ტურ დე ფრანსი 2019 – ლეგენდები: მიგელ ინდურაინი

ტურ დე ფრანსის ლეგენდებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ველომრბოლს, 80-90-იანი წლების ვარსკვლავს მიგელ ინდურაინს.

დიდებულ ესპანელს ფიზიკური მონაცემების გამო – სიმაღლე 186სმ, წონა 80კგ – დიდი მიგი შეარქვეს. ველოსპორტში ასეთი გაბარიტების მრბოლები იშვიათად აღწევენ წარმატებას, მაგრამ ინდურაინი გამონაკლისი გახლდათ.

18 წლისამ ესპანეთის საგზატკეცილო ჩემპიონატი მოიგო. ის ყველაზე პატარა შეიქნა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია, 20 წლისა კი უკვე ვუელტაზე ლიდერობდა, რაც მანამდე არასდროს მომხდარა.

პროფესიონალის კარიერა ინდურაინმა 1984 წლის შემოდგომით, ლოს ანჯელესის ოლიმპიადის შემდეგ დაიწყო. იმავე წლის სექტემბერში პირველი გამარჯვებაც იზეიმა – ავენირის ტურის ერთ-ერთი ეტაპი დაასრულა პირველმა.

გრან ტურებში მისი დებიუტი 1985 წელს შედგა ტურ დე ფრანსზე, თუმცა ფინიშამდე ვერ მივიდა, იმავე წლის ვუელტაზე კი 84-ე იყო.

1990 წლამდე მიგელ ინდურაინი ძირითადად ესპანეთის ტურებში ასპარეზობდა, სადაც სხვადასხვა რბოლების გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი დაიწყო და კარგა ხანს ვერავინ შეაჩერა: 1991, 1992, 1993, 1994 და 1995 წლებში ზედიზედ 5-ჯერ გაიმარჯვა ტურ დე ფრანსზე, რაც არც მანამდე მომხდარა და არც მას შემდეგ. მართალია ამერიკელმა ლენს არმსტრონგმა ზედიზედ 7-ჯერ დაასრულა ტური პირველ ადგილზე, მაგრამ მას ცნობილი დოპინგ-სკანდალის შემდეგ ყველა ჩემპიონობა ჩამოართვეს.

1992 და 1993 წლებში ინდურაინმა ჯირო დ’იტალიაც მოიგო. ის ერთ-ერთია იმ შვიდიდან, რომელმაც ერთ სეზონში შეძლო იტალიასა და საფრანგეთში გამარჯვება.

1996 წელს ატლანტის ოლიმპიადაზე პირველად იასპარეზეს პროფესიონალმა ველომრბოლებმა. ინდურაინმა საგზატკეცილო რბოლაში ოქროს მედალი მოიგო და კარიერაც დაასრულა.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 11 ივლისი)

ka_GEGeorgian