ენგორდანი: თბილისის დინამოს პირველი ევრომეტოქე
საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი თბილისის დინამო ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ანდორის ენგორდანის დაუპირისპირდება. ამ გუნდმა დინამოსთან თამაში გუშინ, სან მარინოს ლა ფიორიტასთან 2:1 გამარჯვებით გაინაღდა.
პირველ შეხვედრას 11 ივლისს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა უმასპინძლებს, საპასუხი თამაში კი ერთ კვირაში გაიმართება მეტოქის მოედანზე.
ევროპის საკლუბო ტურნირებში ასპარეზობის განმავლობაში, 1972 წლიდან, დინამოს თითქმის ყველა ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ უთამაშია, მაგრამ ანდორელებს პირველად დაუპირისპირდება.
ენგორდანისთვის კი დინამო მხოლოდ მე-4 მეტოქეა – ანდორული კლუბი 2018 წლის ზაფხულში გამოჩნდა ევროპის საკლუბო ტურნირებში.
აჭარასპორტი დინამოელთა ნაკლებადცნობილი მეტოქის შესახებ 7 საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ:
1: კლუბი 1980 წლის 2 ოქტომბერს დაარსდა როგორც ენგორდანის სპორტული კავშირის საფეხბურთო გუნდი – UEEFC. დამაარსებლები იყვნენ მანუელ პუერტა მარტინი, მანუელ ვარელა ვალესი და ხოსეპ როდრიგეს სანჩესი. 1981 წლის 28 იანვარს კლუბის ოფიციალური სახელწოდება გახდა ენგორდანი.
2: დაარსებიდან 21 წლის შემდეგ, 2001 წელს ენგორდანი ანდორის ფეხბურთის ფედერაციაში გაწევრიანდა და II დივიზიონში ჩაერთო, 2003 წელს კი I დივიზიონის საგზური მოიპოვა.
3: 2015 და 2016 წლებში ენგორდანი ერთ-ერთ ესპანურ საფეხბურთო აკადემიასთან Alwaysoccer-თან თანამშრომლობდა და ფეხბურთელებს სტაჟირებაზე აგზავნიდა.
4: ენგორდანი საკალათბურთო კლუბსაც აერთიანებს. 2011, 2012, 2014 და 2015 წლებში ენგორდანის კალათბურთელებმა ანდორის ჩემპიონატი მოიგეს, 2012 წელს კი თასი.
5: საფეხბურთო ენგორდანის ერთადერთი ტიტული 2019 წელს მოგებული კონსტიტუციის თასია.
6: ენგორდანის მეტსახელია მებრძოლები (Guerrers).
7: 2018-19 წლების ევროსეზონში, ევროპალიგის შესარჩევ წრეში ენგორდანიმ სან მარინოს ფოლორე 3:2 დაამარცხა (2:1, 1:1), I საკვალიფიკაციოში კი ყაზახეთის კაირატთან 1:10 წააგო (0:3, 1:7). დინამოსთან პაექრობის უფლება ანდორელებმა წელსაც სანმარინოელებთან გამარჯვებით მოიპოვეს – 2:1 და 1:0 ლა ფიორიტასთან.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 ივლისი)