ისტორიაში პირველად: ზამთრის ოლიმპიადის ქართული მედალი!

ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად საქართველოს ნაკრებმა მედალი მოიპოვა!

ფიგურულ ციგურაობაში ლუკა ბერულავას და ალინა ბუტაევას წყვილმა მოკლე პროგრამაში 59.14 ქულით მე-3 შედეგი დაიმსახურა, თავისუფალი პროგრამისთვის 98.15 ქულა მიიღო და ჯამში 157.29 ქულა დააგროვა, რაც ბრინჯაოს მედლისთვის საკმარისი გამოდგა!

ლოზანაში მსოფლიოს 8 საუკეთესო წყვილი გამოდიოდა. მათ შესარჩევ ტურნირებზე, მძაფრი კონკურენციის პირობებში მოიპოვეს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები. ცხადია განსაკუთრებით კონკურენტულ გარემოში წარიმართა უშუალოდ ოლიმპიური ტურნირი, რომელიც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ღირსეულად განვლეს, მაღალი ოსტატობა და ბრძოლის უნარი გამოავლინეს და ისტორიულ შედეგს მიაღწიეს.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა მოციგურავეებმა სოლიდური უპირატესობით აჯობეს კანადელ, ამერიკელ, ჩინელ, უკრაინელ და გერმანელ კონკურენტებს. კვარცხლბეკის პირველი და მეორე საფეხური რუსებს ერგოთ.

საქართველოს ნაკრებისთვის აქამდე წარმატებული იყო ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, სადაც ჩვენი ოლიმპიელების მონაგარი 1 ოქროს, 6 ვერცხლს და 3 ბრინჯაოს მედალს შეადგენს.

ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2020 წლის 13 იანვარი)

ka_GEGeorgian