ჯირო დ’იტალია: ეკვადორელმა ისტორია დაწერა

რიჩარდ კარაპასი პირველი ეკვადორელია, ვინც ჯირო დ’იტალია მოიგო! ამავდროულად, მოვისტარის ლიდერი იტალიის ტურის 102-წლიან ისტორიაში მხოლოდ მეორე სამხრეთამერიკელია, რომელმაც შეჯიბრი I ადგილზე დაასრულა: 2014 წელს ჯირო კოლუმბიელი ნაირო კუინტანას ტრიუმფით დამთავრდა.

21 ეტაპად დაყოფილი 3 546.8 კილომეტრის დაძლევას კარაპასმა საერთო ჯამში 90:01.47 საათი მოანდომა. II ადგილზე გასული იტალიელი ვინჩენცო ნიბალი (ბაჰრეინ-მერიდა) გამარჯვებულს 1.05 წუთით ჩამორჩა, ჯამბო-ვისმას სლოვენიელი ვარსკვლავი პრიმოჟ როგლიჩი კი III იყო – +2.30 წუთი. აქვე გეტყვით, რომ ნიბალიმ გრან ტურებზე მეთერთმეტედ შეძლო კვარცხლბეკზე დადგომა, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია სტორიაში.

ქულათა ჩათვლაში ბორა-ჰენსგროჰის გერმანელმა ლიდერმა პასკალ აკერმანმა გაიმარჯვა – 226; მთის მეფის ლურჯი მაისური ტრეკ-სეგაფრედოს წარმომადგენელ ჯულიო ჩიკონეს ერგო (267 ქულა), ახალგაზრდებს შორის კი ტიტული კოლუმბიელმა მიგელ ანხელ ლოპესმა მოიგო.

„ბედნიერი ვარ! საოცარი გამარჯვება მოვიპოვე და ზუსტად ვიცი, რას გავაკეთებ უახლოეს დღეებში: მეუღლესთან და შვილებთან ერთად დავისვენებ, თუმცა მანამდე მშობლებს დავურეკავ ეკვადორში“, – განაცხადა ჯირო დ’იტალიას ეკვადორელმა ტრიუმფატორმა და დასძინა: „ახლა რომ ვფიქრობ, გადამწყვეტი ის 30-წამიანი უპირატესობა გამოდგა, მე-15 ეტაპის შემდეგ რომ მოვიპოვე. მას შემდეგ ინტერვალს ვაკონტროლებდი, რაც დამეხმარა კიდეც გამარჯვებაში. გრან ტურის მოგება ჩემი ოცნება იყო და მიხარია, რომ ეს შევძელი“.

2010 წლიდან ჯირო დ’იტალიას მომგები ქვეყნების ჩამონათვალი ხუთით გაიზარდა: 2012 წელს კანადელმა რაიდერ ჰესიედალმა იმარჯვა, 2014 წელს კოლუმბიელმა ნაირო კუინტანამ, 2017 წელს ნიდერლანდელმა ტომ დუმულინმა, შარშან ბრიტანელმა კრის ფრუმმა და წელს ეკვადორელმა ველომრბოლმა.

წლის მეორე გრან ტური – ტურ დე ფრანსი 6 ივლისს დაიწყება და 28 ივლისს დასრულდება.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 3 ივნისი)

ka_GEGeorgian