იტალია 9:1 სომხეთი – რეკორდები და 10 საინტერესო ფაქტი
1: რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით იტალიის ნაკრებმა ზედიზედ მე-10 ოფიციალური მატჩი მოიგო, ამერიკასთან ამხანაგურის ჩათვლით კი მიჯრით მე-11. ორივე შედეგი სარეკორდოა.
2: იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევში ყველა, ათივე მატჩი მოიგო! გუნდის ისტორიაში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა.
3: 9 გოლი ერთ მატჩში იტალიელებმა მესამედ გაიტანეს, 1948 წლის შემდეგ კი პირველად. 71 წლის წინ აპენინელებმა ამერიკელებს 9:0 სძლიეს და ის გამარჯვება დღემდე სარეკორდოა გუნდის ისტორიაში. აძურამ ასევე 9 გოლი გაუტანა საფრანგეთს შორეულ 1920 წელს, ამხანაგურ მატჩში – 9:0, მეტი გოლი კი გუნდმა ერთადერთხელ, 1928 წლის ივნისში შეაგდო, როცა ამსტერდამის ოლიმპიადაზე 11:3 სძლია ეგვიპტეს.
4: იტალიამ ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ტურნირი 37 გატანილი და 4 გაშვებული გოლით დაასრულა. ასევე 37 ბურთი გაიტანა ინგლისმაც, თუმცა 8 შეხვედრაში. გარეთ საუთგეიტის გუნდმა 8 მატჩში 6 გოლი გაუშვა.
5: სკუადრა აძურას ბურთების შეფარდება – +33, საუკეთესოა მთელ საკვალიფიკაციო ტურნირში.
6: 9 გოლი 7 ფეხბურთელის აქტივშია, რაც სკუადრა აძურას ახალი რეკორდია. შეგახსენებთ: ჩირო იმობილემ და ნიკოლო ძანიოლომ დუბლი შეასრულეს, თითო გოლი კი ნიკოლო ბარელამ, ალესიო რომანიოლიმ, ჟორჟინიომ, რიკარდო ორსოლინიმ და ფედერიკო კიეზამ გაიტანეს.
7: იტალიელთა კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ 95-ედ ითამაშა ნაკრებში და ყველაზე გამოცდილ იტალიელთა შორის მე-9 ადგილზე გადაინაცვლა – ჯაჩინტო ფაკეტი ჩამოიტოვა. მის წინ, მე-8 ადგილზე ჯანლუკა ძამბროტაა 98 სანაკრებო მატჩით.
8: ნიკოლო ძანიოლო რომას ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ნაკრების მაისურით გაიტანა. ის 20 წლის და 139 დღის გახლავთ და მან დანიელე დე როსის მიღწევა გააუმჯობესა. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი 21 წლის და 42 დღის გახლდათ, როცა პირველი სანაკრებო გოლი მიითვალა.
9: სომხეთის ნაკრების პირველი სტუმრობა იტალიაში სასახელოდ დასრულდა: 2013 წლის 10 ოქტომბერს, ნეაპოლში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ფრედ 2:2 დამთავრდა. ეს ერთადერთი ყაიმია მეტოქეთა პაექრობის ისტორიაში – დანარჩენი 3 მატჩი იტალიამ მოიგო.
10: სომხეთის ნაკრები ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხდა. აქამდე სომხების ანტირეკორდი 0:7 იყო 1997 წლის 30 მარტს, თბილისში, საქართველოსთან.
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 19 ნოემბერი)