენტინელ ლიდერ ლეო მესის ერგო, ქალთა შორის კი რჩეულად მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკის ნაკრების კაპიტანი მეგან რაპინო აღიარეს.

წლის მწვრთნელის ტიტულები ლივერპულის გერმანელმა თავკაცმა იურგენ კლოპმა და მსოფლიოს ჩემპიონი ამერიკის დამრიგებელმა ჯილ ელისმა მოიგეს, ხოლო წლის მეკარეებად ლივერპულის ბრაზილიელი კარის დარაჯი ალისონი და ნიდერლანდელი სარი ვან ვეენენდაალი დაასახელეს. ამ უკანასკნელმა წლის დასაყისი ლონდონის არსენალში გაატარა, ახლა კი მადრიდის ატლეტიკოშია.

ლეგენდარული უნგრელი გოლეადორის ფერენც პუშკაშის ჯილდო უნგრელმა დანიელ შორიმ მიიღო 16 თებერვალს, უნგრეთის ჩემპიონატში დებრეცენსა და ფერენცვაროშის მატჩში შეგდებული გოლისთვის.

ფიფას 2019 წლის სიმბოლური გუნდი ასე დაკომპლექტდა:
მეკარე: ალისონი (ლივერპული; ბრაზილია)
დაცვა: სერხიო რამოსი (რეალი; ესპანეთი), მატიის დე ლიხტი (აიაქსი/იუვენტუსი; ნიდერლანდები), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული; ნიდერლანდები), მარსელო (რეალი; ბრაზილია)
ნახევარდაცვა: ფრენკი დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა; ნიდერლანდები), ედენ აზარი (ჩელსი/რეალი; ბელგია), ლუკა მოდრიჩი (რეალი; ხორვატია)
თავდასხმა: ლეო მესი (ბარსელონა; არგენტინა), კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი; პორტუგალია), კილიან მბაპე (პსჟ; საფრანგეთი)

ფიფას გალა-დაჯილდოების ერთ-ერთი წამყვანი გამორჩეული ნიდერლნდელი მოთამაშე, ევროპის 1988 წლის ჩემპიონი, ფრანს ფუტბოლის 1987 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელი რუუდ გულიტი გახლდათ.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 24 სექტემბერი)

ka_GEGeorgian