Wings for Life 2019: კახეთის ყველა ჩემპიონი ვაჟი
5 მაისს საქართველოში მეექვსედ გაიმართება საქველმოქმედო რბენა Wings for Life World Run. სახალისო გარბენი ტრადიციულად კახეთში, ლოპოტას ხეობაში გაიმართება.
დაარსების დღიდან Wings for Life World Run სულ უფრო პოპულარული ხდება. ორგანიზატორთა თქმით, კახეთის გარბენისთვის უკვე გაიარა რეგისტრაცია 6 ათასმა მოყვარულმა.
2014 წლიდან დღემდე ასპარეზობა 4-მა მოყვარულმა მოიგო. 2 ქართველია, ორიც უცხოელი. მასპინძელთაგან ანატოლი ოლეინიკოვმა 2014 და 2015 წლებში გაიმარჯვა, გიორგი შეკრელიძემ კი 2017 წელს.
რაც შეეხება უცხოელებს, მოლდოველი ლივიუ კროიტორუ საუკეთესო იყო 2016 წელს, რუსმა ალექსანდრ ჩებურკინმა კი შარშან იპირველა. კახეთი რბენის გამარჯვებულთაგან ყველაზე დიდი დისტანცია – 74.69 კილომეტრი – სწორედ ჩებურკინმა დაფარა, შეკრელიძეს კი ჩემპიონობისთვის 35.43 კილომეტრი ეყო.
Wings for Life საქველმოქმედო გარბენია და რეგისტრაციიდან შესული თანხა მთლიანად ირიცხება სპეციალურ ფონდში, რომელიც სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ახორციელებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
ღონისძიებას ინიციატორი ავსტრიელი ჰაინც კინიგადნერი გახლავთ, მსოფლიოს 1984 და 1985 წლების ჩემპიონი მოტოკროსში. 2003 წელს მისი შვილი მძიმედ დაშავდა და მას შემდეგ ეტლსაა მიჯაჭვული. კინიგადნერმა საქველმოქმედო ფონდი Wings for Life კომპანია რედ ბულის მფლობელ დიტრიხ მატეშიცთან ერთად დააარსა.
Wings for Life კახეთის ყველა გამარჯვებული:
2014: ანატოლი ოლეინიკოვი – 52.65კმ
2015: ანატოლი ოლეინიკოვი – 57.39კმ
2016: ლივიუ კროიტორუ (მოლდოვა) – 56.02კმ
2017: გიორგი შეკრელიძე – 35.43კმ
2018: ალექსანდრ ჩებურკინი (რუსეთი) – 74.69კმ
ლაშა გოდუაძე (www.adjarasport.com; 2019 წლის 1 მაისი)