კონტემ ჩელსი დაამარცხა

ანტონიო კონტეს და ჩელსის სასამართლო დავა იტალიელი მწვრთნელის გამარჯვებით დასრულდა. მოსამართლე ენდრიუ გლენიმ საქმის განხილვა ლონდონში ახლახანს დაასრულა.

კონტე 2016 წელს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დაინიშნა ჩელსის მთავარ მწვრთნელად. პირველ სეზონში მან პრემიერლიგა მოიგო, 2017-18 წლების სეზონში – ასოციაციის თასი. 2016 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ის ზედიზედ 3-ჯერ დაასახელეს პრემიერლიგის თვის მწვრთნელად, 2016-17 წლების სეზონში კი პრემიერლიგის საუკეთესო სპეციალისტის ტიტულით დააჯილდოვეს.

ამ წარმატებების მიუხედავად, 2018 წლის გაზაფხულზე, ხელშეკრულების ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა ის მოულოდნელად დაითხოვა.

კონტემ სასამართლოში იჩივლა და ახლახანს გავრცელებული ცნობით, საქმე მოიგო. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ის და მისი სამწვრთნელო შტაბი ჩელსისგან 26.6 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ, ხოლო „უსამართლო მოპყრობისთვის“ აბრამოვიჩი უშუალოდ ანტონიო კონტეს დამატებით 85 206 სტერლინგს გადაუხდის.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 13 იანვარი)

ka_GEGeorgian