ფედერერი ასიანთა კლუბში: მეტოქეები როჯერ იხსენებენ

„გილოცავ ასიანთა კლუბში შემობრძანებას! ბოლოს და ბოლოს მარტო აღარ ვარ, ცოტა არ იყოს მოწყენილი ვიყავი“, – ასე მიულოცა ლეგენდარულმა ამერიკელმა ჯიმი კონორსმა როჯერ ფედერერს დუბაის ღია ჩემპიონატში გამარჯვება.

შვეიცარიელმა სუპერჩოგბურთელმა დუბაის მთავარი პრიზი – ვერცხლის აფროსანი მერვედ აღმართა, კარიერაში კი საიუბილეო, მე-100 ტიტული მოიგო. ახლა ფედერერი მხოლოდ კონორსს ჩამორჩება, რომელმაც კარიერა 109 გამარჯვებით დაასრულა.

„პირველ წლებში მას იოლად ამარცხებდნენ. ის არ იყო რთული მოწინააღმდეგე, თუმცა მერე, როგორც ჩანს, გადაწყვიტა რომ ყველაფერი გაეკეთებინა წარმატებისთვის და მიაღწია კიდეც მიზანს. რა თქმა უნდა ნიჭიერი იყო, თუმცა განა ცოტა იმედისმომცემი მოთამაშე გვინახავს“? – ამბობს ჟულიენ ბუტერი, რომელსაც როჯერმა 2001 წელს, მილანის საერთაშორისო ტურნირის ფინალში მოუგო. შვეიცარიელის კარიერაში ის პირველი დიდი ტრიუმფი იყო.

ბუტერი ამბობს: „ვფიქრობდი რომ როჯერი აქამდე ვერ გაძლებდა, 2016-ის ტრავმამ ძალიან დიდი დაღი დაამჩნია მის თამაშს, თუმცა დიდებულად დაბრუნდა. გადამწყვეტი, ვფიქრობ, ლუბიჩიჩთან თანამშრომლობა აღმოჩნდა – ივანმა მის თამაშზე დიდი გავლენა მოახდინა და ბოლოდროინდელი წარმატებები ამით თუ აიხსნება. საერთო ჯამში, ვთვლი, რომ როჯერი მოვლენაა. ის ყოველმხრივ გამორჩეულია“!

ბუტერთან გამარჯვებამდე ფედერერმა 2-ჯერ ითამაშა ATP-ის ტურნირის ფინალში, თუმცა ორივე წააგო: 2000 წელს მარსელში თანამემამულე მარკ როსესთან დამარცხდა, იმავე წლის მიწურულს კი მშობლიურ ბაზელში დათმო ფინალი თომას ენკვისტთან.

2003 წლამდე ის საუკეთესოთა შორის იმკვიდრებდა ადგილს, უიმბლდონზე პირველი ტრიუმფის შემდეგ კი ტრიუმფით გაიკვალა გზა მწვერვალისაკენ.

უიმბლდონზე ტრიუმფს მარსელში, დუბაიში, მიუნხენსა და ჰალეში გამარჯვება უსწრებდა. წლის მე-3 დიდი სლემის გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიელმა მარკ ფილიპუსისი დაამარცხა.

„გულახდილად ვიტყვი: მეგონა, რომ იმ ფინალს მოვიგებდი. ჯერ ერთი რომ ბალახი ჩემთვის საუკეთესო საფარი იყო, მეორეც – როჯერს ჰამბურგის ტურნირის 1/8-ფინალში შევხვდი და მოვუგე. იმედიანად ვიყავი, თუმცა ისიც კარგად ვიცოდი, რომ ფედერერი ტურის ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ – თვიდან თვემდე აუმჯობესებდა თამაშს“, – იხსენებს ფილიპუსისი – „პირველი სეტი გადამწყვეტი აღმოჩნდა. რომ მომეგო, აღარ გამიჭირდებოდა გამარჯვება, მაგრამ ვერ შევძელი. გულდაწყვეტილი ვიყავი. ვიცოდი, რომ ძლიერ, იმედისმომცემ მეტოქესთან დავმარცხდი, მაგრამ ვერ ვიფიქრებდი, ფედერერი ამდენს თუ მიაღწევდა“.

2004-06 წლებში შვეიცარიელი ATP-ის ტურში ლამის დაუმარცხებელი გახლდათ. 2004 და 2005 წელს 11-11 ტურნირი მოიგო, 2006-ში კი 12-ჯერ გაიმარჯვა! 3 წელიწადში მან ზედიზედ მოიგო უიმბლდონი და ამერიკის ღია პირველობა, ასევე ინდიან უელსის მასტერსი და ჰალეს ტურნირი. და რაც მთავარია, რეიტინგის სათავეში ახლოს არავის იკარებდა!

„რომ არა რაფა ნადალი, როჯერი 2009-მდე შეასრულებდა კარიერულ დიდ სლემს. მიუხედავად იმისა, რომ როლან გროზე გამარჯვება დაუგვიანდა, საფრანგეთში ის შთამბეჭდავი იყო. ფედერერი ნადალის ფონზე ჩანს თიხაზე სუსტ მოთამაშედ, თუმცა სხვა მხრივ ძალიან ძლიერი რომ არის, ყველამ იცის. რა მომწონს მასში? კომბინაციური თამაში. ასაკი ემატება, მაგრამ ძველებურად ოსტატურია. დუბაიშიც ასე არ იყო? რა გათამაშებები მოუგო ჩორიჩს და ციციპასს“! – ამბობს ტომი ჰაასი. 2009 წელს, როლან გაროს მე-4 წრეში ჰაასი როჯერს 2:0-ს იგებდა, თუმცა მაინც დამარცხდა.

2016 წელს ფედერერმა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა სეზონი. ის გულდაწყვეტილი იყო რიოს ოლიმპიადაზე რომ ვერ იასპარეზა.

ითამაშებს თუ არა გაისად, ტოკიოს ოლიმპიადაზე? დუბაიში ტრიუმფის შემდეგ შვეიცარიელი არაფერს გამორიცხავს, თუმცა არც ადასტურებს:

„წარმოდგენა არ მაქვს რას ვიზამ. იქამდე დიდი დროა და მიჯობს, მომავალ შეჯიბრზე ვიფიქრო, ვიდრე საგაისოზე. ოლიმპიადა დიდებულია, თუმცა ძალიან შორსაა. ისიც კი არ ვიცი ვიქნები თუ არა ჩოგბურთში გაისად. ზოგადად, ყველაფერს მარტივად ვუყურებ: თუ ვითამაშებ, გამიხარდება, მაგრამ თუ ვერ შევძელი, ეს ტრაგედია არ იქნება. ერთი სიტყვით, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია“.

 

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 5 მარტი)

ka_GEGeorgian