კახი კახიაშვილი: ჩვენ შორს მიმავალი გეგმები გვაქვს
დღეს ქობულეთი მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას უმასპინძლებს. ღონისძიება სასტუმრო ჯორჯიან პალასში გაიმართება.
2017 წლის დარად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ – IWF – 2018 წლის ათლეტებად ლაშა ტალახაძე და ესპანელი ლიდია ვალენტინი აღიარა. ორივე მათგანმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა პრესტიჟული ჯილდო!
დღევანდელ მიღებას ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის მესვეურები, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მაღალჩინოსნები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა, აჭარის მთავრობა, სახელოვანი ძალოსნები და ქართული სპორტის ვარსკვლავები დაესწრებიან.
ძალოსნობის ფედერაციის მესვეურები და მათ შორის პრეზიდენტი, 3-გზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი რამდენიმე დღეა ბათუმშია და IWF-ის წლის დაჯილდოების საორგანიზაციო კომიტეტს ხელმძღვანელობს.
კახიაშვილის მმართველობის პერიოდში ძალოსნობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობა გახდა: უამრავი მედალი ოლიმპიურ, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ასაკობრივ ტურნირებზე… სხვადასხვა ქალაქში გახსნილი არაერთი დარბაზი… თბილისსა და ბათუმში გამართული ევროპის ორი და მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი…
ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს დღეს ქობულეთში შევხვდით:
…პირველ რიგში ვულოცავ ლაშას, ასევე ლიდიას ამ წარმატებას! ეს დიდი აღიარებაა და მინდა ორივეს მომავალშიც გამარჯვებები ვუსურვო. აქვე შევნიშნავ, რომ ჩემი აზრით, ლიდია ვალენტინის აღიარება, გარკვეულწილად, ქართველი გულშემატკივრების დამსახურებაცაა.
…მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია მეორედ ტარდება საქართველოში. შარშან IWF-ს თბილისში ვუმასპინძლეთ, დღეს ქობულეთში ვართ. ეს ყველაფერი საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აღიარებასა და დაფასებაზე მიუთითებს, რაც გვეამაყება. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით ამდენს ვერ მივაღწევდით: საერთაშორისო ფედერაციის მხრიდან ჩვენი აღიარება ძალოსნობის ფედერაციის პარტნიორების, სპონსორების და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს გვერდზე დგომის დაფასებაცაა! ქედმაღლობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენმა ფედერაციამ ბოლო წლებში მართლაც არაერთი კარგი პროექტი განახორციელა, დიდ საერთაშორისო ტურნირებს ვუმასპინძლეთ, ეს ყველაფერი კი ჩვენი მხარდამჭერების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. მსურს თითოეულ მათგანს გულითადი მადლობა გადავუხადო!
…ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ახალხანს, ბათუმში გამართული ევროპირველობა უმაღლეს დონეზე შეაფასა. ბატონმა ტომაშ აიანმა, IWF-ის პრეზიდენტმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველებს მსგავსი ღონისძიებების საუკეთესოდ მიღება გვეხერხება და მაგალითად შარშანდელი დაჯილდოებაც გაიხსენა. ბატონი აიანი 40 წელზე მეტია საერთაშორისო ფედერაციას ხელმძღვანელობს, ბევრი რამ უნახავს და სწორედ ამიტომ მისი სიტყვები ჩვენთვის საამაყოა. ლაშას და ლიდიას კიდევ ერთხელ საქართველოში დაფასება პრეზიდენტის ხსენებულმა შეფასებამაც განაპირობა.
…რაც შეეხება მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონატს, ჩვენ მცირე ხნის წინ დავადასტურეთ ამ ტურნირის მიღების სურვილი, მაგრამ IWF-ის საბოლოო გადაწყვეტილებას დაველოდებით. შემიძლია ვთქვა, რომ თუ ეს პატივი წილად გვხვდა, ყველაფერი უმაღლეს დონეზე იქნება ორგანიზებული და ცხადია, ნაცნობ მხარდამჭერებს დავეყრდნობით, მათ შორის სახელმწიფოს. უკვე შევხვდი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მესვეურებს და მათგან სიტყვიერი თანხმობა მივიღე. თუ მოხდა და მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება გადაწყდა, ის, დიდი ალბათობით, კვლავ ბათუმში ჩატარდება.
…ცნობილია, რომ ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობა შემომთავაზეს. ვიფიქრე და მივიღე ეს გამოწვევა – საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მომცა. მაგრამ კანდიდატურა ოფიციალურად ჯერ არ დამიყენებია: უახლოეს მომავალში შევხვდები სხვადასხვა საინიციატივო ჯგუფებს, გავეცნობი მათ ხედვებს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავწყვეტ, ვიყარო თუ არა კენჭი. სავარაუდოდ, ნოემბერში ზუსტად მეცოდინება სამომავლო გეგმების შესახებ. ჩემი სურვილი ერთია: აღმოიფხვრას ის ნაკლოვანებები, რაც ახლა არსებობს. სხვა თუ არაფერი, ეს ორგანიზაცია 48 ქვეყნის ფედერაციას აერთიანებს და ის საერთო იდეებითა და ხედვებით უნდა ხელმძღვანელობდეს.
ლაშა გოდუაძე ქობულეთიდან (www.adjarasport.com; 2019 წლის 20 მაისი)